დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა მორიგი არაეფექტური ნაბიჯი იქნება?!
გვანცა წულაია
01.09.2020

საქართველოში შესაძლოა, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური შეიქმნას. ასეთია ახალი კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში უწყების დაფუძნებას 10 მილიონ ლარამდე უნდა მოხმარდეს. ასეთ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში ბიუროკრატიული ხარჯის ზრდა რას მოიტანს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მთავარია, რას მივიღებთ მორიგი ცვლილებით. ქვეყანაში ბევრი „დამოუკიდებელი" სტრუქტურა არსებობს და მათი მუშაობის შედეგი ნულოვანია. 

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო სამ სხვადასხვა უწყებაში (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საჯარო სამსახურის ბიურო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური) არსებული ანტიკორუფციული ფუნქციის მქონე დანაყოფების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდება. ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და აღჭურვილი იქნება საგამოძიებო უფლებებით. 

სააგენტოში თავს მოიყრის მთელი რიგი ისეთი ანტიკორუფციული ფუნქციები, რომლებიც ამჟამად ზემოთ ჩამოთვლილ სამ უწყებაშია გაფანტული ან საერთოდ არ აქვს არც ერთ უწყებას დაკისრებული.

ჯერჯერობით, ამ კომბინაციით ის ირკვევა, რომ ბიუროკრატიული ხარჯი, შემცირების ნაცვლად, იზრდება. თანაც ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ყოველთვიურად მცირდება და ბიუჯეტს სულ უფრო მეტად უჭირს. იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, გასარკვევია, 10 მილიონამდე ლარი, რომელიც უწყების შექმნისთვის მოიაზრება, რამდენად ეფექტურად იქნება გამოყენებული. 

„რეფორმები გვიან არასოდეს არ არის, თუმცა ცალკეული ინსტიტუტის რეფორმა წარმატებას ვერ მოიტანს, როგორი კარგიც უნდა იყოს ის. საერთოდ, საგამოძიებო ფუნქცია ყველა უწყებას უნდა გამოეყოს და ეს ცალკე ინსტიტუტი პარლამენტის გაძლიერებული კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. დანარჩენები, დაზვერვა იქნება, კონტრდაზვერვა თუ სხვა ინსტიტუტები, შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, იქნება ეს საერთაშორისო დანაშაულთა პრევანცია, ოპერატიული საქმიანობა თუ სხვა. 

კანონპროექტის დეტალების მსჯელობაში ვერ შევალ, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი იყოს ერთიანი, სისტემური სახით წარმოდგენილი, ვიდრე ერთი რომელიმე ინსტიტუტის გაკეთილშობილება უსწორო სისტემაში. 

სუს-ს აქვს 10 მილიონი ლარი ანტიკორუფციული ფუნქციისა და მექანიზმის შესანახად და თუ ამბობენ, რომ ხვალ ეს თანხა აღარ დარჩებათ, ბუნებრივია, ხარჯები არ გაიზრდება. მთავარია, ის რამდენად ეფექტურად იქნება გამოყენეული. ახლა დასათვლელი და მოსათხოვია ხარჯების დასაბუთება, თუკი სისტემური რეფორმა იქნება შემოთავაზებული”, - განუცხადა ლევან ალაფიშვილმა „რეზონანსს”. 

ახლა გასარკვევია, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, რას მოგვიტანს ახალი უწყება და მის დაფუძნებაში დახარჯული მილიონები მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიამ ქართული ეკონომიკა ძალიან დააზარალა. ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქვეყანაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური იქნება. 

„დღევანდელი არსებული ვითარება რომ შევაფასოთ, ქვეყანაში სუს-ი გახდა ყველაზე კორუფციული და კორუმპირებული სტრუქტურა. უბრალოდ, გაოცებული ვარ იმით, რიგით სუს-ელებს რამხელა ქონება აქვთ დაგროვილი. ქვეყნის ისტორიაში არ მახსოვს, რომ როდესმე მინისტრი ან მისი მოადგილე დაეკავებინათ კორუფციის ბრალდებით. დეპარტამენტის ხელმძღვანელებსაც იშვიათად ეხებიან ხოლმე მაშინ, როცა მეტყევეების დაკავება ხდება და 2000-ლარიან ქრთამის ამღებებზე იკეთებენ კარიერას. 

ძალოვან სტრუქტურას არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს ფინანსებსა და კორუფციასთან, რადგან შემდეგ თავად ხდება ყველაზე კორუმპირებული სტრუქტურა. დღეს, სამწუხაროდ, ასეთი ვითარება გვაქვს და ეს ყველაფერი სასწრაფოდ მოითხოვს ცვლილებას, მაგრამ რამდენად ეფექტურად განხორციელდება, უკვე პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული. 

რა აზრი აქვს, სტრუქტურა სუს-ის დაქვემდებარებაში იქნება თუ დამოუკიდებელი გახდება. ხარჯების მხრივ ბიუჯეტისთვის რა განსხვავება ექნება, 50 კაცი ცალკე იმუშავებს თუ სუს-ის დაქვემდებარებაში. 

თუ რაიმე მსგავსი სამსახური შეიქმნა, სურვილი მექნება, რომ, მაგალითად, ტენდერის გამოცხადებისთანავე, რომელიც საწყისშივე კორუფციის ნიშნებს შეიცავს, მოხდეს მისი აღკვეთა. ამის ნათელი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როდესაც ქარის ელექტროსადგურები ნათია თურნავამ „საქართველოს ბანკს" კაპიკებად მიჰყიდა. მომგებიანი სახელმწიფო საწარმო, რომლის აშენებაც დაჯდა სადღაც 36 მილიონამდე, ამის ნახევარ თუ მესამედ ფასში მიჰყიდა ბანკს. ეკონომიკის სამინისტროში ან ძალიან უცოდინრები არიან, ან იქ კორუფციაა. 

მივესალმები, თუ ანტიკორუფციული სამსახური იქნება დამოუკიდებელი, მაგრამ როდესაც ამას ვამბობთ, საინტერესოა, ვისზე იქნება დამოკიდებული, ვინ დაუნიშნავს ხელმძღვანელს, ვინ გააკონტროლებს და ა.შ. თორემ ასე ბევრი „დამოუკიდებელი" სახელმწიფო სტრუქტურა გვაქვს და საკითხავია, არიან თუ არა მართლაც დამოუკიდებლები”, - უთხრა „რეზონანსს” მერაბ ჯანიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×