წელს უკვე 6%-იან კლებას ელოდებიან, სასურველი ზრდა არც გაისად იქნება
გვანცა წულაია
07.10.2020

კორონავირუსმა ქართული ეკონომიკა ჩაძირა. ზარალი იმდენად დიდია, რომ მის აღდგენას, მინიმუმ, ერთი წელი მაინც დასჭირდება. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება და ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდება. მანამდე კი ქვეყანაში ახალი ეკონომიკური კრიზისის საფრთხე მატულობს, თანაც იგი შესაძლოა, იმაზე მძლავრი იყოს, ვიდრე ეს პანდემიის საწყის ეტაპზე მოხდა, რადგან ამჯერად საქართველოს მთავრობას დახმარებების გაცემის რესურსი თითქმის აღარ ექნება.  

საქართველოში წელს შესაძლოა, იმაზე უარესი ეკონომიკური მდგომარეობა იყოს, ვიდრე დაანონსდა. წელს საქართველოს ეკონომიკის 4.5-5%-იანი ვარდნა იყო მოსალოდენლი, თუმცა მსოფლიო ბანკი ახლა უფრო ცუდ პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ ქართული ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდება. ბიუჯეტით დაგეგმილია, რომ მომავალ წელს საქართველოს ბიუჯეტს 5%-იანი ზრდა ექნება, მაგრამ მსოფლიო ბანკში არც ამას ეთანხმებიან და ვარაუდობენ, რომ 2021 წელს მშპ მხოლოდ 3.3%-ით მოიმატებს და ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

მსოფლიო ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 6 პროცენტით შემცირება ასახავს პანდემიის დასაწყისში მობილობაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს, სამუშაო ადგილების შემცირებას, ისევე როგორც საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც პანდემიამდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტს შეადგენდა. ზემოქმედება, ასევე, მწვავე იქნება სოციალური თვალსაზრისით, 2020 წელს საქართველოს, დაახლოებით, 160 ათასი მოქალაქე შეიძლება, სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400 ათას ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს. 

„საქართველოს ძალისხმევა კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკური და სოციალური შედეგების დაძლევის მიმართ მტკიცეა და შესაძლებელი გახდა პანდემიამდე ეკონომიკის გონივრული მართვით, თუმცა გასაკეთებელი კვლავაც ბევრია სიღარიბის სავარაუდო ზრდაზე რეაგირების თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკი ჩართული იყო კოვიდ 19-ის მიმართ საქართველოს მთავრობის საპასუხო ღონისძიებებში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებების მხარდაჭერის კუთხით. ახლაც, კერძო სექტორისთვის დაგეგმილი დახმარებითა და ბიუჯეტის მიზნობრივი მხარდაჭერით, მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

ეკონომიკის აღდგენის ტემპი, პირველ რიგში, დამოკიდებული იქნება კორონავირუსის პანდემიის ხანგრძლივობაზე, ვაქცინის შექმნის თარიღზე.

საქართველოში, აგვისტოს ომის შემდგომ, ეკონომიკური კრიზისი არ ყოფილა, ახლა კი სიტუაცია იმდენად რთულადაა, სპეციალისტები კონკრეტულ თარიღსაც კი ვერ ასახელებენ, როდის შეიძლება შეჩერდეს რეცესია და ეკონომიკამ აღდგენა დაიწყოს. 

კავკასიის ბიზნესსკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ახლა შუა ეკონომიკურ კრიზისშია. თუკი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უახლოეს ვადებში არ გამოსწორდება, სიტუაცია უფრო დამძიმდება.

„როგორც მანამდე, ახლაც პანდემია მეტ-ნაკლებად ყველა სექტორს ეხება და ამიტომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უფრო პესიმისტური გახდა, ვიდრე ზაფხულში იყო ნავარაუდევი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ. მაგალითად, ვვარაუდობთ, რომ წელს 6%-იანი ეკონომიკური ვარდნა იქნება, მომავალ წელს კი  მშპ მხოლოდ 4%-ით მოიმატებს, ხოლო ეს გარემოება პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. თუკი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უახლოეს პერიოდში არ გამოსწორდება, სიტუაცია უფრო გართულდება. 

