ენერგეტიკოსი: "სემეკი ცდილობს, რომ დაიცვას მოსახლეობა და მცირე ბიზნესი"
თამარ მუკბანიანი
11.08.2020

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა. იგი გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვას, რომელიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს. სემეკის თავმჯდომარე ,,რეზონანსთან“ ამბობს, რომ ცვლილებები ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. 

რას მოიტანს ახალი გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის? გაიაფდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფი? შეიძღუდება თუ არა ბაზარზე გაჩენილი ოლიგოპოლია? - ეს არის კითხვები, რომელიც ტველაზე მეტად აინტერესებს არა მარტო სპეციალისტებს, არამედ უბრალო მომხმარებლებსაც. პირველი პირობა, რასაც სემეკის თავმჯდომარე იძლევა, ეს კონკურენციის ზრდა და ბაზარზე სამართლიანი წესების დამკვიდრებაა.

ახალი რეგულაცია მოიცავს დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხო და საიმედო ოპერირება, ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგულირება. წესები ეხება ბაზრის მონაწილეებს - ელექტროსადგურების მფლობელებს, მსხვილ მომხმარებლებს, ტრეიდერებსა და ელექტროენერგიის მიმწოდებლებს. წესებით იკრძალება ბაზარზე შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი და ჯვარედინი სუბსიდირება. 

დაინერგება თვითდისპეტჩირების მოდელი, რომლის მიზანიც იქნება ელექტროენერგეტიკული სისტემის დაგეგმვა და ოპერირება. წესები შემუშავებულია ევროპული რეგულაციების საფუძველზე და მისი მიღება განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ,,რეზონანსთან“ განმარტავს, თუ რატომ დადგა ცვილელებების საჭიროება, რა არსებითი გადაწყვეტილება შევიდა ძალაში და როგორ აისახება ის მომხმარებელსა და საფასო პოლიტიკაზე. 

,,წესები, რომელიც მივიღეთ, ეხება ბაზრის მონაწილეებს - ელექტროსადგურების მფლობელებს, მსხვილ მომხმარებლებს, ტრეიდერებსა და ელექტროენერგიის მიმწოდებლებს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში.  

ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში იქნება ძალიან ბევრი სიახლე. მიმდინარე წლის პირველ ივლისს სატესტო რეჟიმში დაიწყო მუშაობა ე.წ. დღით ადრე ბაზარმა და  სატესტო-სიმულაციურ ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად 70-ზე მეტი კომპანიის 200-მდე წარმომადგენელი დარეგისტრირდა, რაც მისასალმებელია.   ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესებით ახლებურად დარეგულირდება ელექტროენერგიის ბაზარზე თამაშის პირობები. მოხდება ენერგეტიკულ ბირჟაზე  ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვა, რომელიც ბაზრის მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას ელექტროენერგია საათობრივი ფასით, ანუ მისთვის უფრო ხელსაყრელი ტარიფით შეისყიდოს. ვაჭრობის დახურვის შემდეგ, დღით ადრე ბაზარზე ყიდვის შესახებ განაცხადები დალაგდება ფასის კლებადობის მიხედვით, ხოლო გაყიდვის შესახებ განაცხადები - ფასის ზრდადობის მიხედვით. ყველა პროცესი იქნება გამჭვირვალე.   

ჯანსაღი კონკურენცია დააბალანსებს ფასის ცვლილებას. ახალი რეგულაცია, რომელიც გვაქვს დღეს უკვე ელექტროენერგეტიკის ბაზარზე და მომდევნო ეტაპზე გაჩნდება ბუნებრივი გაზის ბაზარზე, განავითარებს კონკურენციას, რაც ჩვენი ენერგეტიკული ბაზრებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა.  

ბაზრის გახსნა გააჩენს რეალურ კონკურენციას და სექტორში თავისუფალი და სამართლიანი ფასწარმოქმნის საფუძვლებს შექმნის. ბაზარზე ისეთი კომპანიის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც არაადეკვატურად მაღალ ფასებს შესთავაზებს მომხმარებლებს, დიდხანს ვერ გაგრძელდება", - განუცხადა ნარმანიამ ,,რეზონანსთან“. 

ბაზარზე ცვლილებები რომ აუცილებელი იყო ადასტურებს ენერგეტიკოსი, მურმან მარგველაშვილიც. მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ კუთხით, უნდა ემსახურებოდეს, ბახზრის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას. 

,,ცვლილებები ახალია და მას დეტალურად არ ვიცნობ, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ცვლილებები და თამაშის ახალი წესების მიღება აუცილებელი იყო. სავარაუდოდ, ეს შეთანხმებული იქნებოდა ენერგეტიკის სამდივნოსთან, მაგრამ არ ვიცი, რამდენად აგრესიულია (კარგი გაგებით) ახალი მიდგომები. ყველაფერი რაც ამ ბაზარზე მოხდება უნდა ემსახურებოდეს კონკურენტუნარიანობის ზრდას“, - განუცხადა მარგველაშვილმა ,,რეზონანსს“. 

ენერგეტიკოსი გია არაბიძის აზრით, სემეკის დადგენილება კარგია იმით, რომ ხდება ბაზრის ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპის დანერგვა. ენერგოკომპანიებს შეეძლებათ, რომ ელექტროენერგია გაყიდონ იმაზე მეტი ტარიფით, ვიდრე სემეკი ამის საშუალებას იძლეოდა, ანუ თავისუფალ ბაზარზე გავიდნენ. 

"ამით ზოგი მოიგებს, იქნებიან ისინიც, რომლებსაც შეიძლება გაუჭირდეთ. განსაკუთრებით შეიძლება წააგონ პატარა ჰესებმა, რადგან მათი გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება, დიდ სადგურებთან შედარებით, ცოტა მეტია. მიუხედავად ამსია, ვფიქრობ, რომ არც ერთი ენერგიის შესასყიდი ფასი არ იქნება იმაზე დაბალი, რაც დავუშვათ, სემეკის მიერ დღემდე დამტკიცებული ტარიფები იყო. 

საბითუმო ბაზრის დებულების დამტკიცების შემდეგ ენერგოკომპანიებს, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე შესასყიდი, ესკო-ს მიერ  დადგენილი ფასები არ მოეწონებათ, შეძლებენ მეზობელი ქვეყნებიდან უფრო იაფად შემოიტანოს ელექტროენერგია.  ცხადია, ამით სემეკი ცდილობს, რომ დაიცვას მოსახლეობა და მცირე ბიზნესი, ხოლო მსხვილ ბიზნესს გზას უხსნის, რომ ბაზარზე შევიდნენ და ივაჭრონ ელექტროენერგიის მათთვის მისაღები ტარიფებით", - განუცხადა "რეპორტს" ენერგეტიკოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×