ელზა პაპოშვილი
21.05.2020

როგორ გავაგრძელებთ 22 მაისის შემდეგ ცხოვრებას. ქვეყანაში მართალია კომენდატის საათი და საგანგებო მდგომარეობა უქმდება, თუმცა, როგორც ჩანს ხელისუფლება პანდემიის საფრთხეებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ გარკვეული შეზღუდვები დატოვოს. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი გახარიამ დღეს არაფერი თქვა მსუბუქ ავტომობილში სამ კაცზე მეტის აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით. ასევე არაფერი თქვა, დახურულ სივრცეებში პირბადით სავალდებულო სიარულზე. 

შესაბამისად, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის შემდეგაც დარჩება , თუმცა, რა შეზღუდვებზეა საუბარი, ჯერჯერობით  უცნობია და პრემიერს არ დაუზუსტებია. 

„საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა პირბადის, სოციალური დისტანციისა და ა.შ., კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაგვჭირდება - ამბობს გახარია.

როგორც პრემიერი ამბობს, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა არ გაგრძელდება. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შედეგ, მოქალაქეების პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტად იზრდება.   

ხოლო პრემიერი  მზად არის რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ოპოზიციის კითხვებს უპასუხოს. ის პარლამენტში მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სამჯერ მივა.

27 მაისს რეგლამენტის 54-ე მუხლის პირობებში, შემდგომ 29 -ში ინტერპელაციის წესით და  ივნისის ბოლოს, პრემიერი პარლამენტის წინაშე  წლიური მოხსენებით წარსდგება. 

"ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, გამოწვევები სულ უფრო მძიმდება, თუმცა ამავდროულად ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მარგამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურ წესს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, დაზუსტებით ვერავინ ამბობს, პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს შესაბამისად კომენდანტის საათი. თუმცა, ვირუსი არსად წასულა და ყველა უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დღეს დაზუსტებით მსოფლიოში ვერავინ ვერაფერს ამბობს. 

ყველას უნდა ესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის, კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა იმ მოთხოვნების, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ, არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ "კოვიდ-19"-ის ტალღის მეორე საფრთხეზე და ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესაბამისად, ჩვენ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაგვჭირდება. ეს შეზღუდვებია, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ვირუსს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს გარკვეული შეკითხვები მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას თქმით, მან უკვე გაუგზავნა წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი.

პრემიერ-მინისტრის თქმითვე, მთავრობის მიზანია, გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი.

"ჩვენი მიზანი გახლავთ, გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი. ჩვენი მიზანი არის ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია, დემოკრატიული არჩევნები," - განაცხადა გიორგი გახარიამ.   

რაც შეეხება მოქალაქეების დახმარებას, რომლებმაც  სამსახური დაკარგეს, მიიღებენ კომპენსაციას 1 200 ლარის მოცულობით, მაგრამ  გახარია ამბობს, რომ ამ კომპენსაციის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა, როგორც მთავრობასა და მოქალაქის, ასევე მთავრობასა და კონკრეტულ ბიზნეს ოპერატორებს შორის უნდა შედგეს.  

გიორგი გახარიამ ყველა იმ ბიზნეს ოპერატორს, რომელიც იძულებული იყვნენ თანამშრომლები სამსახურიდან დაეთხოვათ, მოუწოდა უფრო ეფექტურად და შედეგიანად ითანამშრომლონ შემოსავლების სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ამ მოქალაქეების რაოდენობა იყოს უფრო დეტალურად დაფიქსირებული და დახმარების გარეშე არცერთი მოქალაქე არ დარჩეს. 

რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება კრიზისიდან გამოსასვლელად და როგორ? - ეს კი ოპოზიციის მთავარი კითხვებია, რომელიც მათ  პრემიერმინისტრთან აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობის“  ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მას კითხვები აქვს უცხოურ დახმარებებზე. იმ ფონზე, როდესაც, მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ამ ფინანსურ დახმარებებს კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან ერთად განიხილავენ, ოპონენტებს აინტერესებთ, როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ სახსრების მოზიდვას.

„ძალიან საინტერესო იქნება მოისმინონ ბატონი გახარიას დეტალური გეგმები და დეტალური ანგარიში, სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსერები, რომელსაც ის პირდებოდა საკუთარ მოქალაქეებს. 

“საინტერესოა, როგორ და რა ფორმით აპირებს იმ თანხების მოზიდვას, რომელსაც ჩვენი პარტნიორები ქვეყანაში არსებული პოლიტიიკური სიტუაციიდან გამომდინარე გამოყოფენ და ხელისუფლების კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიხედვით მოქმედებენ. საინტერესო იქნება და ველით პარლამენტში გაგავაგებინოს, რას და როგორ აპირებს“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.  

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ ოპოზიციას ეგონა გახარიას პარლამენტში მისვლაზე გული უსკდებოდა, რაც მართალი არ აღმოჩნდა.  დეპუტატი ამბობს, რომ პრემიერი  27-შიც მივა, 29-შიც ინტერპელაციის წესით  და ივნისშიც რეგლამენტით მივა.  როგორც მან აღნიშნა, მას ბევრი კითხვა პრემიერთან არ აქვს. რაც შეეხება ოპოზიციას, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ისინი კვლავაც სპეკულაციებით არიან დაინტერესებულნი.

„მოკლე პერიოდში პრემიერს პარლამენტში მისვლა სამჯერ მოუწევს  და ყველა კითხვას დარწმუნებული ვარ, ამომწურავ პასუხებს გასცემს.  ერთ მხარეს არის საქმე, მეორე მხარეს - სპეკულაცია, რომელიც მაგალითად ამაში გამოიხატება: 29 - ში როცა იბარებდნენ ინტერპელაციის წესით, ზუსტად იცოდნენ, რომ ამის მერე 2 დღეში უნდა ყოფილიყო წერილობითი ანგარიში წარმოდგენილი პარლამენტში. 

“დარწმუნებული ვარ, რეგლამენტი ყველას აქვს წაკითხული და თუ არ აქვთ, ცალკე პრობლემაა; შემდეგ მომდევნო თვეში უნდა მოვიდეს და ამ ანგარიშზე უნდა ისაუბროს. თუმცა, რადგან ასე აინტერესებთ დეტალები, პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ 27 - შიც მოვა, 29 - შიც და ივნისშიც,"- განაცხადა მდინარაძემ. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ეთო   (21.05.2020)
რას ფიქრობს მთავრობა იმ თვითდაფინანსებულ ხალხზე რომლებმაც ვერანაირი საბუთი ვერ წარადგინა რომ ხელზე იღებდნენ პურის ფულს და რაღაცნაირად ახერხებდნენ პროცენტების გადახდას.ეხლა ამ შეღავათებსაც გვიხსნიან.ნუთუ ესე გაგვწირავენ.არავის არ ვემუქრები და ეს ყველაფერი არჩევნებზე აისახება.ამდენი უსახსროდ დარჩენილი ხალხი ცოტა არ არის.ნუ მაფიქრებინებთ რომ უპატრონოდ მიგვყარა ხელისუფლებამ

დათუნია   (21.05.2020)
პირდაპირ თქვით დაიხოცეთო, რას გვაწვალებთ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×