"პირობები იცვლება და მასთან მორგება უფრო და უფრო უჭირთ"
ირაკლი ლომიძე
12.10.2020

სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების ბედი ისევ გაურკვეველია. განსაკუთრებით ამ მხრივ იმათ უჭირთ, რომლებიც საზღვარგარეთ ლეგალურად მუშაობდნენ და მთავრობის დახმარების პროგრამაში ვერ ერთვებიან. მათი მდგომარეობა გაცილებით დამძიმდა ეპიდემიის გავრცელების მასშტაბის გამოც. თუკი აქამდე მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ, რომ ევროპულ ქვეყნებში დაშვებული ფრენებით ესარგებლათ და უცხოეთში გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლა ესეც შეეზღუდათ მაღალი ხარჯის გამო. 

ცალკე პრობლემაა ისიც, რომ დაბრუნებული ემიგრანტები ვერც  სამშობლოში დასაქმებასაც ახერხებენ. ერთადერთი ალტერნატივა აგრარულ სექტორშია, მაგრამ მათი შესაძლებლობები ამ მიმართულებითაც მკვეთრად შეზღუდულია. 

მიგრაციის ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი გოგიშვილის ინფორმაციით, ემიგრანტების უმეტესობა თუ ბოლო დრომდე საკუთარი მცდელობით რამეს ახერხებდა და ევროპული ქვეყნების გავლით, მაალითად, გერმანიიდან საბერძნეთში ან ესპანეთში ახერხებდა გადაადგილებას, ახლა ამის საშუალებაც არ აქვთ.

,,პანდემიის დროს უკან დაბრუნებულები ცდილობენ, რომელიმე ევროკავშირის ქვეყანაში ჩავიდნენ და შიდა ფრენებით იმ ქვეყანაში გადავიდნენ, სადაც მათ სურთ. ძირითადად ასე ხდებოდა ბოლო დრომდე, სანამ ეპიდემია მასშტაბურად გავრცელდებოდა. ამ ეტაპზე კი, როცა ინფიცირების შემთხვევებმა საქართველოშიც მოიმატა, ემიგრანტების გადაადგილება ასე ადვილი აღარ არის. ფაქტობრივად ყველა ქვეყანა გადადის სავალდებულო კარანტინზე, საშუალოდ, 10-14-დღიანი კარანტინია და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საკუთარი ჯიბიდან უწევთ გადახდა. ეს ქართველებისთვის სერიოზული ხარჯია, რაც, უბრალოდ, აღარ უღირთ. ამიტომ ამ მომენტში ქვეყნუდან გასვლის სიხშირე დაბალია. 

გართულებულია მიმოსვლა და ხარჯიც მატულობს. მინიმუმ, 1500 დოლარი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ქვეყნიდან გავიდეს და ამ თანხას საზღვარზევე ხარჯავს. ყოველდღიურად იცვლება რეალობა. ფაქტია, ეპიდემიის მასშტაბი კიდევ მოიმატებს და ქვეყნები ემიგრანტებთან დაკავშირებით ზომებს გაამკაცრებენ. რაც შეეხება თურქეთს, იქაც პრობლემაა. სეზონური სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია, ვინც ისარგებლებლა ქვეყნის შემოთავაზებით, გაემგზავრა,  დღეს იქაც ჭირს დასაქმება, ხალხი გამოუვალ მდგომარეობაშია“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გოგიშვილმა.  

მისი თქმით, ემიგრანტების მდგომარეობა მძიმეა იმის გამოც, რომ ხალხი ადგილზე დასაქმებას ვერ ახერხებს და ამ მხრივ ვერც სახელმწიფო სთავაზობს რამეს, რადგან უმუშევრობას ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებენ.

,,სახელმწიფო ემიგრანტებს რეალურად ვერაფერს შესთავაზებს. შეიძლება, სპეციალური პროგრამით ისარგებლონ, მაგრამ ესეც არალეგალურ მიგრანტებს შეეხებათ. სხვა ტიპის პროექტი, რომელიც უშუალოდ ემიგრანტების ჯგუფს დაეხმარება, არ არსებოს, თუმცა არის პროგრამები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გარკვეულ შეღავათებს სთავაზობენ. ახლანდელ პირობებში დასაქმება რთულია და მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დიდი ხნით ქვეყანას იყვნენ მოწყვეტილი და ადგილობრივ შრომის ბაზარს არც იცნობენ. 

