თამთა ჩაჩანიძე
19.05.2020

„ოპოზიციასთან კონსულტაციების და განხილვების გარეშე ამ კანონპროექტის მიღება არ იქნება სწორი და გამართლებული" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მმართველი პარტიის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და პარლამენტის თანხმობის გარეშეც შეეძლება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება, რომლის თანახმად საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ კანონპროექტი ბუნდოვანია და იგი შესაძლოა ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საკითხები, რომლებიც ადამიანის უფლებებს ეხება, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან შეთანხმების საფუძველზე უნდა განიხილოს.

„ამაში ჩახედული არ ვარ. თავისთავად ეს ფაქტი ცუდი არაა, მაგრამ თუ პარლამენტი ასეთი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს, ეს რა თქმა უნდა ოპოზიციასთან უნდა იყოს შეთანხმებული. რადგან, თუ ვინმე ხედავს საფრთხეს, თუნდაც არარეალურს, მაგრამ რაღაც ნაწილში საფრთხეს, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ შესაძლოა ეს კანონპროექტი თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს, მაშინ რა თქმა უნდა ამ კანონის და შესწორების მიღება არ შეიძლება.

„ყოველ შემთხვევაში ოპოზიციასთან კონსულტაციების და განხილვების გარეშე ამ კანონპროექტის მიღება არ იქნება სწორი და გამართლებული. მარტო ხმების უმრავლესობა რომ გაქვს პარლამენტში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება მარტომ უნდა მიიღო და ოპოზიციის არსს საერთოდ იგნორირება გაუკეთო. თუ გვინდა, რომ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემო შევქმნათ, ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, სასამართლოს და ა.შ., ეს უნდა იყოს ოპოზიციასთან ერთად შეჯერებული და განხილული", - განაცხადა ძაბირაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×