კორონავირუსის გამო, ყველა ქვეყანა თადარიგს იჭერს, რომ თავისი მარაგი შეავსოს, ამიტომ მარცვლეულის ფასი იზრდება
გვანცა წულაია
02.09.2020

რუსეთში ხორბალი ძვირდება, რასაც შესაძლოა, საქართველოში პურზე ფასის მატება მოჰყვეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რუსული საექსპორტო მარცვლეული გაძვირებას გააგძელებს. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ფასის გზარდას არ გამორიცხავენ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში ხორბლის ფასი კიდევ 15 დოლარით მოიმატებს.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში რუსეთში ხორბლის ფასი იზრდება. გასულ კვირასთან შედარებით ზრდამ 9-10 დოლარი, გასულ წელთან შედარებით კი 22-23 დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ საექსპორტო ხორბლის ღირებულება ერთ ტონაზე კიდევ 12-13 დოლარით გაიზარდოს. ამ დროისთვის ერთი ტონა რუსული ხორბლის საექსპორტო ფასი 213 დოლარია.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ, მიუხედავად ხორბლის ფასის მატებისა, საქართველოში ფქვილის გაძვირება მოსალოდნელი არ არის და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთში ხორბლის ფასი კიდევ 15 დოლარით გაიზარდა.

`შესყიდვას ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ. პანდემიის პირობებში, მარაგის შესახებ რეკომენდაცია გაცემულია და ჩვენც მივყვებით ამ გაზრდილი მარაგის პრინციპს. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საკოორდინაციო შტაბთან ერთად მისი კონტროლი.

რა თქმა უნდა, ფასების ზრდის მსოფლიო ტენდენცია ჩვენზეც აისახება, მაგრამ, უკვე არსებული მარაგიდან გამომდინარე, მდორედ მიმდინარეობს პროცესი. თუ ფასმა კიდევ 15 დოლარით არ მოიმატა, ჩვენთან ფქვილი და, შესაბამისად, პური არ გაძვირდება. შემდეგ შეიძლება, იყოს გარკვეული ცვლილებები, მაგრამ არა - დრამატული.

ფქვილის ბაზარზე არსებობს ორი რისკი: ფქვილის ფასი და ლარის კურსი. რომელიმე ფაქტორი რადიკალურად თუ არ შეიცვალა, არ უნდა ველოდოთ ცვლილებებს. ამ ეტაპზე ქვეყანას 1,5-2 თვის მარაგი აქვს“, - განაცხადა სილაგავამ „ბიზნესპრესნიუსთან” და დასძინა, რომ ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი წელსაც რუსეთი იქნება თუ არა, ამას 20 დღეში ყაზახეთში აღებული მოსავალი განსაზღვრავს.

სამწუხაროდ, წელს საქართველოში არ იყო კარგი მოსავალი და მხოლოდ ჩვენი მოთხოვნის 10%-ზე ნაკლების დაკმაყოფილებას შევძლებთ. 

`პროგრამებით, რომლებიც ამოქმედდა, 2-3 წელიწადში იმედი გვაქვს, რომ ცოდნისა და ტექნოლოგიის ხარჯზე, საერთო მოთხოვნის 40%-ს უზრუნველვყოფთ, რაც ჩვენი მაქსიმუმია“, - განაცხადა ლევან სილაგავამ. 

როგორც ირკვევა, თუ რუსეთში ხორბილის ფასი გაძვირებას გააგრძელებს, საქართველოში ფქვილის ფასის მატება გარდაუვალი იქნება, მისი გაძვირება კი პურ-ფუნთუშეულის ფასს გაზრდის. 

„ევროპული საქართველოს“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ეკონომიკის შეჩერებამ პრობლემები შეუქმნა ქართველ მეწარმეებს, რამაც ქართულ ბაზარზე რუსული ხორბლის მოთხოვნის გაზრდა გამოიწვია, ამ ვითარებაში კი საქართველოს რუსეთის მიერ დაწესებული ფასებით ხელმძღვანელობა უწევს.

მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ხელოვნურ ბარიერებზე საუბრობს და აცხდებს, რომ საქართველომ რუსული ბაზარი უნდა გამოიყენოს. 

`რა თქმა უნდა, არასასიამოვნია, რომ რუსეთში ხორბალი გაძვირდა. კორონავირუსის გამო, ყველა ქვეყანა თადარიგს იჭერს, რომ თავისი მარაგი შეავსოს, მაგალითად, თურქეთი, რომელიც რუსული ბაზრის უდიდესი მომხმარებელია. ჩვენ ძალიან ბევრი ბარიერი გვაქვს შექმნილი ხორბლისთვის საბაჟოზე. შემომტანმა ბევრი დოკუმენტი უნდა შეავსოს და შეასრულოს, რათა ქვეყანაში მარცვლეული შემოიტნოს, ამ დროს კი პირიქით, უნდა გავამარტივოთ. 

არ არის ახლა იმისი დრო, რომ ჩვენ ხელოვნური ბარიერები შევქმნათ. არ ვამბობ, რომ საბაჟოზე კორონტოლი არ იყოს, მაგრამ უნდა გავამარტივოთ. ნუ შევუქმნით ხორბლის შემომტანებს ბარიერებს. ასეთ შემთხვევაში პრობლემებს უფრო მარტივად გადავიტანთ. მოვაქციოთ ყველაფერი აღრიცხვაში, გავაიოლოთ და დამიჯერეთ, ასეთ დროს გაძვირებაზე საუბარი არ იქნება. 

საქართველოს ადრე მილიონი ტონა ხორბალი სჭირდებოდა, ახლა - 800 ათასი ტონა. პურის მოხმარება შედარებით დაკლებულია. ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყანა ვართ, რომელიც ხორბალს ყიდის, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ხელოვნური ბარიერები არ შევქმნათ. 

პურის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ბოლო ერთი წელია, ფქვილის ფასი სტაბილურია და არ მომატებულა ერთი ლარითაც, ამიტომ ვერ შევაშინებ ვერავის. 

ამჟამად და საერთოდაც 1 ტომარა ფქვილს სხვადასხვა ფასი აქვს. არის 40-ლარიანი, 42, 45 და 47-ლარიანებიც. იყო პერიოდი, როცა ერთი ტომარა ფქვილი 25, 35 და 37 ლარი ღირდა. თუ მუშაობს კონკურენცია და ნამდვილი საბაზრო ეკონომიკა, საქართველოს არ ასტკივდება თავი ფქვილისა და ხორბლის კუთხით. როგორც კი საბაზრო პრინციპების ღალატი ხდება, მაშინვე იწყება ფქვილის ფასის აწევა”, - აღნიშნა „რეზონანსთან” საუბრისას მალხაზ დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×