
რეგიონებში თხილის ფასმა 8-9 ლარს მიაღწია. ეს იმ შემთხვევაში, თუკი 100 გატეხილი თხილის გულიდან 80-85 საღი აღმოჩნდება. წლევანდელი მოსავალი კი, ძირითადად, საშუალო ხარისხისაა. გლეხები კმაყოფილნი არიან და ზამთარში კიდევ მეტად გაძვირებას ელიან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვანო ბესელია ამბობს, რომ სულ ცოტა ხნის წინ მოსავალი 7,50 ლარად გაყიდა და ნახევარი გადაინახა იმ იმედით, რომ წლის ბოლომდე თხილი შეიძლება კიდევ გაძვირდეს.
"ჩამბარებელ პუნქტებში თხილს 7,50-8 ლარად იბარებენ, ასეთი ფასად საშუალო ხარიხსის თხილის გაყიდვა შიძლება. ამაზე ძვირიც ღირს, მაგრამ უმაღლეს ხარისხზე აქვთ პრეტენზია, თხილის გატეხილი გულის მიხედვით ადგენენ ფასს. 100 თხილიდან 100-ვე საღი ვერ იქნება, ფაროსანამდეც არ იყო ასე და მით უმეტეს ახლა. ამიტომ 9 ლარად თხილის გაყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ძალიან ნორმალური ფასია, შარშან 5 ლარადაც ვერ გავყიდე, წელს აშკარად უკეთესი მდგომარეობაა და მოსავლიანობაც არის გაზრდილი“, - აღნიშნა ფერმერმა ,,რეზონანსთან“ საუბრისას.
თხილის სეზონით კმაყოფილი არიან ექსპორტიორები, რომელთა ინფორმაციითაც, ფაროსანასთან ბრძოლაში მიღწეულმა წარმატებამ, ასევე თხილის მოვლა-პატრონობის ახალი ტენდენციის დამკვიდრებამ მოსავლიანობაზე დადებითად იმოქმედა და ქართულ პროდუქტს დაუბრკოლებლად გაუხსნა გზა უცხოური ბაზრებისკენ. ქართული თხილის ძირითადი ბაზარი წელსაც ევროპაა, თუმცა პროდუქტი აქტიურად გადის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის - რუსეთში, სომხეთში, კანადაში, აშშ-ში და სხვა.
"ჯორჯიან პროდაქტ რენეისენსის" დირექტორის ელიზბარ გუნიას თქმით, წელს ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია, რადგან ფაროსანასთან ერთად, დაავადებებსაც უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ და ბაზარი უფრო დასტაბილურდა.
,,წელს თხილის წარმოებაში აშკარად უკეთესი შედეგი გვაქვს. ეს, ერთი მხრივ, განაპირობა იმან, რომ ფერმერებმა პლანტაციების მოვლა ისწავლეს და ტექნოლოგიებსაც მეტ-ნაკლებად ფლობენ, რის შესაძლებლობაც წინა წლებში ნაკლებად იყო. გარდა ამისა, ფაროსანასთან ბრძოლაშიც სახელმწიფომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია და ყველაფერი ეს საბოლოოდ შედეგში აისახა. საუკეთესო ხარისხის თხილს 8-9 ლარად ვყიდულობთ. ყოველ შემთხვევაში, 7 ლარზე დაბლა ფასი არ ჩამოსულა.
პროდუქტი ჩვენ ძირითადად ევროპაში გაგვაქვს, აქცენტი გერმანიასა და ლიეტუვაზე გავაკეთეთ, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტს ვიყენებთ. პრობლემა ამ მხრივ არ გვაქვს.", - განაცხადა ელიზბარ გუნიამ.
როდესაც საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე თხილი გაძვირებულია, გალში იგი 4 -ლარიანი სხვაობით იყიდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ პროდუქტის ზუგდიდში გადმოტანის შესაძლებლობა არ აქვთ და იძულებული არიან, მოსავალი მიზერულ ფასად ჩააბარონ. მიუხედავად იმისა, რომ თხილი წელს გალშიც ხარისხიანია, გალელებს არჩევანი არ აქვთ, პროდუქტის რეალიზაცია იმ ფასად უწევთ, რასაც ადგილობრივი გადამყიდველები სთავაზობენ.
სოფელ გაგიდაში მცხოვრებმა რაულ სორდიამ ,,რეზონანსთან“ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ თხილის ფასი იმდენად დაბალია, რომ გაწეულ ხარჯს მხოლოდ მცირედით აღემატება და ხალხი რეალურ სარგებელს ვერ იღებს.
,,შარშან თხილი ზუგდიდში გავყიდეთ. ხან მალულად გადაგვქონდა, ხანაც აფხაზ ,,მესაზღვრეებთან" გარიგებას ვახერხებდით და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ვაბარებდით ზუგდიდის პუნქტებში. წელს ამის შესაძლებლობა საერთოდ არ არის, ეპიდემიის გამო ,,ჩაგვკეტეს" და ტერიტორიას ვერ ვტოვებთ. დიდი ფართობებია, ამიტომ ოჯახს მოსავლის ასაღებად მუშების დაქირავება უწევს, დღეში თითო ადამიანის მომსახურება 40-50 ლარია, 1 ტონა თხილი რომ დაიკრიფოს, მინიმუმ, 1000 ლარის ხარჯია. ამ დროს თხილს თითქმის ყიდულობენ აფხაზი გადამყიდველები. რუსეთში გააქვთ და თვითონ უდიდეს მოგებას ნახულობენ, ჩვენ კი არაფერი გვრჩება", - განუცხადა "რეზონანსს" ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებმა.