სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ქალებისგან განსხვავებით, კაცები სულ უმუშევრად დარჩნენ"
    ელზა წიკლაური
    (09.02.2010)

    ფინანსური კრიზისი, რომელმაც მსოფლიოს შარშან მტკიცედ შეუტია, დღესაც გრძელდება. ევროპასა და ამერიკაში დაიკარგა სამუშაო ადგილები, გაჩერდა საწარმოები, კრიზისს მეტ-ნაკლებად გადარჩენილებმა მუშახელის მინიმუმამდე შემცირება გადაწყვიტეს. უმუშევრად დარჩენილი ადგილობრივები კი იმ საქმის შესრულებას, რასაც ადრე ქართველი თუ სხვა ქვეყნის მიგრანტები აკეთებდნენ, თავად შეუდგნენ. ქართველ მიგრანტებს, ვინც სამსახური შეინარჩუნა, ხელფასი დააკლეს, უმუშევრად დარჩენილები კი უკეთესი მომავლის იმედით არიან და სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებენ. ამის ფონზე კი საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობაც შემცირდა.
    ფულადი გზავნილები ისევ მცირდება
    ქვეყანაში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება მნიშვნელოვნად რომ შემცირდებოდა, ამაზე ეკონომიკის ექსპერტები ჯერ კიდევ შარშან, მსოფლიო ფინანსური კრიზისის გაღრმავებისას საუბრობდნენ. მათი პროგნოზიც გამართლდა, საქართველოში ფულადი გზავნილების შემოდინებამ კლება იწყო. მართალია, 2009 წელს თანხების გადმორიცხვა ზოგ თვეში მცირედით იზრდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში დინამიკა მაინც კლებას აჩვენებდა.
    2009 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 95.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.5 მლნ აშშ დოლარით, ანუ 32.4 პროცენტით მეტია ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. თუმცა, გაცილებით მცირეა 2008 წლის დეკემბრის მონაცემთან შედარებით (მაშინ საქართველოში 108,846 მლნ ლარი გადმოირიცხა). საერთო ჯამში, 2007 წელს საქართველოში უცხოეთიდან 866, 156 მლნ დოლარი გადმოირიცხა, 2008 წელს ამ ციფრმა 1,002,122 მლრდ-ს გადააჭარბა, 2009 წლის მონაცემებით კი, საქართველოში გადმორიცხული თანხის ოდენობამ 841,598 მლნ დოლარი შეადგინა.
    აღსანიშნავია ისიც, რომ წლებია საქართველოში ფულადი გადმორიცხვების საერთო ოდენობა იზრდება, რასაც ექსპერტები მიგრაციის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას უკავშირებენ. თუმცა, უკანასკნელ წლებში აშკარაა კლების დინამიკაც, ეს კი, რა თქმა უნდა, მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე ხდება.
    დეკემბერში გადმორიცხვების ზრდა წინასაახალწლო პერიოდს უკავშირდება, როგორც წესი, ამ დროს უცხოეთში წასული ქართველები საქართველოში დარჩენილ ოჯახებს შედარებით დიდ თანხას უგზავნიან, ვიდრე თუნდაც სექტემბერ-ოქტომბერში.
    არადა, დეკემბრამდე, 2009 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ფულადი გზავნილების კლება შეინიშნებოდა. სპეციალისტების განცხადებით, ეს მაჩვენებელი იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, ვინაიდან საქართველოში მყოფი და ქვეყნის გარეთ გადახვეწილი ქართველები სამსახურს კარგავენ. უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ნოემბერში იყო. ამ თვეში საქართველოში 72 მილიონის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 8 მილიონი დოლარით, ანუ 10%-ით ნაკლებია.
    "დღეისათვის საქართველოდან 1 მილიონზე მეტი ადამიანია გასული, საიდანაც 70% შრომითი მიგრანტია. ეს, ძირითადად, იმ ფიზიკურ პირთა გზავნილებია, რომლებიც ეკონომიკური პრობლემების გამო უცხოეთში მუშაობენ და საქართველოში ოჯახებს ინახავენ. ეკონომიკური კრიზისის გამო ბევრმა მათგანმა სამსახური დაკარგა, შესაბამისად, ფულს ვეღარ აგზავნიან, რის გამოც ფულადი გზავნილები შემცირდა", - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე.
    გზავნილების შემცირებას მსოფლიო კრიზისს უკავშირებს ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით ონოფრიშვილიც და აცხადებს, რომ ამით ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება.
    "იმ ქვეყნებში, საიდანაც თანხები იგზავნებოდა, დღეს თავად არის მძიმე ფინანსური მდგომარეობა. ასეთ ვითარებაში გზავნილების კლება ხდება. ეს კი პირდაპირ აზარალებს მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებს, რადგან ეს თანხა ამ ოჯახების დიდი ნაწილისთვის შემოსავლის მთავარი წყარო იყო", - აცხადებს ონოფრიშვილი.
    აქაც გვიჭირს, მაგრამ წამოსვლას არავინ აპირებს
    ფაქტია, რომ ფულადი გზავნილების შემცირება პირველ რიგში, საქართველოში დარჩენილი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება და ამას საზღვარგარეთ გადახვეწილი თითქმის ყველა ადამიანის ოჯახი აღიარებს. ამბობენ, რომ მათ "ადრე უფრო ბევრს უგზავნიდნენ, ვიდრე დღეს". ქართველი შრომითი მიგრანტები კი კრიზისზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით სამშობლოში დაბრუნებას არავინ აპირებს.
    ფინანსურ კრიზისში მყოფ იტალიაში საკმაოდ ბევრი ქართველი შრომითი მიგრანტია. როგორც "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, დღეს იტალიაში ქართველებს არა მარტო ფინანსურდ უჭირთ, არამედ იმ საფრთხის მოლოდინშიც არიან, რომ მათ მალე გამოაძევებენ.
    "იტალიაში ქართველი ქალების დიდი ნაწილი მოხუცებსა და ბავშვებს უვლიან, სახლებს ალაგებენ, საბუთის მქონეები კი რესტორნებში, პიცერიებსა და ბარებში მუშაობენ. ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, ქვეყნის რომელ მხარეში იმყოფები. ჩრდილოეთში იტალიელები 200 ევროთი მეტს იხდიან, ვიდრე - სამხრეთში. მაგალითად, თუ ჩრდილოეთ იტალიაში მოხუცის მომვლელს 800 ევროს უხდიან, სამხრეთში ამ საქმისთვის მხოლოდ 600 ევროს აძლევენ. რაც შეეხება კაფეებსა და ბარებს, იქ ძირითადად საბუთიანები მუშაობენ და მათი ხელფასი 1000 ევრომდე აღწევს. ეს ახლა, 2008 წლის ბოლომდე კი, ხელფასის ოდენობა თითქმის 200 ევროთი მაღალი იყო.
    რაც შეეხება ხელფასის შემცირების მიზეზებს. იტალიაში ქართველ მიგრანტებს ხელფასი მარტო იმიტომ კი არ დააკლდათ, რომ მსოფლიო კრიზისია, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი რუმინელი და პოლონელი ჩამოვიდა. შესაბამისად, ისინი ისეთი ოდენობით ანაზღაურებას არ ითხოვენ, რასაც ქართველები და იტალიელებმაც ხელფასების რაოდენობა შეამცირეს. მიუხედავად ამისა, წამოსვლას მაინც არავინ აპირებს, ურჩევნიათ, რომ აქ იყვნენ და ოჯახებს მცირედით მაინც დაეხმარონ.
    ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყანაში, ქართველებმა სახელი აქაც გაიფუჭეს. მეტიც, ქალაქ ბარში ქართველებს სამუშაოდ ცოტა ადამიანი თუ დაიქირავებს. კიდევ ერთი, ძალიან დაერივნენ უსაბუთოებს, ვისაც აქ ყოფნის უფლება არ აქვს, "ადეპორტებენ" და მათ სიაში საკმაოდ ბევრი ქართველი მოხვდება. პირადად მე საბუთის გაკეთება უკვე მოვაწარი და ეს საფრთხე აღარ მემუქრება", - უთხრა "ბიზნესს-რეზონანსს" 32 წლის თამუნამ, რომელიც იტალიაში უკვე მე-4 წელია ცხოვრობს.
    მიუხედავად იმისა, რომ ევროზონაში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი ესპანეთშია (თითქმის 20%), ქართველ მიგრანტებს იქ სამსახურის დაწყება ნაკლებად უჭირთ. ჩვენი თანამემამულეები არ მალავენ, რომ ხელფასები ძალიან შეუმცირეს. "რეზონანსის" ერთ-ერთი რესპონდენტი ესპანეთში 2004 წლიდან ცხოვრობს და ამბობს, რომ სამსახურის შოვნა არასდროს უჭირდა.
    "ესპანეთში თუ ოჯახში ცხოვრობ და იქ მუშაობ, 600-დან 800 ევრომდე გიხდიან. თუ საათობით მიდიხარ და ალაგებ სახლს, ცოტა მეტსაც გაძლევენ, რადგან პატრონს შენს შენახვაში ფული არ ეხარჯება. ვისაც საბუთი აქვს და ენაც კარგად იცის, ბარებსა და რესტორნებში მუშაობენ, სადაც შედარებით მაღალი ანაზღაურებაა.
