პრობლემა იმდენად დრამატულია, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში უკვე აშკარად გამოჩნდა
ირაკლი ლომიძე
07.09.2020

სამუშაო ადგილების შემცირების პარალელურად, დასაქმებულებს ხელფასებიც უმცირდებათ. ნეგატიური ტენდენცია პანდემიის გამო დაიწყო და, მინიმუმ, გაზაფხულამდე გაგრძელდება. მთავრობა სულ უფრო და უფრო გვაჩვევს, რომ კორონავირუსთან თანაცხოვრებას შევეგუოთ და მივიღოთ ის სიმართლე, რომელიც ეკონომიკურ მდგომარეობას უკიდურესად ამძიმებს და როგორც ბიზნესის, ასევე ცალკეული მოქალაქეების შემოსავლებსა და მათ ყოველდღიურობაზე მკვეთრად ნეგატიურად აისახება.

ბოლო დროს ხელფასების კლების ტენდენცია ისედაც შეიმჩნეოდა, თუმცა ტოპ მენეჯერებისა და საფინანსო სექტორის ხარჯზე მაინც იზრდებოდა საშუალო ხელფასის მოცულობა და საქმეს ახლა ესეც ვერ შველის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2020 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 175.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 65.5 ლარით). 

რაც შეეხება დასაქმებას, 631,8-მდე არის შემცირებული და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,1%-ით ნაკლებია. პარალელურად, ბიზნესის ბრუნვა თითქმის 12%-ით არის დაკლებული.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დასაქმებისა და ხელფასების კლების ნეგატიური ტენდენცია გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ პანდემიისა და ეკონომიკის ვარდნის შეჩერება არ მოხერხდება. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, განსაკუთრებით ამ მხრივ მომსახურების სფეროს გაუჭირდება, სადაც ეპიდემიის გამო ყველაზე მეტი პრობლემაა.

“პანდემიამდე ხელფასების ზრდა  ეკონომიკის ნომინალურ ზრდას უსწრებდა საკმაოდ ინტენსიური ტემპით. ეპიდემიურ სიტუაციაში, როცა ეკონომიკა შემცირდა, ამან საშუალო ხელფასის დინამიკაზეც უარყოფითი გავლენა იქონია. როცა მცირდება რეალიზაცია, ეს, რა თქმა უნდა, ამცირებს არა მარტო მოთხოვნას, არამედ ხელფასებზეც მოქმედებს და ასე გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ არ იქნება პანდემიით გამოწვეული ეკონომიკის შემცირების პრობლემა დაძლეული. მართალია, ბიზნესის ნაწილი შეეცადა, რომ შეენარჩუნებინა თანამშრომლები, იმავე ტურიზმის სექტორში, მაგრამ ეს მცდელობა რეალურად უშედეგო აღმოჩნდა. 

უმუშევრობის დონე საქართველოში იმაზე ნაკლებად არის შემცირებული, ვიდრე - ეკონომიკის მოცულობა, ამიტომ ხელფასების კლება სავსებით მოსალოდნელი იყო. ბუნებრივია, რომ ყველაზე მეტად უჭირს მომსახურების სეგმენტს, რომელიც ტურისტების მიღებასა და მათ მასპინძლობაზე იყო ორიენტირებული. ეს არის სასტუმროები, რესტორნები და მათზე მორგებული ინდუსტრია, მათ შორის, კვების ობიექტები. ანაზღაურების კლებას უფრო უნდა ველოდოთ, თუმცა მზადდება ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის ნიადაგი, რაც გარკვეულწილად გავლენას ხელფასებსა და სამუშაო ადგილების რაოდენობაზეც მოახდენს“, - განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს“ სოსო არჩვაძემ.

ხელფასის მოცულობა მუდმივად არის ქვეყნისთვის პრობლემა, რადგან ათასობით ადამიანია, რომელთა შრომის ანაზღაურება გაწეულ შრომასა და ამ შრომის შედეგს არ შეესაბამება, ახლა კი  პანდემიამ ზოგიერთი მიმართულებით სამუშაო ადგილები გააუფასურა, ზოგი მიმართულებით კი, პირიქით, გააძვირა. 

