„ეროვნული ვალუტა 100%-ითაა გაუფასურებული და რა ნდობა უნდა ჰქონდეს ან საზოგადოებას, ან _ ბიზნესს?“
გვანცა წულაია
16.09.2020

ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება და ახალი ანტირეკორდისკენ მიიწევს. ბოლო დღეებში, მკვეთრად გაუფასურებული ლარისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობის მხრიდან ისმის დაპირებები, რომ ეროვნულ ვალუტის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა არსებული რეალობა სხვა რამეზე მეტყველებს. ეროვნული ბანკის 40-მილიონიანი ინტერვენციის შემდეგაც კი ლარმა ვარდნა გააგრძელა და უკვე საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა.

მთავრობა ერთსა და იმავეს იმეორებს, რომ კურსი დასტაბილურდება, თუმცა სავალუტო ბაზარზე სრულიად სხვა მოვლენები ვითარდება. ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარებისთვის ბოლო თვეებში დოლარი არაერთხელ გაყიდა, თუმცა ეს პრაქტიკულად არაფერს ცვლის. ქართული ფული სამეზობლოში ყველაზე არასტაბილური ვალუტაა. ახლანდელი სიტუაცია განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ლარმა ყველანაირი ანტირეკორდი დაამხო. თანაც, წინ არჩევნებია, რა დროსაც ეროვნული ვალუტა ყოველთვის უფასურდება არანორმალურად გაზრდილი ხარჯების გამო.

ლარის მკეთრად გაუფასურებას ნაწილობრივ წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. 

„მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, არის სავალუტო დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება ინფლაციასთან დაკავშირებით. ასევე, უპრეცედენტო შოკის ფონზე ჩვენ აქტიური ვართ ბაზარზე, ასე იქნება მიმდინარე წელს და მომავალი წლის დასაწყისში. როგორც კი პანდემია დამთავრდება და ეკონომიკა გაჯანსაღებულ სისტემაზე გადავა, სებ-ი კვლავ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც არის მოქნილი გაცვლითი კურსი“, _ განაცხადა გვენეტაძემ.

ლარს ახლა ყველაზე მეტად უჭირს, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს აქვს იმის რესურსი, რომ ლარის სტაბილურობა უზრუნველყოს.

„არაერთხელ დაამტკიცა სებ-მა პანდემიის პირობებში, რომ აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს კურსის სტაბილურობა. საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი ჩაერევა ბაზარზე არსებულ სიტუაციაში. 300 მლნ აშშ დოლარი უკვე დახარჯული აქვს, რომ რყევა და შოკი ემართა. ამ მხრივ, ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება“, _ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა.

რადგანაც ახლა ეკონომიკაში არასახარბიელო ვითარებაა, ლარის კიდევ მეტად გაუფასურება მოსალოდნელია. ამ ყველაფერს წინასაარჩევნო და მისი შემდგომი პერიოდი ემატება და, როგორც ყოველთვის, ასეთ დროს, ეროვნული ვალუტა უფასურდება ხოლმე. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, მთავრობა ჯიუტად აცხადებს, რომ გაუფასურება დროებითია და ეროვნული ბანკი მზადაა, კურსის სტაბილიზაციას ხელი შეუწყოს. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ საქართველოში ვალუტის კურსის რყევა ზომიერი და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია.

„რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც დიდი გამოწვევა და სიმძიმეა, მაგრამ თუ დავაკვირდებით ლარის ბოლოდროინდელ დინამიკას, მიუხედავად ტურიზმის, საგარეო ვაჭრობისა და სხვა შეზღუდვებისა, ესეც არ არის მაინცდამაინც დიდი მერყეობით გამორჩეული. რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებითაც ჩვენი მაჩვენებლები პროცენტულად დაბალია. ვფიქრობ, არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ უფრო გაღრმავდეს კრიზისი ლარის კურსთან დაკავშირებით“, _ განაცხადა თურნავამ.

მთავრობის წარმომადგენლებისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ეკონომისტებს. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობის შეფასებები მათში ნდობას არ იწვევს. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკი მუდმივად არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს იღებს, პასუხს კი არავინ სთხოვს. 

„მე უფრო ის მაინტერესებს, ვინც ამბობს, რომ ლარის კურსის გაუფასურება დროებითია და მალე დასტაბილურდება, რას გულისხმობს დროებითში? ბოლო ექვსი წელია, ლარი უფასურდება და რომელ პერიოდს გულისხმობენ? კურსზე ისეთი ადამიანები მსჯელობენ, რომელთაც არანაირი შეხება არ აქვთ ვალუტასთან. 

