შარშანდელი ფიასკოს შემდეგ წლევანდელი მონაცემები ნორმალურად გამოიყურება
რეზონანსი
08.09.2020

2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.5 %-ით გაიზარდა. სტატისტიკით ჩანს, რომ ზრდა, ძირითადად, რეინვესტირების ხარჯზე მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში 187.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლები იყო. შარშანდელი კატასტროფული ვარდნის ფონზე, წლევანდელი პანდემიის პირობებში მატება, ამის ,,დამსახურებაცაა”. 

"საქსტატმა" პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში  237.8 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 0.5%-ით მეტია. 

თუმცა, 2020 წლის პირველ და მეორე კვარტალში ჯამურად 409.6 მილიონის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 140.7 მილიონი დოლარით, ანუ 25.56%-ით ნაკლებია. მთლიან კაპიტალდაბანდებებში რეინვესტიციების მოცულობამ 144.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად ინვესტიციების 60.8%-ს უტოლდება.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის II კვარტალში 57.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 78.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტია. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი - 29.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობის სექტორი 27.7 მლნ აშშ დოლარით. 

შარშანდელ ძალიან დაბალ მონაცემს უკავშირებს ეკონომისტი, ზვიად ხორგუაშვილი წლევანდელ მატებას. იგი მეთოდოლოგიასაც აფასებს და ამბობს, რომ სწორია, ინვესტიციების მოცულობის ეკონომიკასთან მიმართებით დათვლა და არა ნომინალში. 

,,სტატისტიკას რომ შევხედოთ, შარშან იმდენად კატასტროფული მდგომარეობა იყო თითქმის ყველა სექტორში, რომ ინვესტიციების გადინება გვქონდა, შემოსვლაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამ პერიოდთან მიმართებით, წელს ტენდენცია აშკარად შეცვლილია. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ფორმალური მატების მთავარი მიზეზი, გასული წლის მასშტაბური კლებაა. ინვესტიცები უნდა იზრდებოდეს, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროპორციულად, როცა ეკონომიკა მცირდება და იზრდება ინვესტიციები ნომინალში, ეს თავისთავად არასწორია. არა ნომინალურად, არამედ  ეკონომიკასთან მიმართებით უნდა მოხდეს ათვლა. ყველაზე კარგად, იმას თუ როგორია საინვესტიციო პოტენციალი, რიცხვები ამბობს, რომელსაც წლიდან წლამდე სამწუხაროდ, კლების უცვლელი ტენდენცია აქვს“, - განუცხადა "რეზონანსს" ხორგუაშვილმა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, პანდემიური კრიზისის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით მხოლოდ 409.6 მილიონი დოლარი შემოვიდა - ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში წლის პირველ ნახევარში შემოსული ინვესტიციების მინიმალური მაჩვენებელია, 2019 წელთან შედარებით კი 25.6%-ით ნაკლებია. პირდაპირი უხოური ინვესტიციების მოცულობა დღევანდელზე მცირე მხოლოდ 2010 წლის პირველ ნახევარში იყო და ის 387 მილიონს შეადგენდა.

უცხოელი ინვესტორების ჩაგვრის ზღაპარი კიდევ ერთხელ გაქარწყლდა, - ასე აფასებს, ანალიტიკოსი, ვახტანგ ჭარაია კაპიტალდაბანდებების ზრდას.

,,გლობალური პანდემიით გამოწვეული მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეზღუდვისა და გაეროს მიერ 2020 წელს ნაპროგნოზირები უცხოური ინვესტიციების 40-პროცენტიანი ვარდნის მიუხედავად, საქართველოში წლის მეორე კვარდალში ფინანსურად უმნიშვნელო, თუმცა შინაარსობრივად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი - 0.5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

ცალკეული სუბიექტების მხრიდან საქართველოსთვის უარყოფითი საინვესტიციო იმიჯის შექმნის მცდელობის მიუხედავად, ქვეყანაში მყოფმა უცხოელმა ინვესტორებმა 60.8-პროცენტიანი რეინვესტირებით, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო მათთვის გრძელვადიანი ინტერესის ობიექტია და სხვათა შორის, მათ სჯერათ ქვეყნის პოსტკრიზისული წარმატებისაც.

მდგომარეობა შედარებით განსხვავებულია 2020 წლის პირველი 2 კვარტლის ჯამური შედეგებით, ამ შემთხვევაში ვარდნა 25%-იანია, გამომდინარე პირველი კვარტლის მნიშვნელოვანი ჩამორჩენისა. თუმცა ის მაინც ნაკლებია, 40%-იანი ნაპროგნოზევი ვარდნისა, რომელიც გლობალურად გახლდათ დაანონსებული. საბოლოო ჯამში, აპრილი-ივნისის შედეგების დადებით წღილში გადასვლა, მომდევნო კვარტლებშიც იმედის მომცემია” - აღნიშნა ჭარაიამ. 

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია: გაერთიანებული სამეფო - 58.9 მილიონი დოლარი; ნიდერლანდები - 53.2 მილიონი დოლარი;  თურქეთი - 31.5 მილიონი დოლარი; აშშ  - 19.9 მილიონი დოლარი; სლოვაკეთი - 16.2 მილიონი დოლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×