“სიურპრიზი” მოსახლეობას: უშუალოდ არჩევნების წინ ლარიც უფასურდება და პირველადი მოხმარების საქონელზე ფასიც იზრდება
გვანცა წულაია
15.09.2020

ბოლო დღეებში, ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურების გამო, იმპორტირებულმა პროდუქციამ გაძვირება უკვე დაიწყო. გაძვირებაზე, დევალვაციის გარდა, უკვე შემოღებული რეგულაციებიც მოქმედებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის მეორე ტალღის პრევენციისთვის დააწესა. 

10 სექტემბრიდან სოციალური ღონისძიებები, მათ შორის, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები აიკრძალა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეზღუდვა გავრცელდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებზე.

ბოლო დღეებია, ეროვნული ვალუტა მკვეთრად უფასურდება. თითქმის ორ კვირაში ლარი 8 პუნქტით გაუფასურდა. თუ პირველ სექტემბერს ეროვნული ვალუტა 3.07-ის ნიშნულზე იყო, დღეის მდგომარეობით მისი მაჩვენებელი 3.15-ია. 

სწორედ ამ მიზეზით, იმპორტირებული პორდუქცია გაძვირებას იწყებს. დისტრიბუტორები პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთ ვითარებაში ფასების მოთოკვა შეუძლებელია და, ეროვნული ვალუტის მკეთრად გაუფასურების გამო, პროდუქცია უკვე ძვირდება.   

იმპორტიორი კომპანია „ალფას" გენერალური დირექტორი გურამ ბროძელი ადასტურებს, რომ შაქარმა და ზეთმა გაძვირება უკვე დაიწყო.  

“რა თქმა უნდა, იმპორტირებულ პროდუქტზე ფასის მატება მოსალოდნელია. ეროვნული ვალუტის გაუფასურება პროდუქციის ფასზე მოქმედებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გაძვირება გარდაუვალია. უკვე ისედაც იზრდება შაქრისა და ზეთის ფასი, თანაც _ საკმაოდ სწრაფად.

პროდუქციის დეფიციტის პრობლემა კი ნამდვილად არ იქნება, ამის საშიშროება ყველაზე ნაკლებად დადგება”, – უთხრა”რეზონანსს” გურამ ბროძელმა. 

იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასის გაზრდა კიდევ ერთი დარტყმა იქნება ქართული ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის. კორონავირუსის პანდემიამ საქართველო ეკონომიკურად ძალიან დააზარალა. ეროვნული ვალუტის ახლანდელი გაუფასურების გამო, პროდუქციაზე მომატებული ფასი მოსახლეობას ორმაგად დააზარალებს. 

2020 წელი ისედაც სიძვირით დაიწყო. ამას მოჰყვა კორონავირუსის პანდემია, რა დროსაც ეროვნულმა ვალუტამ ყველანაირი ანტირეკორდი დაამყარა. ლარის ამჟამინდელი გაუფასურება არსებულ მძიმე სიტუაციას უფრო გაართულებს.  

ახლა ლარი კიდევ ერთი ანტირეკორდისკენ მიიწევს, რაც ბუნებრივია, სხვადასხვა სახის პროდუქციას აძვირებს, პირველ რიგში კი _ პირველადი მოხმარების საქონელს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება შეწყვიტოს, რადგან პროდუქციაზე ფასმა ძალიან არ მოიმატოს. 

თუმცა, ძირითად საქონელზე ფასების გაზრდა რომ უკვე გარდაუვალია, ყველა თანხმდება. მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა მკვეთრად უფასურდება, საკმაოდ რთულია არსებული ნიხრების შენარჩუნება. 

პროდუქციაზე ფასების გაზრდით ყველაზე მეტად მოსახლეობა დაზარალდება. მათთვის, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, გაზრდილი ფასები კიდევ ერთი შოკი იქნება. 

ამჟამად ქართული ეკონომიკა, რომელიც რთულად, თუმცა მაინც ამუშავების ტენდენციით ხასიათდება, მეორე ტალღის მოლოდინშია, რაც ყველა მხრივ შიშს იწვევს. ბუნებრივია, ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს ეროვნულ ვალუტაზე და შემდგომ _ სამომხმარებლო ბაზარზეც. 

ხელისუფლება არჩევნებამდე, სავარაუდოდ, შეძლებს კურსის რაღაც დოზით დაჭერას, თუმცა ანლიტიკოსები ირწმუნებიან, რომ არჩევნების შემდეგ საგრძნობ გაუფასურებას უნდა ველოდოთ. ამას არა მხოლოდ პოლიტიკა, არამედ წლის ბოლოს საგარეო ვალის მომსახურებაც განაპირობებს. ამასთან, იკლებს ადგილობრივი სასოფლო პროდუქცია. სწორედ ამ ყველა ფაქტორის ერთობლიობა ქმნის ნეგატიურ ფონს. 

იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების გაზრდა რომ გარდაუვალია, ამაზე საუბრობს კომპანია “დუს” ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილიც. მეტიც, იგი ადასტურებს, რომ გარკვეული სახის საქონელი უკვე გაძვირდა. 

“ფასის გაზრდა მოსალოდნელი კი არ არის, არამედ დაწყებულია. გარკვეული სახის პროდუქცია უკვე გაძვირდა. დეფიციტს რაც შეეხება, ამ თემაზე პასუხს ვერ გაგცემთ. არსებობს შესაბამისი ორგანოები, რომლებსაც შეუძლიათ პასუხის გაცემა. მე პირადად არ მგონია, საქართველოში სასურსათო კრიზისი დადგეს. 

იმპორტირებული პროდუქციის ფასი რომ მოიმატებს, ზუსტად ვიცი. სხვა სახის საქონელზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ხორცის ფასი გაზრდილია, ამას პლუს ეროვნული ვალუტა უფასურდება და, აქედან გამომდინარე, მისი ღირებულებაც მომავალში, რა თქმა უნდა,  გაიზრდება”, - განუცხადა “რეზონანსს” დავით გოგიჩაიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×