"ვინც სამსახური შეინარჩუნა, მათი შემოსავლებიც შემცირდა ან შემცირდება, ხოლო ირგვლივ ყველაფერი ძვირდება"
ირაკლი ლომიძე
10.08.2020

ფასების ზრდას ვერაფერი აჩერებს. ცხოვრება ბოლო პერიოდის განმავლობაში იმდენად გაძვირდა, რომ მოსახლეობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. ეს პროცესი გაცილებით უმტკივნეულო იქნებოდა, რომ ხალხის შემოსავალი მატულობდეს, თუმცა ტენდენცია განუხრელად კლებისკენაა, ამიტომ წლის ბოლოს მოსალოდნელია ოჯახების მასობრივი გაღარიბება.

ფაქტობრივად, არ დარჩა მომსახურების არც ერთი სეგმენტი, რომელზეც კოვიდ 19-ის გავლენა არ ასახულა - გაძვირდა საბანკო მომსახურება, სამედიცინო სერვისები, დაზღვევა, მგზავრობა, პროდუქტები და სხვა. ცხადია, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად 200-ლარიანი დახმარება არასაკმარისია და ხალხს ვერც კომუნალურ გადასახადთან დაკავშირებული შეღავათი უშველის, თუმცა მცირე შვებას იგრძნობს.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, შემოსავლები დაახლოებით იმავე დონეზე მაინც რომ შენარჩუნდეს, რაც გასულ წელს იყო, ხალხი ფასების ზრდას მეტ-ნაკლებად გადაიტანდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. პერსპეტივაც არასახარბიელოა, გავითვალისწინებთ იმას, რომ სურსათის მორიგი გაძვირება იგეგმება. 

იმპორტიორები ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ სექტემბრიდან ფასების კორექტირება მოუწევთ. ცვლილება, ძირითადად, სურსათს შეეხება. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ აღნიშნა, ამის მიზეზი არის ევროს მაღალი კურსი დოლარის მიმართ, რაც ბოლო პერიოდში ვაჭრობაში სერიოზულ პრობლემას ქმნის. განსაკუთრებით მოიმატებს იმ პროდუქტის ფასი, რომლის გაძვირებაც ფაო-ს ინდექსითაც დადასტურდა. ასეთებია: შაქარი, ზეთი, მცენარეული ცხიმები და რძის ნაწარმი.

,,ბოლო პერიოდის ტენდენცია ფასების მხრივ არასახარბიელოა, თუმცა აქამდე ადგილობრივ ბაზარზე გაძვირებისგან თავს ვიკავებდით. ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე 1 თვეა, ცვლილებისთვის არ მიგვიმართავს. გლობალურ ბაზრებზე ვაჭრობა, ძირითადად, ხდება ევროში. ამ დროს ვხედავთ, რამდენად არასტაბილურია ევრო დოლართან, რის გამოც ფასები მუდმივად იცვლება.

აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ცვლილებას ქართულ ბაზარზეც უნდა ველოდოთ. ტენდენცია სექტემბერში გამოიკვეთება, ვერ ვიტყვით, რომ მკვეთრად გაძვირდება პროდუქტი, თუმცა გარკვეული ზომების მიღება ნამდვილად მოგვიწევს, ჯერჯერობით კი არსებობს გარკვეული მარაგი, რის ხარჯზეც ფასის შენარჩუნება შესაძლებელია.  ბიზნესიც და მომხმარებელიც ხშირი რყევების გამო ზარალდება", - განაცხადა ჭყონიამ.

მან აღიარა, რომ ყველაზე მეტი პრობლემა კომპანიებისთვის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის კლებაა, რის გამოც რეალიზაცია მკვეთრად შემცირებულია. პრობლემის გამოსწორება, ტურისტების კლების, უმუშევრობის ზრდისა და სავალუტო რყევების ფონზე, რეალურად შეუძლებელია.

ეკონომისტ სოსო სიმონიშვილის აზრით, სურსათის გაძვირებაზე გავლენას კორონავირუსი ახდენს, რადგან წარმოების ტემპი შემცირებულია. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ, კონკურენტული პირობების არარსებობის გამო, იმპორტიორები ფასებს საკუთარი შეხედულებისამებრ ზრდიან.

,,საქართველოში არ არის კონკურენტული გარემო და, შესაბამისად, ბაზარიც არ არის კონკურენტული. სწორედ ამიტომ, იმპორტიორს შეუძლია, ფასი ასწიოს და დასწიოს ისე, რომ ამის გამო პრობლემები არ შეექმნას. ასეთი კომპანიები ყოველთვის ცდილობენ, გამოიყენონ ყველა შესაძლებელი გარემოება, რათა ფასი გაზარდონ. ამის მკაფიო მაგალითი არის საწვავი. ნავთობი მთელ მსოფლიოში გაიაფდა, ჩვენთან კი თითქმის არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ბაზარზე, კონკურენტული გარემოს არსებობის შემთხვევაში, კომპანიები გაძვირებას ვერ გაბედავდნენ, რადგან სხვაგან სიიაფე იქნებოდა და მათთან არავინ მივიდოდა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სიმონიშვილმა.

რაც შეეხება მომსახურების სფეროს. როგორც კი კარანტინი მოიხსნა და რიგ დარგებს მუშაობის შესაძლებლობა მიეცა, ტარიფები ყველგან გაიზარდა. სტომატოლოგიური კლინიკების შემთხვევაში 30%-იანი ნახტომი დაფიქსირდა, ხოლო სილამაზის სალონებმა ტარიფები, დაახლოებით, 15%-ით გაზარდეს. ყველა შემთხვევაში, ასეთი ცვლილების ლოგიკური შედეგი მომხმარებლების კლებაა. 

თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სილამაზის სალონის მენეჯერმა მარია ვოსკანიანმა ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ, გაზრდილი ხარჯის გამო, მომსახურება 15%-ის ფარგლებში გაძვირდა. რაც შეეხება მოთხოვნას, მარია ვოსკანიანის თქმით, მცირედით იკლო, რაც უფრო მოსახლეობის შემოსავლების შემცირებას უკავშირდება.

შექმნილი სიტუაცია იმდენად მძიმეა, სპეციალისტებს უკვე ეჭვიც არ ეპარებათ, რომ მოსახლეობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღარიბდება. 

ეკონომისტმა გივი მომცელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან” განაცხადა, რომ წინ რთული წლები გველის, რადგან მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის გადახდისუნარიანობა გაუარესდეს, რაც უპირობოდ გამოიწვევს ხალხის გაღარიბებას.

,,იმდენად მძიმე სიტუაციაა ეკონომიკაში, რომ უნდა ველოდოთ მდგომარეობის გაუარესებას. მთავრობის დახმარებები ამოიწურება და უფრო მეტად ვიგრძნობთ გაჭირვებას. ჯერ ცოტას მაინც ახერხებს ხალხი, სამომავლოდ კი დიდი პრობლემა გველის. არ ჩანს პერსპექტივა, ვინც სამსახური შეინარჩუნა, მათი შემოსავლებიც შემცირდა ან შემცირდება. 

როგორი ოპტიმისტიც არ უნდა ვიყო, ძნელად დასაჯერებელია, რომ 2022 წლამდე ვითარება გამოსწორდეს, ასეთი მოლოდინი ნუ გვექნება. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედად ყოფნა მოგვიწევს. ინვესტიციების შემოსვლას არ ველი. ვფიქრობ, შეგვეძლო მეტი რისკის გაწევა, თუნდაც ის, რომ უფრო მეტად უნდა გამოგვეყენებინა კოვიდ19-თან მიღწეული წარმატება და საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტად უნდა გავსულიყავით. 

მეჩვენება, რომ ზედმეტად ვიჩენთ სიფრთხილეს, ამით კი გაღარიბებისკენ მივდივართ. დღეს ტურიზმზე მთელი ეკონომიკური სპექტრია მიბმული, დიდი ჩავარდნა გვაქვს საგარეო ვაჭრობაში, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, ფაქტობრივად, ჩამოიშალა, ყველა სფეროში პრობლემაა და მიჭირს ვარაუდი, რის იმედად შეგვიძლია ყოფნა”, - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" ეკონომისტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
teimuraz   (11.08.2020)
turnavas imedi gvaqovs,rom gamoasworebs mdgomareobas!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×