ერთი შეხედვით რთულ სიტუაციაშიც კი იკვეთება პოზიტიური მომენტები, რომელთა გამოყენებაც აუცილებელია
ირაკლი ლომიძე
10.08.2020

მსოფლიო კოვიდ 19-ს ვერ ერევა და ის თანდათან ადამიანთა ცხოვრების ნაწილი ხდება. ის, რომ მან სამყარო შეცვალა, უკვე უდავოა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები უკვე იმაზეც ბჭობენ, რა დადებითი ეფექტი მიიღო ქვეყანამ ამით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა და საქართველოსაც დიდი ეკონომიკური დანაკარგი მოუტანა. 

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მომსახურების სეგმენტზე ორიენტირებული საზოგადოება საბოლოდ მიხვდა, რომ რეალური სექტორის განვითარებაზე ზრუნვა აუცილებელია და ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა. ხალხმა ისწავლა, როგორ გაუფრთხილდეს თავს და სხვასაც გაუწიოს ანგარიში, მეტი სიფრთხილე შეიმჩნევა როგორც ოჯახის, ისე ბიუჯეტის დაგეგმვისას, რისი შედეგიც, ალბათ, 2-3 წელიწადში უფრო საგრძნობი გახდება. 

გარდა ამისა, პანდემიამ აჩვენა, რამდენად არის მზად ქვეყანა ვირტუალური ცხოვრებისთვის. დაჩქარებული რეჟიმით გლობალურ ქსელში გადაინაცვლა საქართველოს სოციალური სფეროს დიდმა ნაწილმა: კინომ, თეატრმა, განათლებამ, მაღაზიებმა, ურთიერთობამ და მრავალმა სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სფერომ.

უცნაურად ჟღერს, მაგრამ ის რეალობა, რომლის პირისპირაც აღმოვჩნდით,  აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, არა მარტო დაეხმარება მოსახლეობას კორონავირუსის გადატანაში, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მომავალს სარგებელიც კი შეიძლება, მოუტანოს.

პირველ რიგში, აკადემიკოსი ყურადღებას ამახვილებს თვითონ ჯანდაცვის მიმართ როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეების დამოკიდებულებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეცვლილია.

,,ჯანდაცვის სფერო პრიორიტეტული გახდა, უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს რეზერვები პანდემიის საწინააღმდეგოდ, სასუნთქი აპარატები იქნება თუ და სხვა სამედიცინო საშუალებები. ვერ ვიტყვი, რომ საქართველო ამ მხრივ მოუმზადებელი იყო, მაგრამ მეტად უნდა იყოს მომარაგება და ამას მიექცევა ყურადღება კორონავირუსის გადავლის შემდეგაც. მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვლება, მნიშვნელოვნად გაძლიერდება და გაუმჯობესდება ინტერენეტის მომსახურება. საერთაშორისო კონფერენციებზე გამგზავრების შემთხვევებიც მინიმუმამდე შემცირდება. კონფერენციები გაიმართება ონლაინ რეიმში და თანხები დაიზოგება. ტენდენცია დაწყებულია და ასე გაგრძელდება მომავალშიც, ამ ჩვევაზე სახელმწიფო უარს ვერ იტყვის“, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ავთო სილაგაძემ და დასძინა, რომ მომსახურების სეგმენტიდან ქვეყანა თანდათან რეალურ ეკონომიკაზე გადაერთვება. ტენდენციაც უკვე დაწყებულია.

,,კრიზისულ სიტუაციაში დავინახეთ, რომ მხოლოდ ტურიზმის ეკონომიკამ ვერ მოიტანა შედეგი და დავზარალდით.  ასეთ პანდემიას არავინ ელოდა, მაგრამ ეს დებულება ცალსახად დადასტურდა. ახლა მაღალ დონეზე უნდა განვავითაროთ მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და რეალური სექტორი. გარდა ამისა, მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს ანტიკრიზისული კონცეფციები.  ქვეყანები და მათ შორის საქართველო ეროვნული რესურსების გამოყენებაზე უფრო მეტად იქნებიან კონცენტრირებულნი, უფრო მეტად დაეყრდნობიან ეროვნული ეკონომიკის განვითარებას. ამით იმპორტი შემცირდება და თანდათან ჩავანაცვლებთ. 

იდეაზე, რომ სახელმწიფო არ ჩაერიოს ეკონომიკაში და ლიბერალური მიდგომით ბაზარი თავისი წესებით განვითარდეს,  მთავრობა უარს იტყვის. ეს აუცილებელია, რადგან ნებისმიერი ტიპის კრიზისის დროს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე პრობლემა ვერ მოგვარდება, ამიტომ ეკონომიკურ პოლიტიკაშიც მიდგომა უნდა იყოს შეცვლილი და ეს აშკარად ჩანს. ამისთვის უნდა მოვემზადოთ“, - აღნიშნა ავთო სილაგაძემ.

ფაქტია ისიც, რომ ეპიდემიამ უფრო მეტად დაგვაფიქრა საკუთარ ჯანმრთელობაზე, საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და ბუნებაზე. შეცვლილ ქცევებს შორისაა დისტანციური სავაჭრო ურთიერთობები, რაზეც ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, კორონავირუსმა საქართველოში მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ვირტუალურ ვაჭრობას. არადა, ამ მხრივ 4-5 თვის წინ სულ სხვაგვარი ვითარება იყო.

,,ვიდრე იზოლაციაში ვისხედით, ირგვლივ ბევრი რამ შეიცვალა. თუნდაც ტაქსი ავიღოთ: დღეს, როდესაც მათი მომსახურებით სულ უფრო ნაკლები ადამიანი სარგებლობს, მათ მალევე შეითავსეს ახალი ფუნქცია და მზად არიან, ერთი ადგილიდან მეორემდე მიიტანონ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ: ფოსტა, ამანათი...I ამგვარად, თუ ცოტა ხნის წინათ დისტანციური ვაჭრობის ინდუსტრია ბიზნესის არცთუ ისე აქტიური ნაწილი იყო და ზარმაცების მომსახურებად ითვლებოდა, მან მთავრობისგან შემდგომი განვითარებისა და მხარდაჭერის გარანტიაც კი მიიღო“, - განაცხადა არჩვაძემ და დასძინა, რომ კორონავირუსის გამო საქართველოს საექსპორტო ვექტორიც  შეიცვალა. ბაზრები, ფაქტობრივად, ახლებურად გადანაწილდა.

,,სავაჭრო ბრუნვა და სტრუქტურა შეიცვალა მთელ მსოფლიოში, არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი, რადგან ადრე ჩამოყალიბებული განვითარების ტენდენციები  და დინამიკა მკვეთრად შეიცვალა. გლობალური მასშტაბით ასეთი მოცემულობაა. რა კავშირებიც გვქონდა გარე სამყაროსთან,  იცვლება. ამა თუ იმ პროდუქციაზე მოთხოვნა მცირდება, რამაც პირდაპირი ასახვა ჰპოვა ექსპორტის ვარდნის მასშტაბში. 

რაც შეეხება იმპორტს, სტრუქტურულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. მაგალითად, ჩვენ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული მარცვლეულისა და საწვავის იმპორტზე. რაც არ უნდა მოხდეს, მასზე გადახდისუნარიანი მოთხოვნა არ შემცირდება", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

კოვიდ19-ისგან მიღებულ სარგებელს შორის არის ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხებიც. როგორც მიგრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოგიშვილმა განაცხადა, დროთა განმავლობაში მეტი თანამემამულე ჩამოვა სამშობლოში და აქ ხელახლა დამკვიდრებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. არადა, ცოტა ხნის წინათ მოქალაქეებს გაქცევისკენ ეჭირათ თვალი. ეს აღარ იქნება დიდი ხნის განმავლობაში.

,,მიგრაციული ნაკადების მართვა გაიოლდა. მიმოსვლა შეწყდა და მან არალეგალური მიგრაცია შეამცირა. კონტროლი მაღალია და ხელს უწყობს, რომ ჩვენი მოქალაქეები არ გაემგზავრონ ქვეყნიდან, პარალელურად კი დაბრუნების ტენდენციაც დაიწყო. ზოგი ემიგრანტი რეალურად მძიმე პირობებში იყო, ხალხს ვალი ჰქონდა აღებული და უკან დასაბრუნებელი ფულიც არ მოეპოვებოდა. მთავრობამ საშუალება მისცა მათ, შეღავათიან ფასში დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. 

გადინება, ფაქტობრივად, შეჩერდა და ამიტომ  ბევრი შეძლებს, რაიმე საქმე წამოიწყოს. უფრო მეტად შეეცდებიან თავის დამკვიდრებას. სავარაუდოდ, შობადობაზეც, გარკვეულწილად, დადებითად აისახება. მართალია, ჯერ ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, გარკვეული პოზიტივი ამ მხრივაც გაჩნდეს“, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ გიორგი გოგიშვილმა. 

ამდენად, იცვლება როგორც ჩვენი ყოველდღიურობა, ისე - სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკა. ზოგი ახალი წესი შეიძლება, სამუდამოდ დამკვიდრდეს, მაგრამ რამდენად სწორია და რა შედეგის მომტანი,  ამას მხოლოდ პანდემიის დასრულებისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ გავიგებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×