თამარ შუკვანი
18.05.2020

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. ოპოციონერი ლიდერების მოთხოვნა კი კვლავ უცვლელია, - თუ რურუა არ გათავისუფლდება, „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" საკონსიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ მმართველ გუნდს აქვს რესურსი, მათი მხარდაჭერის გარეშე მიიღოს ცვლილებები.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციური სპექტრის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას გულისხმობდა, განხორციელდა, - 15 მაისს პრეზიდენტმა ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალების აქტი გამოსცა და მათ იმავე საღამოს დატოვეს საპატიმრო.

რაც შეეხება გიორგი რურუას საქმეს, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა. რურუას ადვოკატები მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ, პროკურორი კი აცხადებდა, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის ახალი გარემოება არ არსებობს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" ლიდერები აღნიშნავენ, გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად.

სალომე სამადაშვილმა და ელენე ხოშტარიამ გიორგი რურუას სასამართლო პროცესის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ სასამართლომ დღეს მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების ფორმა არ შეუცვალა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ვიდრე გიორგი რურუა საპატიმროში რჩება, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერს. მისივე თქმით, პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე გრძელდება.

„8 მარტის შეთანხმების შესრულება სცდება კონკრეტულ პიროვნებებს, კონკრეტულ ოპოზიციურ ფიგურებს, ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა შევიდეთ საარჩევნო რეფორმისა და პოლიტიკური ნორმალიზების ეტაპზე," - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მმართელ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ სასამართლო თავის გადაწყვეტილებების მიღებაში დამოუკიდებელია. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ამბობს, ამ ეტაპზე, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და გიორგი რურუას მიმართ განაჩენი არ დამდგარა.

ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, რომ ხელისუფლებას რურუას გათავისუფლება აუცილებლად მოუწევს და მმართველ გუნდს ურჩევს, საკონსტიტუციო ცვლილება „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" მხარდაჭერის გარეშე მიიღოს, შემდეგ კი რურუა პატიმრობიდან გაათავისუფლოს - ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის" შედარებით მომგებიანია.

„ცვლილებისთვის საჭიროა 113 ხმა, - რესურსი იმისა, რომ ხელისუფლებამ გაიტანოს საკანონდებლო ცვლილებები, არსებობს. გადაწყვეტილება, რომელიც უგულავასთან და ოქრუაშვილთან იყო მიღებული, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ზეწოლით მოხდა და არა იმით, რომ ოპოზიცია რაღაცას აპროტესტებდა. ეს არის ქართული რეალობა, რომელიც არ არის დღევანდელი, 30 წელია ასე ვცვლით ხელისუფლებას, - დასავლეთის ჩარევით და ღია ან ფარული მოლაპარაკებების დროს.

„ამ შემთხვევაში, რურუასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია რა პოზიციას დაიჭერს დასავლეთი, - იქნება ისეთივე პრინციპული, როგორც უგულავას და ოქრუაშვილის მიმართებაში იყო, თუ არა.

„რადგან ხელისუფლებას ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, შესაძლოა ასეთი სცენარიც განვითარდეს, - საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს თვითონ და ამის შემდეგ, გაათავისუფლოს რურუა, ან აღკვეთის ღონისძიება შეუცვალოს. საბოლოო ჯამში, რურუას გათავისუფლება ხელისუფლებას მოუწევს, მაგრამ ამ ვითარებაში, ეს იქნება მნიშენლოვანი" - თქვა ძაბირაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (18.05.2020)
განგსტერების შეწყალებით და კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებლებით საქართველო დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყანას ვერ ააშენებს. ადრეც ვთქვი, კრიმინალი, კომპრომენტირებული პოლიტიკოსები ადვილი სამიზნეებია უცხო ქვეყნის სპეცსამსხურებისთვის და რუსეთი იქნება, თურქეთი, ირანი თუ ამერიკა და სხვა პარტინიორი თუ არაპარტნიორი. საქართველო უკვე ჰყავდა რუსეთის დასმული განგსტერების ხელისუფლება ჯაბა იოსელიანის ხელმძღვანელობით და ეს ჯეელი იმ ხელისუფლების ნაწილი იყო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×