საქართველოს იაფი აზერბაიჯანული საწვავის დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ უღირს
ირაკლი ლომიძე
07.10.2020

დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის ამოქმედების ვადა ახლოვდება, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამ ეტაპზე ცვლილებისთვის მზად არც პროდუქტის ძირითადი მომწოდებელი ქვეყანაა და არც - საქართველო, რომელსაც დასახული მიზნის მიღწევაში ხელს ავტოპარკთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო საშუალებების სიმცირემ შეიძლება, ხელი შეუშალოს. 

როგორც ცნობილია, ევრო-5 სტანდარტზე გადასასვლელად ვადა ერთხელ უკვე შეიცვალა და შარშან იგი 2021 წლის იანვრამდე გადავადდა, ახლა კი ,,რეზონანსისთვის“  ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანში მიმდინარე წელს ვერ მოესწრო  ქარხნის გადაიარაღება იმის გამო, რომ ქვეყანაში დიდი ხანია, პანდემია მძვინვარებს და, შესაბამისად, ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქციის ვადამ გადაიწია. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანში კოვიდ-19 გაცილებით რთულად მიმდინარეობდა,  ვიდრე _ საქართველოში.

ალტერნატიული ბაზრის მოძიება უამრავ პრობლემას გამოიწვევს, პირველ რიგში კი, ფასის ზრდას, რაც მომხმარებელს დააწვება და ისედაც მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო გააუარესებს. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, 2021 წლიდან თუ ამოქმედდება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, ერთადერთი სახელმწიფო, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდება, იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკა. 

„აზერბაიჯანი არის საქართველოს საიმედო სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ჩვენს ქვეყანას უახლოესი ისტორიის ყველა ძნელბედობის ჟამს გვერდით ედგა. იმავდროულად, უნდა ითქვას, რომ ადგილობრივ ბაზარზე აღარ იქნება პროდუქტი, რომელიც ახლა, დაახლოებით, 15 თეთრით უფრო იაფია. აზერბაიჯანული დიზელის საწვავს ფართო გამოყენება აქვს იმ სუბიექტების მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში, კერძოდ: გადაზიდვებში, დისტრიბუციაში, მშენებლობაში, ენერგეტიკაში, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები და სხვა. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც, პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნა აშკარაა“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი და აქცენტს საქართველოს ავტოპარკზე აკეთებს, რომელიც მოძველებულია და ასეთ მდგომარეობაში ახალი სტანდარტის დაწესება შეიძლება, ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს.

,,რეალურად, ჩვენთან დიზელის საწვავზე მოძრავი  სატრანსპორტო საშუალებების 50%-ზე მეტი განეკუთვნება ევრო-2 ეკოლოგიური კლასის სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც თავის დროზე იყო ამავე სტანდარტის დიზელის საწვავის გამოყენებაზე ორიენტირებული. რეალურად ეკოლოგიური სურათი არ შეიცვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მაღალი სტანდარტის დიზელის საწვავს გამოიყენებენ, ვინაიდან, მათი მოძველებული ძრავას მუშაობის პარამეტრიდან გამომდინარე, გამონაბოლქვი აირის ზემოქმედება გარემოზე თითქმის  იდენტურია ევრო-4 და ევრო-5 სტანდარტების დიზელის საწვავის შემთხვევაში“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა ,,რეზონანსთან“ საუბრისას.

სადისტრიბუციო სფერო ერთ-ერთია ქვეყანაში, რომლის საქმიანობა დიზელის საწვავის ბიზნესს უკავშირდება და სტანდარტთან დაკავშირებული ცვლილება, პირველ რიგში, სწორედ სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ იანვრიდან ახალი სტანდარტის შემოღება დისტრიბუციას შეუქმნის პრობლემას, რადგან დიზელის გაძვირება ავტომატურად გამოიწვევს დისტრიბუციის ხარჯის ზრდასა და  რიგი პროდუქტების გაძვირებას.

„სადისტრიბუციო ბიზნესი პირდაპირ მიბმულია ავტომობილებთან, რომელთა 90% დიზელის საწვავზეა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ ახალი მანქანებით არავინ სარგებლობს. თუკი დიზელი აზერბაიჯანიდან ვერ შემოვა, ალტერნატიული საწვავი დაგვჭირდება. შესაბამისად, ფასი იქნება მაღალი და მისი გაძვირება ყველაფერზე ნეგატიურად აისახება. 

