ელზა პაპოშვილი
18.05.2020

რა სიტუაციაა საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის თვალისაზრისით და როდის შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანამ საბოლოო ჯამში ეპიდემია დაამარცხა. პრემიერ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით საქართველოში არსებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება. მარნეული 18 მაისიდან სრულად გაიხსნა, თუმცა ბოლნისის მუნიციპალიტეტი კვლავ  რჩება ჩაკეტილი.  

ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგადეპიდემიოლოგიურ მდგომარეობა კი  დღევანდელი მონაცემებით ასე გამოიყურება: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 701 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 432 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში  იმყოფება 3 787 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 337 პირი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს შეზღუდვების მოხსნის მიმდინარეობა და ამ პროცესის შესაძლო გავლენა ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

„აღინიშნა, რომ მარნეულში დღეიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა, თუმცა ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები, ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით, გაიხსნა სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნა დაწესებული შეზღუდვა – სამი ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, სამი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა საბჭოს წარუდგინეს ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და მკაცრი კარანტინის რეჟიმით დაკეტილ სოფლებში მიმდინარე ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ სამედიცინო პერსონალი, ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური ტესტირება და თერმოსკრინინგი. საკარანტინო შეზღუდვების აღსრულების პროცესს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე აკონტროლებენ.

სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქება კიდევ უფრო ზრდის მოქალაქეების პასუხისმგებლობას, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება და არ დადგეს უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობა“, – ნათქავამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დეპუტატი და საკორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი დიმიტრი ხუნდაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ საქართველო ეპიდემიოლოგიური კუთხით შედარებით უკეთესად გამოიყურება, რაც იმ რეგულაციების დამსახურებაა, რომელიც დროულად იყო მიღებული. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ყველასთვის სასურველი შედეგია დამდგარი. 

ხუნდაძე ამბობს, რომ 90 საკარანტინო ზონაა, რამაც თავისი პოზიტიური როლი ითამაშა, რადგან ძირითადად, იმპორტირებული შემთხვევები იყო, შიდა გავრცელება უფრო დაბალ ხარისხში მიმდინარეობდა. 

„39 ათასი შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, დაახლოებით 42 ათასი ტესტია ჩატარებული. ამ დროისთვის 701 დადასტურებული შემთხვევაა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია – 12. პროცენტული მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი, ერთ პროცენტზე მეტი, მაგრამ არა – ორი პროცენტი. არის ქვეყნები, სადაც გარდაცვალების მაჩვენებელი 14 პროცენტს აღწევდა. 

დაინფიცირების თვალსაზრისით გამორჩეულია – ბოლნისი, თეთრიწყარო, მარნეული. აღნიშნულ ადგილებში შეინიშნება ეპიდემიოლოგიურად პოზიტიური დინამიკა, თუმცა სხვა რეგიონებიდან განსხვავებით, მაინც გარკვეული სირთულეები ზოგჯერ დამყოლობის კუთხით იქაც არსებობს. 

“კლინიკებში მკურნალობას გადის დაახლოებით 215-220 პაციენტი. ეპიდემიოლოგები მაინც ფრთხილობენ და გარკვეული არგუმენტებიც გააჩნიათ, რადგან შესაძლოა, მოსალოდნელი იყოს მეორე და შემდეგი ტალღაც. 

“კარგია, რომ რეგულაციების შემსუბუქების რეჟიმზე გადავედით, რადგან ერთია ჯანმრთელობის დაცვა და მეორე – ეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნება, რომ სასტარტო მდგომარეობას მაინც სწრაფად დავუბრუნდეთ და არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესები. 

“სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს, წესები უნდა დავიცვათ. მადლობას ვუხდი ექიმებს, მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად, წინა ხაზზე არიან. პროცესებში აქტიურად იყო ჩართული ჯანდაცვის კომიტეტიც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მარნეულში საკარანტინო ზონა მოიხსნის შესაბამისად  მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს საშუალება აქვთ, შეზღუდვების გარეშე ისარგებლონ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც ქვეყნის სხვა მოქალაქეები სარგებლობენ, იმ რეგინებში, სადაც შეზღუდვები არ მოქმედებს.

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიასვილი აცხადებს, რომ შესაძლაო, თუ ეპიდემიოლოგირი დინამიკა რამდენიმე დღის განმავლობაში ასე წარიმართა, საკარანტინო შეზღუდვები ბოლნისშიც მოიხსნას. მისი თქმით, კორნავირუსიის გავრცელება მხოლოდ ბოლნისის ორ სოფელში მუშევანსა და გეტაშია, სადაც კონტროლირებადია ეს პროცესი. 

გუბერნატორი ამბობს, რომ ისინი ეპიდემიოლოგების დასკვნას ელოდებიან ამ საკითხთან დაკავშირებით და სწორედ ამის შემდეგ მოიხსნება შეზღუდვები ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც.

"ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე დინამიკიდან გამომდინარე რჩება 2 დასახლება, სოფელი მუშევანი და გეტა, სადაც გარკვეულად უფრო მაღალია ტემპერატურა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის, თუმცა უკანასკნელი კვლევებიდან გამომდინარე, ეს 150 საკვლევი მასალა გუშინ შემოწმდა და ყველა. გუშინწინ 160-ზე იყო 6 დადასტურებული ფაქტი და იქაც იყო ცნობილი კლასტერი.

“ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკან იხევს დაავადება, თუმცა ჯერ ამ დასახლებებში შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება. ეპიდემიოლოგებს ძალიან მკაცრად გათვლილი რეკომენდაციები აქვთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში თუ ასე გაგრძელდა და იმედი მაქვს გაგრძელდება სასიკეთო დინამიკა, ქალაქში და მიმდებარე სოფლებში განვიხილავთ ალბათ შეზღუდვების მოხსნას, ისევე როგორც თეთრიწყაროში," - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.  

ხატისოფელი და მუშევანი ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც იმნაძე ამბობს, „მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს“.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაც ხდება, ახალი არ არის. კიდევ იჩინა თავი ახალმა შემთხვევებმა - ეს არის და ეს. სოფელი მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს. ჰგონიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გრიპი. ახლა ჩამოვიდნენ იქიდან ჩვენები - 150-ზე მეტი სინჯი ავიღეთ. გვინდა ყველა გამოვიკვლიოთ. ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა.

ბოლნისში ვირუსი მარნეულიდან შევიდა და გავრცელდა. როცა ადამიანებს არ სჯერათ ვირუსის არსებობა, სახელმწიფო რეგულაციებით ვერაფერს გახდები - ბოლოს და ბოლოს, ყველა ადამიანს თითო პოლიციელს ხომ არ მიუჩენ?! თვითონ თუ არ გაითავისეს საფრთხე და არ დაიცვეს წესები, ერთმანეთთან სიარული და ქეიფი არ აკრძალეს, შედეგი ყოველთვის ასეთი იქნება. კარანტინი კი არის გამკაცრებული, მაგრამ კაცი რომ მეზობელთან უკანა ეზოში გადავა, იმას ქუჩიდან ხომ ვერ გააკონტროლებ?“ - აღნიშნა იმნაძემ.

მისივე თქმით, არსეული სიტუაციის შესაცვლელად მოსახლეობასთან დიალოგია საჭირო.

„ეს ის სოფელია(მუშევანი), სადაც აგრესიულად დახვდნენ ექიმებს და ავადმყოფს არ ატანდნენ, ხომ გახსოვთ? ახლა იქაურ ავტორიტეტულ ადამიანებთან ვმუშაობთ, რომ ვირუსის შესახებ მეტი გაიგონ და საფრთხეც გააცნობიერონ. სამწუხაროდ, რუსული მედია, რომელსაც იქ ხშირად უსმენენ, თავიდან ყველას მოუწოდებდა, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსია და საშიში არაფერია... სწორედ ამიტომ ახლა რუსეთის მოსახლეობასაც ვეღარ არწმუნებენ, რომ მდგომარეობა სერიოზულია. სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა არაქართველია, თუმცა არც ბოლნისის ქართველი მოსახლეობა აკლებდა ხელს, ასე რომ, მიზეზად მხოლოდ ინფორმაციის სიმცირეს ვერ დავასახელებთ. ბოლნისი არის მკაფიო მაგალითი იმისა, რა მოხდებოდა საქართველოში, მოსახლეობა სახელმწიფოს ყველა მითითებას რომ არ დამორჩილებოდა. მხოლოდ სახელმწიფო რეგულაციებით სიტუაცია ვერ მოგვარდება.

ზომები კი გამკაცრდა და მთელი ეპიდემიური კერა კარანტინშია მოქცეული, მაგრამ ახლა მთავარია, ყველა ადამიანი გამოვიკვლიოთ, ვისაც დასჭირდება, გადავიყვანოთ თვითიზოლაციაში, დავადგინოთ საკონტაქტო პირები, რომ მუნიციპალიტეტში ეს სიტუაცია როგორმე ჩაცხრეს“, - განაცხადა იმნაძემ და დასძინა, რომ ბოლნისში შემთხვევათა მატებას ელოდებიან.

„ასეულობით - არა, მაგრამ რამდენიმე ათეული იქნება. საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა საკარანტინო ზონებიდან არის და ეს კარგია, რადგან ამ ხალხის აღმოჩენით თავიდან ავიცილეთ დაავადების უფრო გავრცელება“, - განაცხადა იმნაძემ. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
რატომ?   (19.05.2020)
ერთ სტატიაში ერთიდაიგივეს გამეორება ახალი ტრენდია რამე? შევწუხდი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×