    რაც შეეხება კაცებს, ისინი აქ, ძირითადად, მშენებლობაზე არიან დასაქმებულნი. ქართველებს აქვთ ოფისები გახსნილი და თავისავე თანამემამულეებს იაფად ამუშავებენ. საერთოდ კი, თუ ენა არ იცი, დაბალ ხელფასზე გიწევს მუშაობა, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ლათინოამერიკელი ჩამოვიდა, რომელთა სალაპარაკო ენა ესპანურია და თავად ესპანელებს ენის არმცოდნე ქართველები უკვე არაფერში სჭირდებათ.
    კრიზისი კი უკვე მეორე წელია ესპანეთში თვალშისაცემია, გაჩერებულია ბევრი საწარმო, დარჩენილია ბევრი ესპანელი უმუშევრად და ამიტომ უცხოელს სამუშაოში უკვე ცოტას უხდიან. ადრე ხელფასი 1000 ევრომდე ადიოდა, ახლა კი, როგორც უკვე გითხარი, მაქსიმუმ 850 ევროს იხდიან", - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა და აქვე დასძინა, რომ იტალიისგან განსხვავებით ესპანეთში უსაბუთოებს არ ერჩიან და მათ არც დეპორტაცია ემუქრებათ.
    განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ქართველები საბერძნეთში. ბოლო პერიოდში მიგრანტების გარკვეელმა ნაწილმა სამსახური დაკარგა, თუმცა, ჩვენი რესპონდენტის თქმით, ისინი დაბრუნებას არ აპირებენ და უკეთესი მომავლის იმედით სამშობლოსგან შორს ყოფნას უძლებენ.
    "კრიზისი ყველაფერს შეეხო, სიტუაცია აირია და აქაურებსაც დაეტყოთ. თითქმის ყველას, ვინც ოჯახში მუშაობდა, კრიზისამდე 800 ევროს უხდიდნენ, მაგრამ დღეს უკვე 500 ევროც კი სახვეწარია. თუმცა, წამოსვლას არავინ აპირებს. იმედი გვაქვს, ყველაფერი გამოსწორდება. ხელფასების შემცირებაზე იმანაც იმოქმედა, რომ ძალიან ბევრი ალბანელი ჩამოვიდა და მაღალი კონკურენცია წარმოიშვა. ქართველები კი იმ ცოტათიც კმაყოფილდებიან, რაც აქვთ, რადგან იმ ცოტას იციან, რომ აუცილებლად საქართველოში გამოაგზავნიან და ოჯახებს დაეხმარებიან.
    ქალებისგან განსხვავებით, კაცები სულ უმუშევრად დარჩნენ. მშენებლობა, სადაც მიგრანტები მუშაობდნენ და სადაც დღეში 30-50 ევროს უხდიდნენ, საერთოდ გაჩერებულია და არც პერსპექტივა ჩანს, რომ სამშენებლო პროცესი მალე განახლდება.
    მოკლედ, ძალიან გვიჭირს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება. ძნელია ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ მანდ რომ ჩამოვიდეთ, სულ უმუშევრად უნდა ვიყოთ, აქ კი კაპიკებს მაინც ვშოულობთ, რომ საქართველოში დარჩენილებს დავეხმაროთ", - ამბობს 35 წლის თეონა, რომელიც საბერძნეთში უკვე 7 წელია ცხოვრობს და თბილისში 2 შვილი ჰყავს დატოვებული.
    კრიზისს ამერიკაში მყოფი მიგრანტებიც განიცდიან. 32 წლის თამარ ბაბლუანს მეუღლე უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ჰყავს და ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბოლო ორი თვეა მისგან ერთი დოლარიც კი არ მიუღია.
    "აგვისტოს ომამდე ჩემი მეუღლე ყოველთვიურად 500-600 ამერიკულ დოლარს მიგზავნიდა, აგვისტოდან მოყოლებული ეს თანხა 300 დოლარამდე დავიდა. კრიზისი რომ დაიწყო, 3 თვე ერთი დოლარიც კი არ გამოუგზავნია. შემდეგ სიტუაცია ცოტა გამოსწორდა, მაგრამ იმდენს უკვე ვეღარ აგზავნის, რასაც კრიზისამდე და ომამდე აგზავნიდა.
    აქ მეც ვმუშაობდი, პატარა მაღაზია მქონდა, მაგრამ ამ ფინანსური კრიზისის ფონზე მუშაობა, პრაქტიკულად, შეჩერდა და იძულებული გავხდი მაღაზია დამეხურა. როდესაც ჩემი მეუღლე რეკავს, ამბობს, რომ ამერიკაშიც ძლიერი ფინანსური კრიზისია და არათუ ემიგრანტებისთვის, არამედ იქაური მცხოვრებლებისთვისაც ჭირს სამსახურის შოვნა", - გვითხრა თამარ ბაბლუანმა.


    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter