თამარ შუკვანი
19.05.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. მედიკოსთა ნაწილის შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, რომელსაც 22 მაისს ეწურება ვადა, სხვა კონკრეტული აკრძალვებიც უნდა მოიხსნას, როგორიცაა ე.წ. კომენდანტის საათი, ავტომანქანაში 3 კაცზე მეტის ჩასხდომის აკრძალვა და ა.შ. თანაც, დღეს არსებული ეპიდვითარება დადებითად ფასდება და ამ შეზღუდვების მოხსნით, ახალი, მორიგი აფეთქება მოსალოდნელი არ არის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 20 მაისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც გადაწყდება, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად კონკრეტულად რა შეზღუდვები მოიხსენება.

„ყველაფერს თავისი დრო აქვს. ოთხშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაა და შემდგომ მიიღება გადაწყვეტილებები. არსებობს ექვსეტაპიანი შემსუბუქების გეგმა, ზოგიერთი ეტაპი წინ გადმოდის ხოლმე ეპიდსიტუაციის მიხედვით და ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის. ეს საკითხი არის საკოორდინაციო საბჭოს პრეროგატივა, მე ვერ გაგცემთ პასუხს.

„22 მაისს ნამდვილად უქმდება საგანგებო მდგომარეობა. ამავე დროს შედის შესაბამისი შესწორებები კანონდებლობაში, რომ მთავრობას მიეცემა უფლება, გაატაროს გადაუდებელი ღონისძიებები ისე, რომ არ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა," - ამის შესახებ გამყრელიძემ „რეზონანსს" განუცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, 22 მაისს სავარაუდოდ გარკვეული აკრძალვები მოიხსნება, თუმცა, კონკრეტულად რომელი - „რეზონანსთან" საუბრისას არ დაუკონკრეტებია:

„ზოგი შეზღუდვა გაუქმდება, ზოგი ჯერ - ვერა. ჯერ კიდევ ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. ავადობის მკვეთრი მატების რისკები უნდა გაკონტროლდეს," - თქვა იმნაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას მიესალმება. როგორც მან „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, კოვიდ-19-ით ინფიცირების რაოდენობამ იკლო და ქვეყანაში დადებითი დინამიკა შეინიშნება, რაც აკრძალვების მოხსნის წინაპირობას ქმნის.

„შეზღუდვები უნდა მოიხსნას თანდათან, ეტაპობრივად და დავაკვირდეთ, რაოდენობა გაიზრდება თუ დაიკლებს. კონკრეტულად რომელი უნდა მოიხსნას და რომელი არა, ამაზე ჩემი მკაფიო აზრი არ მაქვს, რადგან კარგად არ ვარ ჩახედული. არ ვიცი რა შეზღუდვა რა პროცენტით უზრუნველყოფს ეპიდემიის გავრცელების შემცირებას. დღევანდელი მდგომარეობა დასტაბილურებულია, დადებითი ტენდენციაა და რაც მოიხსნა შეზღუდვები, ამის ფონზე სტაბილურობა შენარჩუნებულია," - თქვა ცერცვაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, უნდა მოიხსნას გარკვეული შეზღუდვები, როგორიცაა კომენდანტის საათი და ავტომანქანაში სამ კაცზე მეტის ჩასხდომის აკრძალვა.

„არ ვიცი 22-ში გაუქმდება თუ არა ყველა შეზღუდვა, მაგრამ მომხრე ვარ, რომ ეტაპობრივად და ნელნელა ყველა რეგულაცია და შეზღუდვა გაუქმდეს, თუმცა, ამის ფონზე ადამიანი უნდა იყოს ფრთხილად და გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.

„თავის დროზე, როდესაც იყო შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობა და ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი, ეს შეზღუდვები იყო საჭირო, თუმცა, ამ ეტაპზე, როდესაც სხვა შეზღუდვები იხსნება, ვთვლი, რომ ეს აკრძალვები ნელ-ნელა უნდა მოიხსნას 22-ში ან შემდეგ, რადგან საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ვერ ვხედავ კომენდანტის საათის დარჩენის მიზანშეწონილობას.

„პიკური სიტუაციის გადალახვის შემდეგ, ნელ-ნელა ყველა შეზღუდვა, რაც არსებობს, უნდა მოიხსნას, მაგრამ საზოგადოება უნდა იყოს ყურადღებით და გაითვალისწინოს გაცემული რეკომენდაციები," - აღნიშნა გოგინავამ „რეზონანსთან" საუბრისას.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×