“აშკარაა, რომ დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასები შემცირებულია და მასზე მოთხოვნაც დაბალია. სწორედ ამის საკომპენსაციოდ გასცემს მთავრობა სოციალურ დახმარებებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მოსახლეობის დანაკარგის საკომპენსაციოდ ცდილობენ, რომ ხარჯი ბიუჯეტიდან დაფარონ. ეკონომიკა მცირდება და ამ ფონზე მოსახლეობის შემოსავლებიც იკლებს. ეს დინამიკა შეიძლება, დიდი ხნის განმავლობაშიც გაგრძელდეს", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

რაც შეეხება ფაქტს, რომ ბიზნესის ბრუნვაც ასევე შემცირებულია, ეკონომისტები ამასაც  დიდ პრობლემად მიიჩნევენ, თუმცა ვერც იმას მალავენ, რომ რეალურად ქვეყანაში 11,5%-ზე მეტად არის კლება ბიზნესის შემოსავლებში.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის განცხადებით, ვარდნის მაჩვენებელი, სინამდვილეში, გაცილებით მეტია და ციფრები რეალობას ,,შელამაზებულად“ გადმოსცემენ.

“არსებულ სიტუაციაში "საქსტატის" მონაცემი შეიძლება, ცუდ მაჩვენებლად არ შეფასდეს, მაგრამ დიდი დარტყმაა სექტორისთვის. ველოდები, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ვფიქრობ, ბიზნესის ბრუნვის 11,5%-ით კლება ნაკლებად დამაჯერებელია, რეალურად მეტია ვარდნა. 

რაც შეეხება დასაქმებულებს, აქაც მძიმე მდგომარეობაა, რადგან 2 მილიონამდე სამუშაო ძალა გვყავს. ამას უნდა დავუმატოთ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები. პრობლემა ადრეც იყო, მაგრამ ეპიდემიის პირობებში უფრო მეტად გაღრმავდა. ვაჭრობის გარდა, მომსახურების სექტორში ლიდერი ტურიზმია, სადაც ახლა დასაქმება მინიმუმზეა დასული და ეს დარგი დღეს რეალურად ქმედითუუნარო გახდა.  

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, აქ თითქმია 1 მილიონი თვითდასაქმებულია, რომლებიც თვითგამომუშავებაზე არიან დამოკიდებული, მაგრამ ისინი რეალურად დასაქმებულები არ არიან, ეს ფიქტიური "სამსახურია", შესაბამისად, შემოსავალიც მცირეა.  გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, მაგრამ სახეზეა, ამავე დროს, ფაქტობრივი დასაქმება, რაც როგორმე უნდა დავძლიოთ. ამიტომაა, რომ, დასაქმების მიუხედავად, აგრარულ სექტორში მომუშავეთა დიდი ნაწილი სოციალური შემწეობის მიმღებია", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" სილაგაძემ.

მართალია, პროდუქციის გამოშვებაში დამამუშავებელი მრეწველობა შედარებით მოწინავე პოზიციაზეა, მაგრამ ეს მხოლოდ სეზონური ფაქტორია და როგორც კი ხილისა და ბოსტნეულის აქტიური პერიოდი გაივლის, აქაც პრობლემა გაჩნდება.

,,ახლა ხილის სეზონია, მოსავლის აღების დრო და ეს დამამუშავებელი მრეწველობის როლს აძლიერებს. როგორც კი მარაგი ამოიწურება, ამ მხრივ კლება ჩვეულ ტრენდს დაუბრუნდება. ეს არ არის დღევანდელობით გამოწვეული პრობლემა, ჩვენი საერთო გასაჭირია. სამთო მომპოვებლობით მრეწველობაზე თუ ვისაუბრებთ, ნედლეული ამ შემთხვევაშიც უცხოეთში მიედინება, ჩვენ ამ მიმართულებით დიდი პრობლემა გვაქვს. 

მოსავალსა და ნედლეულს თუ გამოვრიცხავთ, რასაც აგრარული სფეროდან ვიღებთ, კრიზისი უფრო ღრმა იქნება. მდგომარეობა რომ რეალურად გაუმჯობესდეს, უნდა განვავითაროთ ადგილობრივი მრეწველობა, რომ საქართველოშივე მოხდეს გადამუშავება, როგორც პროდუქტის, ასევე ხე-ტყის შემთხვევაში. ცხადია, უფრო მეტად უნდა დაიტვირთოს მეტალურგიული საწარმო და პროდუქცია აქვე დამზადდეს, რომ მზა სახით გავიდეს. სამუშაო ადგილების ზრდა რეალური სექტორის განვითარებით მიიღწევა", - განაცხადა აკადემიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 175.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 65.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა 916.3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 29.7 ლარით). 

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 204.1 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 289.9 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 055.2 ლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×