მეორე ტალღის დაწყების წინ სავალუტო ბაზარზე ქაოსის ნიშნები გამოიკვეთა
ირაკლი ლომიძე
14.09.2020

ლარის კურსთან დაკავშირებით მოლოდინი აშკარად უარყოფითია. ინფექციის მეორე ტალღის წინ, ეკონომიკაში გაჩენილი პრობლემის გამო, ეროვნული ვალუტის მიმართ გაურკვეველი მოლოდინია. საფინანსო სფეროში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შოკის მინიმუმამდე დაყვანა მოახერხონ, მაგრამ ეს არც ადვილი იქნება და შეიძლება მცირე დროის შემდეგ შეუძლებელიც კი გახდეს.

საბანკო-საფინანსო სექტორი ყველანაირად გაურბის სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ საუბარს. ,,ბიზნეს-რეზონანსის“ დიდი მცდელობის მიუხედავად, დღევანდელი მდგომარეობის შეფასებისაგან ყველა მაქსიმალურად თავს იკავებს. კომპანია ,,გალთ ენდ თაგარტმა“, ,ქართულმა კრედიტმა“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ფაქტია, რომ ეპიდემიამ  ფინანსურ წრეებში დაბნეულობა შეიტანა.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ კი პირდაპირ განაცხადა, რომ პანდემიის მეორე ტალღის დასაწყისი, რომელსაც ყველა შეშინებული უყურებს, რასაკვირველია, აისახება ლარის კურსზე, თუმცა ამან შესაძლოა, მნიშვნელოვან რყევა არ გამოიწვიოს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის ის დარგები, მაგალითად რომლებიც ლარზე იმპორტის და ექსპორტის კუთხით ზემოქმედებს, აღდგენილია (მაგალითად, საცალო გაყიდვების ბიზნესი).

,,იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო, აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ტურიზმის შემცირების ფონზე, შემოსავალი მყარ ვალუტაში ტურისტებისგან თითქმის განულებულია. წინ შემოდგომა და ზამთარი გველოდება, როდესაც ენერგომოხმარება მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც იმპორტის ზრდას გამოიწვევს. ასევე მნიშვნელოვანია 2019-20 წლებში ნაღდი ფულის მოცულობის ზრდა, რაც სხვადასხვა მიზეზებით იყო გამოწვეული. 

პანდემიის მეორე ტალღის დასაწყისი, რომელსაც ყველა შეშინებული ვუყურებთ, აისახება ლარის კურსზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს მნიშვნელოვან რყევას გამოიწვევს. ეროვნული ბანკი და მთავრობა კურსის ცვალებადობას აკვირდება და მაქსიმალურად ცდილობს შოკური ეფექტის მინიმიზებას", - განაცხადა "საქმიან დილაში" ძნელაძემ.

ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზისას  ჩვეულ სითამამეს უფრო მეტად ანალიტიკოსები იჩენენ, თუმცა მათშიც აზრთა სხვადასხვაობაა. სპეციალისტები ლარის მომავალს ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში განსხვავებულად ხედავენ.

საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, რომ კურსი საბოლოოდ ეკონომიკის აქტივობის ტემპზე იქნება დამოკიდებული. ეპიდემიიდან გამომდინარე კი, ლარზე ზეწოლა მოსალდონელია, რაც უფრო ნეგატიურ ფონს ქმნის.

,,ლარის კურსზე მოქმედებს არა პანდემია, არამედ ეკონომიკური აქტივობა. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუკი ბიზნესს შეზღუდავენ და ფუნდამენტურ ფაქტორებს დატოვებენ, ლარი გაუფასურდება, თუმცა თუ აირჩევა შუალედური მოდელი და ეკონომიკას საშუალებას მისცემენ, რომ იმუშაოს ეპიდემიის პირობებში, ასეთი ზემოქმედებით ლარზე კოვიდ-19-ის გავლენა მძიმე არ იქნება. 

ყველა შემთხვევაში, ეკონომიკური აქტივობა გარკვეულ დონეზე შეიზღუდება. როგორც ხდებოდა ხოლმე, დინამიკაში ლარი გააგრძელებს გაუფასურებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს არ მოხდეს ნახტომისებურად, რაც დიდი პრობლემას შექმნის. საბოლოოდ ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება, მაგრამ ამავე დროს გაძლიერდება იმ ფაქტორების ზემოქმედებაც, რაც უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას გაზრდის. რომელი რომელს გადააჭარბებს, ამის წინასწარ პროგნოზირება რთულია. 

ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოვადიან პერიოდში, რა ეკონომიკაც გვაქვს, იმ პირობებში  ლარის კურსზე ზეწოლა მოსალოდნელია. ამ თვალსაზრისით, ცხადია, გაუფასურებასაც უნდა ველოდოთ“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თოქმაზიშვილმა.

პანდემიის პირობებში გაცვლით კურსზე გავლენას ელოდება ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ანალიტიკოსი ვახტანგ ხომიზურაშვილიც. მისი აზრით, რამდენადაც ეკონომიკის ჩაკეტილობიდან გამომდინარე, ლარზე ზემოქმედების ნაკლები შანსია, მეორე ტალღის შემთხვევაში მასშტაბური გავლენა ნაკლებად მოსალოდნელია. 

,,სამომავლოდ ეპიდემიური პროცესის გამო კურსზე ზემოქმედება ნაკლებად იქნება. მეორე ტალღა ნიშნავს, რომ შეიძლება ისევ დაწესდეს შეზღუდვები, რასაც არ გამოვრიცხავ. შესაბამისად, შეიძლება რამდენიმე კომპანია გაჩერდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ლარი, როგორც ასეთი, საგრძნობლად არ გაუფასურდება. ეს შოკი ჩვენ პირველ შემთხვევაში უკვე გადავიარეთ.

დღეს ეროვნული ბანკი ინტერვენციებს ახორციელებს და ამით აჩერებს კურსის ვარდნას. ამასთან, ბრუნვაში ზედმეტი ფულის მასა ჯერჯერობით არ გამოდის, რადგან ბიზნესის დაკრედიტება შეჩერებულია და პრაქტიკულად არ ხდება. ალბათ, უფრო სტაგნაციის გავლენა უფრო იქნება შესამჩნევი. რეალურად კურსი შეიძლება არ იცვლებოდეს, მაგრამ ეკონომიკა გაჩერდეს, ხშირად ასეც ხდება. 

რაღაც პერიოდის შემდეგ კურსის ცვლილება დაიწყება და მოსალოდნელია დიდი ტემპით მოხდეს ლარის გაუფასურება, მაგრამ არა ამ პერიოდში. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ეროვნულ ვალუტას დიდი ვარდნა არ ელის, მაგრამ იანვარსა და თებერვალში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. 

მეორე ტალღა, როგორეც ასეთი, კურსზე გავლენას მომდევნო 3 თვეში ვერ მოახდენს, მაგრამ შემდეგ უკვე მკვეთრ გაუფასურებას ვეღარ ავცდეთ. ამ ეტაპზე, როცა ეკონომიკა თითქმის გაჩერებულია და მოთხოვნა აღარ არის,  კურსზეც ნაკლები ზემოქმედებაა, ეკონომიკას ასეთი პარადოქსული მომენტებიც ახასიათებს“, - განუცხადა ხომიზურაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×