"მანქანები, რომელსაც არ გაუვლიათ ინსპექტირება თავისუფლად გადაადგილდებიან და არავის მისდის ჯარიმები“
ნინა გარდაფხაძე
12.10.2020

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდა. გარდა იმისა, რომ რეგულირება ამ დრომდე ზედაპირულია და არ ეხება ისეთ მთავარ კომპნენტებს როგორც, მაგალითად, კატალიზატორების ვალდებულებაა, ირკვევა, რომ რაც არის იმის აღსრულებაც სულ უფრო ნაკლებად ხდება. ქუჩებში გადაადგილდებიან მანქანები, რომლებსაც ტექდათვალიერება საერთოდ არ აქვთ გავლილი. ამას მოწმობს ისიც, რომ 2019 წელთან შედარებით 36%-ით არის შემცირებული ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა. 

მარტში საგანგებო მდგომარეობასთან ერთად შეწყვეტილი ტექინსპექტირება ივლისის თვიდან გამკაცრებული პროტოკოლით აღდგა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხმალაძე ამბობდა, რომ ავტომფლობელებს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება მიმდინარე წლის 21 ივლისამდე უნდა განეხორციელებინათ. ეს განცხადება ჯერ კიდევ 26 მაისს გააკეთა.

“ისინი, ვისაც უკვე უწევთ ტექინსპექტირების გავლა, ვალდებულნი არიან, ავტომობილების დათვალიერება განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში 50 ლარით დაჯარიმდებიან. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა უწევდათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, განისაზღვრა დამატებით კიდევ 60 კალენდარული დღე, ანუ 21 ივლისამდე ისინი შეძლებენ ინსპექტირების გავლას. თუ, მაგალითად, დღეს ან მომდევნო დღეებში უწევთ ტექდათვალიერება, ამ შემთხვევაში უკვე ამ ადამიანებმა თავის დროზე უნდა გაიარონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება" , - აღნიშნავდა ხმალაძე. 

ირკვევა, რომ არა თუ გამკაცრებული წესებით, არამედ რიგ შემთხვევებში კანონის აღსრულება საერთოდ აღარ ხდება. უკავშირდება ეს საარჩევნო წელს თუ პანდემიას,  უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყნაში მოძრაობენ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ინსპექტირება საერთოდ არ აქვთ გავლილი. ისინი დღემდე უპრობლემოდ და უჯარიმოდ ახერხებენ გადაადგილებას. 

სწორედ ასეთ, არაერთ ფაქტს უყვებიან ,,ბიზნეს-რეზონანსს“ მძღოლები, რომელთაც ბუნებრივია, არ სურთ დაასახელონ საკუთარი ვინაობა. ერთ-ერთი ასეთია ზ.რ.  რომელიც ქუთაისიდან თბილისამდე რამდენჯერმე ისე ჩამოვიდა, რომ ჯარიმა არც ერთხელ არ მისვლია და დღესაც უპრობლემოდ გადააგდილდება დედაქალაქში. 

,,წყალტუბოში ვცხოვრობდი და იქ, შიდა გადაადგილება არ იყო არავითარი პრობლემა, ინსპერქტირება გაუვლელი მანქანით. ყველამ იცის, სად არის კამერა და სად - არა. პატრული კი მოგეხსენებათ, თუ სხვა დარღვევისთვის არ გაჩერებს, სპეციალურად ამას არ ამოწმებს. ორი თვის წინ, არაერთი მძღოლისაგან გავიგე, რომ არც სხვაგან იყო  პრობლემა და უჯარიმოდ დადიოდნენ ყველგან. ჰოდა, მეც თბილისში ვიყავი წამოსასვლელი და გავრისკე. მთელი გზა ისე გამოვიარე და დღესაც ისე დავდივარ დედაქალაქში, რომ ჯარიმა არ მომსვლია. ნამდვილად არ ვიცი, რას დავუკავშირო, თუმცა ფაქტია, რომ ასეთი უკვე ბევრი მანქანა და მძღოლია ქვეყანაში“, - განაცხადა ავტომფლობელმა. 

ადმინისტრირების ნაწილი რომ შესუსტებულია, ადასტურებს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილიც. მისი ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, მიმართვიანობა 36%-ით არის შემცირებული. 

,,მთელი საქართველოს მაშტაბით არის კლება. ჯერ ერთი, შარშანაც ნაკლები იყო, 2018 წელთან შედარებით და კიდევ უფრო ნაკლებია წელს. 2019 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, 36%-ით დაიკლო მიმართვიანობამ ინსპექტირების ცენტრებში. 

დიდი ალბათობით ეს არის ადმინისტრირების შესუსტების ბრალი, რის გამოც მძღოლები თავს არიდებენ ტექდათვალიერებაზე მისვლას“, - განუცხადა იორდანიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

არაფრისმომცემი და არაეფექტიანი, - ასე აფასებს ,,ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ვასო ურუშაძე ტექინსპექტირების სისტემას. ექსპერტი თავად ინსპექტიორების პროტოკოლის არაკვალიფიციურობის გარდა, ადმინისტრირების არარსებობის მიზეზად საარჩევნო წელს ასახელებს, რადგან ხელისუფლებისათვის ახლა მთავარი, მოსახლეობის განწყობაა. 

,,არათუ შესუსტებულია კონტროლი, ის უბრალოდ აღარ არსებობს. ტექინსპექტირების სისტემა თვიდან ბოლომდე ჩამოშლილია. როცა ეს რეფორმა იგეგმებოდა, იმთავითვე იყო კრახისათვის განწირული, რადგან არ ეფუძნებოდა არავითარ კვლევას. მთლიანად იყო სლოგანების დონეზე და არა გათვლებით და გაანგარიშებებით. ის ვერ უზრუნველყოფს ორ მთავარ მიზანს - მოძრაობის უსაფრხოებასა და ჰაერის დაბინძურებაში ავტომობილების როლის შემცირებას. 

დღეს ავტომობილი უკიდურესად თუ არ არის მწყობრიდან გამოსული, ის უპრობლემოდ გაივლის ტექდათვალიერებას და როცა ასეთი სუსტი ნორმების აღსრულებაც კი საერთოდ აღარ ხდება, რაზე უნდა ვისაუბროთ? გასაგებია, რომ საარჩევნო წელს ხელისუფლება ხალხის ზედმეტად გაღიზიანებას ერიდება, თორემ აბსოლუტურად ყველამ ვიცით, რომ მანქანები, რომელსაც არ გაუვლიათ ინსპექტირება თავისუფლად გადაადგილდებიან და არავის მისდის ჯარიმები,“ - განუცხადა ურუშაძემ ,,ბიზნეს-რეზონასს“. 

შეგახსენებთ, ცვილებები, რომელთა მიხედვითაც, კატალიზატორი სავალდებულო ხდებოდა უკვე რეგისტრირებული ავტომობილებისათვის, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა წესში იანვრის ბოლოს შესული ცვლილებების თანახმად, ნორმა 2022 წლამდე გადაიდო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×