საერთოდ არ ცდილობენ ვითარების გამოსწორებას და არც მიაჩნიათ პრობლემად. მგონია, ან ვერ ახერხებენ პრობლემის მოგვარებას და არ იციან, როგორ მოაგვარონ, ანდა მიზანმიმართულად ხდება და ვიღაც ამით სარგებელს იღებს. არ შეიძლება, წლების განმავლობაში ქვეყანას ჰქონდეს ეროვნული ვალუტა ამ დონეზე არასტაბილურად, ამ დროს ეკონომიკის განვითარებაზე ვიფიქროთ და რაიმე საშუალოვადიანი გეგმა დავსახოთ. 

სებ-მა არაერთხელ თქვა, რომ ლარი დასტაბილურებისთვის ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ წლების განმავლობაში არაფერი გაუკეთებია. ეროვნული ბანკი მაშინ ხარჯავს თანხებს, როდესაც ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ჩემში ეს ყველაფერი უნდობლობას იწვევს. 

6-7 წლის განმავლობაში იმას იძახიან, ნუ გეშინიათ, ყველაფერს გავაკეთებთ და ლარის გაუფასურებას არ დავუშვებთო, ახლა კი ეროვნული ვალუტა 3.18-ზეა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდობლობას იწვევს. ბოლო 6 წელიწადში ეროვნული ვალუტა 100%-ითაა გაუფასურებული და რა ნდობა უნდა ჰქონდეს ან საზოგადოებას, ან _ ბიზნესს? 

კრიზისის პერიოდში მოთხოვნა შემცირებულია, ყველგან ფასები ეცემა, არ მესმის, ასეთ დროს როგორ შეიძლება, შენს ქვეყანაში მოახერხო ის, რომ ფასები გაიზარდოს. სამწუხარო კი ისაა, რომ პასუხის მომთხოვნი არავინაა. სებ-ს არც გეგმა გააჩნია და არც _ სტრატეგია”, _ განუცხადა „რეზონანსს” მერაბ ჯანიაშვილმა.  

თითქმის ორ კვირაში ლარი 8 პუნქტით გაუფასურდა. თუ პირველ სექტემბერს ეროვნული ვალუტა 3.07-ის ნიშნულზე იყო, დღეის მდგომარეობით მისი მაჩვენებელი 3.15-ია. ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ქმედებები უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს, რაც ასე ნამდვილად არ არის.

„ეროვნული ვალუტის რყევა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია გაურკვევლობასთან, იქნება ეს არჩევნები, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა თუ ჩაკეტვის მოლოდინი. რაც უფრო მაღალია გაურკევლობის ფაქტორი, მით უფრო მეტად მერყევია ლარის კურსი. გაუფასურება შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს იმპორტის მოცულობასთან. შესაძლოა, ბოლო პერიოდში მისი მოცულობა გაიზარდა და აისახა კურსის ცვლილებაზე. 

ეროვნულმა ბანკმა ბევრი ფაქტორი უნდა განსაზღვროს და მიიღოს მხედველობაში. რეზერვების ხარჯვა რამდენიმე შემთხვევში არის დასაშვები, მაგალითად, როდესაც გაურკვევლობის ფაქტორითაა გამოწვეული დევალვაცია. თუ საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა, მაგალითად, სავაჭრო პარტნიორებშიც ხდება ვალუტის გაუფასურება, მაშინ რეზერვების ხარჯვა არ არის სწორი ნაბიჯი, რადგან სავაჭრო პირობები გაუარესდება. 

გარდა ამისა, თუ საქმე გვაქვს ფუნდამენტურ ფაქტორებთან, როგორიცაა, მაგალითად, იმპორტის ზრდა სავაჭრო ბრუნვაში, მაშინ რეზერვების ხარჯვას არანაირი აზრი არ აქვს და ეს შედეგს არ მოგვიტანს. ასე რომ, ეროვნულმა ბანკმა ბევრი ფაქტორი უნდა მიიღოს მხედველობაში. სებ-ი რაც უფრო გამჭვირვალე იქნება და რაც უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის გასაგებ ენაზე, მით უფრო მეტად შეუწყობს ხელს პროცესების დარეგულირებას”, _ განუცხადა „რეზონანსს” ცომაიამ. 

სამშაბათს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად, მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა და 40 მილიონი დოლარი გაიყიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამას სავალუტო ბაზარზე ცვლილება არ მოუხდენია და ლარმა ვარდნა გააგრძელა. იგი უკვე მიუახლოვდა საშიშ ნიშულს _ 3.20-ს, როდესაც სამომხმარებლო ბაზარზე უკლებლივ ყველაფერი გაძვირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×