რეზონანსი
26.08.2020

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში არსებული სოციალური უთანასწორობა უფრო მეტად გამოაჩინა. პანდემიამდე არსებულ დროს, ქვეყანას ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკავა თუმცა, ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის არსებული სხვაობა კიდევ მეტად გაიზარდა.

საქართველოში სოციალური უთანასწორობა საკამოდ მაღალ ნიშნულზეა და შეიძლება ითქვას, რომ ევროპულ დონეს 2-ჯერ მაინც აღემატება. კორონავირუსის პანდემიამ, უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა ანდა შეუმცირა, სწორედ ამის ფონზე გაიზარდა სოციალური უთანასწორობაც.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სოციალური უთანასწორობის დონე კიდევ უფრო გაუარესდება. არსებული პარამეტრით, მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის მთლიანი შემოსავლების მიხედვით სხვაობა 17%-ია. ხოლო ფულადი შემოსავლების მხრივ კიდევ უფრო მაღალი - 27-28%-ის ფარგლებში. ეს მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებული სტანდარტით 10%-ს არ უნდა აჭარბებდეს.

ქვეყანაში ამ მხრივ არასებული ვითარება ყოველწლიურად მძიმდება. პანდემიამ კი, მდგომარეობა უფრო მეტად გაართულა, რადგან კრიზისულ ვითარებაში ყველაზე მეტად მოსახლეობის იმ ნაწილმა იზარალა, რომელთა შემოსავალი ისედაც მცირედი იყო.

ეკონომისტი პაატა აროშიძე ამბობს, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა საკმაოდ პრობლემატურია, რომლის მოგვარებაც აუცილებელია.

"სოაციალური უთანასწორობა ძირითადად სიღარიბისა და შემოსავლების კუთხით უნდა აღვიქვათ. ბოლო დროინდელი ვითარების გამო, ეს საკითხი მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც ძალიან პრობლემატურია.

მოსახლეობის ნაწილს, რომელთა შემოსავალი მთლიანად ხელფასზე იყო დამოკიდებული, გარკვეულწილად შემოსავლები შეუმცირდა, რადგნაც იკლო სამუშაო ადგილებმა. ისეთი სამუშაო ადგილები, რომელიც იყო დაკავშირებული ყველაზე მეტად აქტიური დასაქმების სფეროსთან, კერძოდ ტურიზმთან. გარდა ამისა, თუ არ შემცირდა გარკვეული სამუშაო ადგილები, იკლო ხელფასებმა. ამიტომ, სრულიად მართებულად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პანდემიამ სოციალური მდგომარეობა გააუარესა და რა თქმა უნდა, რთულია ძველ ნიშნულზე დაბრუნება.

უფრო მართებული იქნება, რომ ეს ვითარება მსოფლიო კრიზისს დავაბრალოთ, რადგან კრიზისმა გამოიწვია ეს პრობლემები. თორემ, ის რეკომენდაციები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა, ხელისუფლება ასრულებს და პლუს ამას დახმარებების სოციალური პაკეტებიც შემოიღო. მაგრამ, ეს რა თქმა უნდა ზღვაში წვეთია იმ პრობლემებთან, რომლის წინაშეც მოსახლეობა აღმოჩნდა.

სოციალური უთანასწორობის დაძლება პირველ რიგში, შესაძლებელი დასაქმების ადგილების შექმნით. სახელმწიფო დასაქმების ადგილებს პირდაპირი გზით ვერ შექმნის. ის ხელს უწყობს ბიზენსს. ბიზნესი კი, ქმნის დასაქმების ადგილებს. უთანასწორობა, ქვეყანაში არსებული სიღარიბის გამო არსებობს. სახელმწიფო ამ მდგომარეობში მეტს ვერაფერს ვერ გახდება, გარდა იმ დახმარებებისა, რომელიც მან შემოიღო. სახელმწიფოს მხრიდან, სხვადასხვა ქმედების განხორციელება, რომელიც ბიზნესს არ აუარესებს, შეიძლება ითქვას, რომ ესეც ხელშეწყობაა", - უთხრა "რეზონანსს" პაატა აროშიძემ.

სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და რაც უფრო გაღარიბდება მოსახლეობა, სოციალური უთანასწორობაც მით მეტად გაზრდება.

რადგანაც, საქართველოსთვის სოციალური უთანასწორობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, საჭიროა მისი მოგვარების გზები მოიძებნოს, რათა მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის არსებული სხვაობა შემცირდეს.

სტატისტიკოსი გივი მომცელიძე სოციალური უთანასწორობის გამოსწორების გზებს კონკრეტული კანონების და პროგრამების გაუქმებაში ხედავს.

"ასეთ კრიზისულ ვითარებაში ყველა ღარიბდება და უფრო დიდი შანსია იმისა, რომ იგივე მდგომარეობა დარჩეს სოციალურის უთანასწორობის მხრივ. ახლა, როდესაც პანდემიის გამო ხალხი ღარიბდება, არამგონია უთანასწორობა გაიზარდოს. საუკეთესო შემთხვევაში, სოციალური უთანასწორობა იგივე დარჩება. ზოგადად, რაც უფრო ვღარიბდებით, მით უფრო თანასწორები ვხდებით და რაც უფრო ვმდიდრდებით მით უფრო უთანასწორები. მე მირჩევნია, მდიდრები და უთანასწოროები ვიყოთ, ვიდრე ღარიბები და თანასწორები.

მსოფლიოში 120 ქვეყანა მაინც მოიძებნა, სადაც ჩვენზე დიდი სოციალური უთანასწორობაა. თუმცა, ევროპის დაახლოებით 50 ქვეყნიდან, სადღაც 43-44 ქვეყანა ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უთანასწორობა არსებობს. გამოსაკვლევია რითია ქვეყანაში არსებული სოციალური უთანასწორობა გამოწვეულია. ერთმნიშვნევლოვნად იმის თქმა, რომ საქართველოში არსებული უთანასწორობის გამო, ძალიან დიდი პრობლემები გვექმნება და ვერ ვითარდებით, არ იქნება სწორი.

ჩემი აზრით, რაღაც მომენტში უთანასწორობის მიზეზი შეიძლება იყოს, 90-იანი წლების კოლაფსი, რომელმაც გამოიწვია ის, რომ ჯერ კიდევ მოვდივართ იმ პერიოდის ინერციით. ქალაქებში მცხოვრებლებმა მოახერხეს გამდიდრება, სოფლის მოსახლეობამ - ვერ. უთანასწორიბის მთავარი მიზეზი არის სხვაობა სოფლის და ქალაქის მოსახლეობის შემოსავლებს შორის. სამწუხაროდ, სოფელმა ვერ მოახერხე ფეხი აეწყო ქვეყნის ეკონომიკისთვის.

უთანასწორობის გამოსწორება შეიძლება პირველ რიგში, უცნაური კანონების და პროგრამების, (ხალხის სოფლად დამაგრება, მთის კანონი) გაუქმებით. ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს ნაკლებ გადასახადს უნდა ვახდევინებდეთ. საუბარია, საშემოსავლო გადასახადებზე. ძალიან ბევრი უცნაური პროგრამის შეწყვეტა, დაგვეხმარება სოციალური უთანასწორობის გამოსწორებაში. თუნდაც, ის 2 მლრდ, რომელიც სოფლად დაიხარჯა, ჯობდა მომხდარიყო ყველაზე გაჭირვებული ადამიანების აღრიცხვა და ფულადი სახით დახმარება. ძალიან გაჭირვებულ ადამიანებს თანხები უნდა ურიგდებოდეთ და არა რაღაც უცნაური პროგრამები არსებობდეს", - განუცხადა "რეზონანსს" გივი მომცელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×