ახლა მსოფლიოში მსხვილი პროექტების განხორციელება თითქმის შეუძლებელია
ირაკლი ლომიძე
07.09.2020

მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება ეპიდემიურ პირობებში სერიოზული რისკის ქვეშ დადგა. კორონავირუსისა და, შესაბამისად, ნავთობზე შემცირებული მოთხოვნის გამო, საქართველო ამჯერად იძულებული გახდა, რომ გაზსაცავის სტრატეგიულ პროექტზე უარი თქვას გაურკვეველი ვადით, რის გამოც სესხის მიზნობრიობა შეიცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობასა და გერმანიის განვითარების ბანკს შორის შედგა მოლაპარაკება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ მოდიფიცირებას დაექვემდებარა გერმანიის სეხის150 მილიონი ევროდან 120 მილიონი ევრო. განახლებული შეთანხმებით, თანხა საქართველოში კოვიდ-19-ის კრიზისის დაძლევას მოხმარდება. მანამდე ეს თანხა განკუთვნილი იყო მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის. 

სპეციალისტების განცხადებით, გაზსაცავი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გაზმომარაგების სისტემის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს შეადგენს. მოქმედი მსხვილი მიწისქვეშა საცავის რაოდენობამ მსოფლიოში 600-ს გადააჭარბა.

როგორც ენერგეტიკოსმა ლიანა ჯერვალიძემ “ბიზნეს-რეზონანსთან“ განაცხადა, პროექტის შეჩერება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის, რამდენადაც იგი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიღებული გადაწყვეტილებით, პროექტის განხორციელება უკვე ხანგრძლივი ვადით გადაიწევს. 

“გაზსაცავის მშენებლობა ენერგოუსაფრთხოებისთვის აუცილებელი პროექტია. მას უნდა შეეწყო ხელი ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებისა და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებისთვის, ხოლო მომწოდებელი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გაზის მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ქვეყნის მომხმარებლების საცავიდან გაზის შეუფერხებელი მომარაგება. 

ახლა მსოფლიოში მძიმე პროცესებია, მსხვილი პროექტების განხორციელება თითქმის შეუძლებელია, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ვხედავთ, რომ ეკონომიკა გაჩერებულია. კარგი იქნებოდა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, პროექტი განხორციელებულიყო. მცირე გადავადება დიდი ტრაგედია არ არის, მაგრამ გაურკვეველი ვადები სწორად არ მიმაჩნია. 

გაზსაცავი აქტუალური პროექტია, რომელიც ენერგოუსაფრთხეობას ეხება და მთლიანად რომ  გაჩერდეს, წარმოუდგენელია. ცხადია, სექტორი ელოდება მოთხოვნის აღდგენას და სანამ სიტუაცია არ შეიცვლება, ამ პროექტების განხორციელებას სერიოზული რისკი ექმნება, მთავრობის გადაწყვეტილებაც ამით არის განპირობებული“, - აღნიშნა ჯერვალიძემ “ბიზნეს-რეზონანსთან“. 

როგორც გახდა ცნობილი, იგივე ბედი ეწია ,,ბათუმის კომუნალური წყლის” განვითარების პროექტსაც, რომლისთვისაც 60 მილიონი ევრო იყო გათვალისწინებული.

ჯამურად, რეკლასიფიცირებული სესხის მთლიანი ოდენობა 180 მილიონი ევრო იქნება. ახალი პროგრამის ფარგლებში თანხა ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის სახით დაიხარჯება და ის პირდაპირ სახელმწიფო ხაზინაში მიიმართება. 

გაზსაცავის მშენებლობა თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე იგეგმებოდა. 

გაზსაცავის პროექტი საპარტნიორო ფონდმა ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 220-250 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
tatoo   (08.09.2020)
ისე რატომაა რომ მნიშვნელოვანი პროექტები რატომღაც ამ ხელისუფლების დროს ჩერდება შუა გზაზე; ანკლიის პორტი, თბილისის შემოვლითი გზა, გაზსაცავი და და. შ.

ჭორლრონე   (08.09.2020)
თუ ამ ქალის სტატიებს წაიკითხავთ, ადვილად მიხვდებით რომ რუსეთის აგენტია.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×