პირდაპირ ვამბობ, ეს დისტრიბუციისთვის იქნება იმაზე მეტი წნეხი, ვიდრე დღეს ლარის კურსია. ნებისმიერი ასეთი ცვლილება საბოლოოდ მომხმარებელს დააწვება ტვირთად“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

როდესაც დიზელის იმპორტის ალტერნატიულ მომწოდებლებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს რუსეთი, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე არასაიმედო პარტნიორია. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელ  პაატა ბაირახტარის განცხადებით,  რუსეთიდან საწვავის იმპორტი მყისიერად გაიზრდება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი რისკია. 

„საქართველოსთვის დიდი საფრთხეა ის, რომ თანდათან რუსეთის ბაზარზე ვხდებით დამოკიდებული. რაც არ უნდა იყოს, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის აზერბაიჯანი ერთ-ერთი სტრატეგიული სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია, რომელიც, ამავე დროს, არის ენერგორესურსებისა და მათ შორის ნავთობპროდუქტების ტრადიციული მომწოდებელი. ამან განაპირობა, რომ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც, საწვავის დეფიციტი არ შეგვქმნია ქვეყანაში. კარგი იქნება, თუ სამომავლოდ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ. ცალკე პრობლემაა დიზელის გაზრდილი ფასი და მისი ასახვა სამომხმარებლო ბაზარზე, რომელიც ისევ და ისევ საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს, რადგან სოციალური ფონი დამძიმდება", - აღნიშნა „რეზონანსთან" პაატა ბაირახტარმა.

რაც შეეხება ახალი სტანდარტის გავლენას ეკოლოგიაზე, აქ დამოკიდებულება ცალსახაა. „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელ დავით მესხიშვილის აზრით,  მნიშვნელოვანია, რომ  თავდაპირველად ავტოპარკი განახლდეს და საწვავის ხარისხზე ეტაპობრივად ვიზრუნოთ, რადგან ძველი ავტომობილების შემთხვევაში ახალი სტანდარტის  ეკოლოგიური ეფექტი  საგრძნობი თითქმის არ იქნება და ვერ მივაღწევთ შედეგს, რისთვისაც სტანდარტი უნდა დაწესდეს.

,,ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი პირობაა, რომ სახელმწიფოს გააჩნდეს ავტოპარკის განახლების შესაძლებლობა. ბოლო წლების  განმავლობაში რა ღონისძიებები არ შევიმუშავეთ, მაგრამ  ვერ მოხერხდა, რომ ძველი ავტომობილები ახლით ჩაენაცვლებინათ. 

მხოლოდ საწვავის ხარისხის სტანდარტის შემოღებას აზრი არ ექნება, თუ საქართველო ავტოპარკის განახლებას არ შეეცდება და ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს. ევრო-4 ტიპის დიზელით იმოძრავებს ძველთაძველი მანქანები, თუ ევრო-5 სტანდარტით, გამონაბოლქვის  მაჩვენებელი ამით ვერ შემცირდება ან შემცირდება მხოლოდ უმნიშვნელოდ, რაც ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემას ვერაფრით მოგვიგვარებს. 

ცალკე საკითხია საწვავის ფასიც, რადგან, ახალი სტანდარტის შემოღებით, დიზელი მომხმარებელს, დაახლოებით, 15-20 თეთრით მაინც გაუძვირდება. საბოლოოდ, ეს საწვავის ფასზე მიბმული მომსახურების, პროდუქტების, გადაზიდვების ტარიფებს გაზრდის და ამდენად, რისკი საკმაოდ დიდია. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ აზერბაიჯანული საწვავისთვის ბაზრის ჩაკეტვით მაშინვე ისარგებლებს რუსეთი, რომელიც მთლიანად აიღებს ხელში დიზელის საწვავის სეგმენტს, რაც დიდი პრობლემების წინაშე დააყენებს საქართველოს", - განუცხადა „რეზონანსს"  დავით მესხიშვილმა.

ამ ყველაფრის თავიდან აცილება ახლა მთავრობას შესაბამისი გადაწყვეტილებით შეუძლია, რომელიც წლის ბოლომდე უნდა იქნას მიღებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×