"არათუ 2024 წლის ბოლოს არ ვიცით, რა მოხდება, 2020 წლის მიწურულს რას უნდა ველოდოთ, ისიც კი არაა ცნობილი"
თამარ მუკბანიანი
29.07.2020

ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთა საჰაერო გადაყვანის მოცულობა 96,8%-ით შემცირდა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ახალი პროგნოზით, სამგზავრო გადაზიდვები 2019 წლის ნიშნულს მხოლოდ 5 წლის შემდეგ დაუბრუნდება. „რეზონანსთან“ საუბრისას პროგნოზს პესიმისტურს უწოდებენ და არ ეთანხმებიან საავიაციო სფეროს ქართველი სპეციალისტები. მათი აზრით, ასეთი გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება დღევანდელ არასტაბილურ გარემოში შეუძლებელია.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, მგზავრთა ნაკადის ზრდა იმაზე ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. გაჩნდა მოლოდინი, რომ მსოფლიოში სამგზავრო ავიაგადაზიდვა პრეპანდემიურ მდგომარეობას 2024 წელს დაუბრუნდება. პესიმისტური პროგნოზი შემდეგი ტენდენციებით აიხსნება:

- კორონავირუსის შეკავება ვერ ხერხდება აშშ-სა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რომლებსაც, ჯამურად, საავიაციო ბაზრის 40% უჭირავს;

- შემცირებულია კორპორაციული მგზავრობა, რაც კომპანიებზე გაზრდილი ეკონომიკური წნეხით არის განპირობებული;

- სუსტია სამომხმარებლო ნდობა. 

ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მომხმარებელთა 55% 2020 წელს მოგზაურობას არ გეგმავს, მიზეზად ფინანსური რესურსის უქონლობა და  ინფიცირების რისკის ზრდა სახელდება.

უცხოელი ანალიტიკოსების პროგნოზით, 2021 წლიდან მგზავრთა ნაკადი 62%-ით გაიზრდება, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნული მატებისა, 2019 წელთან შედარებით, აღნიშნული რიცხვი მაინც 30%-ით შემცირებული იქნება და გასული წლის მონაცემებს მხოლოდ 2023 წლის ბოლოსკენ მიაღწევს.

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის გენერალური და აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრ დე ჟუნიაკი აცხადებს, რომ მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებლები აპრილში საერთოდ განულდა. ამჟამად მდგომარეობა ცოტათი გაუმჯობესებულია შიდა რეისების ხარჯზე, რადგან საერთაშორისო საზღვრების უმეტესობა ისევ დახურულია.

,,ჰაბ ჯორჯიის“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა ,,რეზონანსთან“ ამბობს, რომ ავიაბაზარი მსოფლიოში აღდგენას 2021 ზაფხულიდან დაიწყებს. რამდენადაც საქართველოს ავიაბაზარი მცირე მოცულობისაა, აღდგენასაც დიდი დრო არ დასჭირდება.

,,ნამდვილად ძალიან მძიმე მდგომარეობაა ავიაციაში. მთავარი პრობლემა არის ის, რომ თვითმფრინავებს სჭირდება მუდმივი ზედამხედველობა და არ არის ისე, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია, თითქოს შეიძლება, თვითმფრინავი გაჩერებული იყოს სამი თვე, მერე დაქოქო და იფრინოს. მთავარი ტექნიკური გამართულობაა, რაც თვითმფრინავს ყოველკვირეულად სჭირდება. აუცილებელია გარკვეული ტექნიკური პროცედურების მუდმივი გავლა.

ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ბევრ ავიაკომპანიას არ აქვს. ისინი ხომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. კომპანიებს, რასაკვირველია, აქვთ თავიანთი დანაზოგი, რაც ლიზინგს, ტექგამართულობასა და პროფესიონალი კადრების შენარჩუნებას ხმარდება. 6 თვე რესურსი ყველას ჰქონდა, მერე ბევრს სახელმწიფო დაეხმარა და დააფინანსა. 

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2020 სრულად ავიაციისთვის დახურული ზონა იქნება, 2021 წლის ზაფხულის სეზონიდან კი თანდათან გაიხსნება. სრულად იმ ნიშნულს, რაც გასულ წელს იყო, ალბათ, დასჭირდება სამი წელი, მაგრამ 2022-ში უკვე ავიაცია აღარ იქნება ისეთი დიდი პრობლემების წინაშე, როგორიც დღესაა.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ძალიან პატარა ბაზარი გვაქვს და ამიტომ აღდგენა უფრო მარტივი იქნება, რადგან ნაკლებია დანახარჯიც, ამიტომ ქართული ავიაცია მარტივად გადაიტანს პრობლემებს. გვეყოლება თუ არა ბიუჯეტური ავიაკომპანიები, ეს სრულად დამოკიდებულია სახელმწიფოსა და მის ნებაზე.  თავის დროზეც, როცა "ვიზეარი" შემოვიდა, ეს იყო კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც  მაშინ იყო სწორი. თუ ისევ იქნება ასეთი გადაწყვეტილება, იქნება იაფი ფრენაც“, - აღნიშნა "რეზონანსთან" კოდუამ.

მსგავსი გრძელვადიანი პროგნოზი არასწორად მიაჩნია და პანიკის საფუძველს ვერ ხედავს საავიაციო სფეროს სპეციალისტი თამარ თანდაშვილი. მისი აზრით, რამდენადაც გადაწყვეტილებას იღებენ ქვეყნის მეთაურები, კერძო კომპანიები ვერაფერს შეცვლიან. ახლა უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებზეა დამოკიდებული ავიაციის ბედი.

"აბსოლუტურად არ არის ეს პროცესი საბაზრო ეკონომიკასთან კავშირში. ასეა საქართველოშიც და მსოფლიოშიც და ამიტომ რთულია ვთქვათ, სწორია თუ არა გრძელვადიანი პროგნოზები. ამას დრო დავანახვებს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე,  თავს უფლებას მივცემ და საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის პროგნოზსაც არ დავეთანხმები, რადგან არათუ 2024-ში წლის ბოლოს არ ვიცით რა მოხდება, 2020 წლის მიწურულს რას უნდა ველოდოთ, ისიც კი არაა ცნობილი. ზოგადად, ასეთი პესიმისტური პროგნოზი არ ვიცი, რით არის განპირობებული, მაგრამ ფაქტია, არ იმოქმედებს კარგად მოლოდინზე, რომელიც ინვესტიციების მოცულობას განსაზღვრავს სექტორში“, - განუცხადა თანდაშვილმა ,,რეზონანსს“.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, მგზავრთა გადაყვანის საერთაშორისო მაჩვენებელი ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 96.8%-ით არის შემცირებული. კერძოდ, აზიური ავიახაზები - 97.1%-ით,  ჩრდილოეთ ამერიკის ავიახაზები - 97.2%-ით, ევროპული ავიახაზები - 96.7%-ით, ახლო აღმოსავლეთის ავიახაზები - 96.1%-ით, აფრიკის ავიახაზები - 98.1%-ით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×