თამარ შუკვანი
20.05.2020

დღეს უკვე აქტიურად მიდის საუბარი მიმდინარე წლის საპარალამენტო არჩევნების გადადებაზე, რაც არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარეობს, თუმცა, ანალიტიკოსთა წრეებში საუბრობენ, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ სულაც არ იქნება მომგებიანი. იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის ვადას მთელი ერთი თვით ისევ გაახანგრძლივებს, ის პოლიტიკური კაპიტალი, რაც კორონავირუსთან ბრძოლის შედეგად მიიღო, საგრძნობლად დაეცემა.

როგორც ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში აღნიშნავს, თუ ეპიდსიტუაცია არ გამოსწორდება, შესაძლო არჩევნების გადადების საჭიროება დადგეს:

„თუ მომდევნო თვეების მანძილზე ეპიდსიტუაცია ამდენად არასტაბილური უნდა იყოს, მაშინ იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე, რადგან არ შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, თუნდაც ერთი ახალი შემთვევის აღმოჩენის დროს მისთვის არასასურველი საარჩევნო უბნის იზოლაციის და დაკეტვის შესაძლებლობა ჰქონდეს,“ - ამის შესახებ მან „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ კანონპროექტის მხარდაჭერაში „ქართული ოცნება“ მარტო დარჩება.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნების თარიღმა გადაიწიოს, რაც პირდაპირ დაკავშირებული იქნება საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან. მისივე თქმით, თუკი საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გაგრძელდება, ეს ხელისუფლებას, პოლიტიკური თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. 

„არჩევნების გადადება პირდაპირ იქნება დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობასთან. მგონია, რომ ჩვენთან სტაბილური ვითარებაა, ამასთან 22 მაისს საგანგებო მდგომარეობაც უქმდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება და არჩევნები გაწერილ ვადაში ჩატარდეს. თუ ეპიდემიის ახალი აფეთქება იქნება და საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, კონსიტუციით განსაზღვრულია, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს და ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 60 დღეში. 

„ეს შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, რადგან მმართველ პარტიას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა, თუკი ჩათვლის საჭიროდ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს მმართველი გუნდისთვის მომგებიანი იყოს, რადგან ეს ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან. ჩვენ ისედაც მძიმე ვითარებაში ვართ და თუ ისევ გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ წარმოუდგენელ შეცდომებს უშვებს, ვგულისხმობ უგულავას და ოქრუაშვილის გამოშვებას, რთული თქვა, ხვალ რა იქნება, თუმცა, გარკვეული უპირატესობა ხელისუფლებას ოპოზიციასთან მიმართებაში აქვს. ეს გამომდინარეობს იმ წარმატებული პოლიტიკიდან, რაც მას ჰქონდა საგანგენო მდგომარეობისა და ეპიდემიასთან ბრძოლის დროს ჰქონდა, მაგრამ თუ საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გაგრძელდება, პოლიტიკური კაპიტალი, რაც პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში მოიპოვა, განულდება,“ - თქვა ძაბირაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. 

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×