თამთა ჩაჩანიძე
19.06.2020

„ჩემი აზრით, ამ ეტაპზე აუცილებლობას არ წარმოადგენდა კანდიდატების სასწრაფოდ დასახელება, წინ კიდევაა დრო, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და რაღაც მოულოდნელობა აღმოჩნდეს. შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად გადაჯგუფდეს. ამ ორ თვეში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და უბრალოდ შეიძლება სჯობდა, რომ ეს პროცესი ცოტა მოგვიანებით ყოფილიყო," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თბილისის ექვს ოლქში უკვე ოფიციალურად მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას.

ესენი არიან: ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობა" - გლდანი, ლევან ხაბეიშვილი, "ნაციონალური მოძრაობა" - სამგორი, შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია - ნაძალადევი, გიორგი ვაშაძე, "ახალი საქართველო" - ისანი, შალვა შავგულიძე, "თავისუფალი დემოკრატები" - მთაწმინდა-კრწანისი, ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო" - ვაკე.

„რეზონანსი": რამდენად კონკურენტუნარიანი მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა ოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში?

ვ.ძ: იმ პარტიებიდან. რომლებიც ამაში მონაწილეობენ, მგონია, რომ საკმაოდ სრულადაა მოცული მისი რესურსი, შესაძლოა „ევროპული საქართველოსგან" ხოშტარიას გარდა ვინმე სხვა ყოფილიყო, მაგრამ მგონია, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი პირელი რიგის პერსონებითაა წარმოჩენილი.

„რ": რვა ოლქიდან ჯერჯერობით ორი კანდიდატის ადგილი თავისუფალია, თქვენი აზრით, რატომ დატოვეს ღიად ეს ორი ადგილი?

ვ.ძ: მგონია, რომ თბილისში მაჟორიტარ კანდიდატების ორი ადგილი თავისუფალი უბრალოდ იმიტომ დატოვეს, რომ მაგალითად თუ სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალა გამოჩნდება, ძირითადი ორიენტაცია „ლელოზე" და ალეკო ელისაშვილზე აქვთ, არა მგონია რომ მათ თავიანთი პოზიცია შეცვალონ, მაგრამ ეს ადგილები მგონია, რომ ასე ვთქვათ ყოველი შემთხვევისთვის დატოვეს.

„რ": რამდენად შესაძლოა, რომ ვიხილოთ საარჩევნო მარათონში ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი?

ვ.ძ: მარგველაშვილი ცალკე დამოუკიდებლად კენჭს არ იყრის, ალბათ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად იქნება. როგორც ამბობენ „ლელოსთან" ერთადო, თუ კენჭს „ლელოსთან" ერთად იყრის, მაშინ არაა გამორიცხული, რომ მაჟორიტარად ვიხილოთ, მაგრამ ესეც იმ შემთხვევაში იქნება თუ „ლელო" მას დაასახელებს, მაგრამ მგონია, რომ თუ ის პოლიტიკაში მოსვლას დათანხმდა, მაინც სიაში იქნება და არა მაჟორიტარად.

„რ": მმართველი გუნდი ჯერჯერობით მაჟორიტარ კანდიდატების დასახელებისაგან თავს იკავებს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა ეს გუნდის შიგნით დაპირისპირების შედეგი იყოს, ხოლო თავად „ქართული ოცნება" ამბობს, რომ ჯერ ადრეა...

ვ.ძ: ჩემი აზრით ოპოზიციამაც იჩქარა, როდესაც ეს კანდიდატები დაასახელა, მმართველ გუნდს არსად არ ეჩქარება და რატომ უნდა დაასახელოს ახლა, ამ წუთში კანდიდატები, არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, თუ არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში ჩატარდა, სადღაც 1-ელი სექტემბრისთვის საარჩევნო კამპანია დაიწყება და ამ ოლქებში კანდიდატების დასახელება, მათ თუ არ ვცდები 30 დღით ადრეც შეუძლიათ, „ქართულ ოცნებაში" ამ გადაწყვეტილებების მიღება რაიმე პრობლემასთან არ იქნება დაკავშირებული, არც არაფერი საჩქარო არ აქვთ და როცა ამის აუცილებლობა იქნება მაშინ დაასახელებენ.

„რ": თქვენ ახსენეთ, რომ ოპოზიციამ იჩქარა, თქვენი აზრით შემდგომ ხომ არ ინანებს ამას?

ვ.ძ: ვფიქრობ, რომ ოპოზიციას რაც ჰყავს იქიდან საუკეთესოები დასახელდა,სინანულით არა მგონია ინანოს, უბრალოდ ჩემის აზრით ამ ეტაპზე აუცილებლობას არ წარმოადგენდა კანდიდატების სასწრაფოდ დასახელება. წინ კიდევაა დრო და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და რაღაც მოულოდნელობა აღმოჩნდეს, შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად გადაჯგუფდეს, ამ ორ თვეში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და უბრალოდ შესაძლოა სჯობდა, რომ ეს პროცესი ცოტა მოგვიანებით ყოფილიყო იმიტომ, რომ ახლა რომ დასახელდა ხელისუფლებას დიდ შესაძლებლობას აძლევს ამ ოლქებში უკვე ოთხი თვე კონკრეტული კანდიდატის წინააღმდეგ იმუშაოს და არა ზოგადად ოპოზიციური კანდიდატის წინააღმდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
--   (19.06.2020)
30 ოქტომბერს უნდა განეცხადებინა?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×