ძველი ეკონომიკური კრიზისი ჯერ არ დამთავრებულა. ჯერ კიდევ შუა პროცესში ვართ. მიახლოებითაც არ ვიცით, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ეს მდგომარეობა და არც ვაქცინის შექმნის თარიღია ცნობილი, რომ ადეკვატური პროგნოზები ვაკეთოთ. 

ამ კრიზისს განსაკუთრებით ახასიათებს ტოტალური გაურკვევლობა. არ ვიცით, რა იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და მთავრობის ნაბიჯებზე, ანუ როგორ იქნება ჯანდაცვა მომზადებული, შემოიღებენ თუ არა ისევ შეზღუდვებს და ა.შ.” - განაცხადა „რეზონანსთან” სოსო ბერიკაშვილმა და დასძინა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას დახმარებების გაცემა ძალიან გაუჭირდება.  

„საქართველოს ხელისუფლებას სამომავლოდ დახმარებების გაცემა უფრო ნაკლებად შეეძლება, ვიდრე ეს საწყის ეპატზე გააკეთა. მაშინ საკმაოდ დიდი ვალი ავიღეთ, ახლა კი აღარ გვაქვს იმის რესურსი, რომ დამატებითი თანხები მივიღოთ. შესაბამისად, მთავრობას დახმარებების გაცემა ძალიან გაუჭირდება”, - უთხრა ბერიკაშვილმა „რეზონანსს”. 

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უფრო და უფრო მწვავდება, რის გამოც ეკონომიკაში დამატებითი პრობლემები იქმნება. კრიზისის მეორე ტალღა, ალბათ, გარდაუვალი იქნება, ეს კი პანიკასა და შიშს იწვევს. 

როგორც „ფიემსიჯის" კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი გიორგი ხიშტოვანი აღნიშნავს, თუკი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით შეზღუდვები დაწესდება, საქართველოს ეკონომიკას სეროზული დარტყმა მიადგება. 

„გააჩნია, რამდენად გაიზრდება ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა და ეს გარემოება რამდენად გამოიწვევს ეკონომიკის ნაწილობრივ ანდა მთლიანად ჩაკეტვას. თუ ასეთი საჭირობა არ დადგა, დიდ ეკონომიკურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, ხოლო თუ კიდევ ერთხელ მოგვიწია შეზღუდვების დაწესება და ეკონომიკის დიდი ნაწილის გაჩერება, რა თქმა უნდა, ეს სეროზული დარტყმა იქნება. 

წელს 5-6%-იან ეკონომიკურ ვარდნას ველოდები. ვფიქრობ, დახმარებების გაცემის რესურსი კიდევ არსებობს. თუ ეკონომიკა ჩაიკეტა, რა თქმა უნდა, დახმარებების გაცემა დღის წესრიგში დადგება. როგორც წესი, ბიუჯეტში ჭარბი რესურსი არის დასახარჯად და თუკი ეკონომიკა ისევ გაჩერდა, მთავრობა, ალბათ, გადაწყვეტს, ეს რესურსი დახმარებებისთვის გამოიყენოს”, - განუცხადა ხიშტოვანმა „რეზონანსს”. 

ახლა ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუკი საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სისტემა შემთხვევების მატების ტემპის შემცირებას შეძლებს, ეკონომიკაშიც სასიკეთო ძვრები დაიწყება, იქამდე კი ყოველთვიური რეცესია გაგრძელდება, ვალუტა გაუფასურებდა, ხოლო პროდუქტები გაძვირებას გააგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
აჭამეთ ამას   (08.10.2020)
აჭამეთ ამ ექსპერტს რამე- შიმშილობს აშკარაა და საკუთარ პრობლემებს თავზე გვახვევს. ისევ მსუქანა ღრუტუნა ჯობდი სოსოია. მაინც არავინ გისმენს რას პრუტუნებ და ჭამე მაინც:)))


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×