პირობები იცვლება და მასთან მორგება უფრო და უფრო ჭირს. ვისაც დანაზოგი აქვს, მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გაუმარტივდება, მაგრამ ემიგრანტების უმეტესობა ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია,  პანდემიის გამო ისინი ძალიან დაზარალდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მათგანი გამოუვალ მდგომარეობაშია“, - ამბობს გოგიშვილი ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

 ამდენად, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ახლა გადამწყვეტი სახელმწიფოს პოლიტიკაა, რა გზას აირჩევს ამ ადამიანების დასახმარებლად და რას შესთავაზებენ წლების წინ გაჭირვების გამო გადახვეწილ თანამემამულეებს, რომლებიც სამშობლოში ფიზიკური გადარჩენისთვის დაბრუნდნენ.

ემიგრანტების დასაქმების ერთ-ერთ ალტერნატივად დემოგრაფი ავთო სულაბერიძე აგრარულ სექტორს მიიჩნევს. ჩამოცული ადამიანების უმეტესობა ძირითადად რაიონებიდან და სოფლებიდან წასული მოსახლეობაა და ამ სფეროში თავის დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეთ. თუმცა, როგორ შეძლებენ დასაქმებას და რა რესურსს გამოიყენებენ ამისთვის, ეს მედლის მეორე მხარეა. სულაბერიძე სახელმწიფო პროგრამის აუცილებლობაზეც საუბრობს, რომელიც სპეციალურად ამ ადამიანებისთვის უნდა მომზადდეს.

,,საქართველოში დაბრუნდა ემიგრანტების ის ნაწილი, ვინც სამუშაო დაკარგა და ცდილობს, ჯანმრთელობა მაინც შეინარჩუნოს. ცხადია, მათი უმეტესობა არალეგალია. ის თანხა, რაც მათ პირადი საქმიანობისთვის უნდა დაეხარჯათ, შეიძლება მცირე ბიზნესი წამოიწყებას მოახმარონ. არ გამოვრიცხავ, ზოგიც უკან დაბრუნდეს, ვინც მოქალაქე არ არის, მაგრამ ცხოვრების უფლება აქვთ. ასეც რომ იყოს, პოსტეპიდემიურ პერიოდში სამუშაო ადგილების მხრივ პრობლემა თითქმის ყველა ქვეყანას შეექმნება და ამ მხრივ ქართველ ემიგრანტებს ძალიან გაუჭირდებათ.

ამ ადამიანებისთვის ერთ-ერთი ალტერნატივა შეიძლება გახდეს სოფლის მეურნეობის სფეროში საქმიანობა და სამეწარმეო ბიზნესის წამოწყება. თუმცა მიწებზე ხელმისაწვდომობა, არ იქნება მარტივი. ბევრია გაყიდული მიწა, ზოგიც სადავოა და სიტუაცია ამ სფეროში მოწესრიგებული არ არის. ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ მიწებით სარგებლობა შეძლონ“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სულაბერიძემ და დასძინა, რომ დიდი პოტენციალი გვაქვს გადამამუშავებელ მრეწველობაში და თუკი ავითვისებთ ამ დარგს, საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტებისთვის დასაქმების ნორმალური შესაძლებლობა გაჩნდება. 

სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ ემიგრანტების დაბრუნება იმ ქვეყნებში, სადაც ისინი მუშაობდნენ, დიდხანს არ იქნება შესაძლებელი. ცხადია, ზამთარში კოვიდ-19-ის გავრცელების გამო ისინი სამშობლოდან გასვლას ვერ შეძლებენ, მაგრამ პერსპექტივა არც გაზაფხულისთვის მოსჩანს, რაც გვავარაუდებინებს, რომ ამ ადამიანების მდგომარეობის გამოსწორება არათუ თვეობით ვერ მოხერხდება, შეიძლება, წელიწადიც არასაკმარისი აღმოჩნდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მედეა   (13.10.2020)
დაუბრუნდეს სოფელს, დახნას, დათესოს, იყოლიოს ქათამი და ღორი გააშენოს ვენახი, ხილის ბაღი---რას დაწოწიალობს სხვის მიერ აშენებულ ქვეყნებში--თავისი ააშენოს! არ მეცოდებიან ეგენი! მეცოდება საქართველო, რომელსაც გამრჯე ხელი ა კ ლ ი ა, სხვაგან გარბიან და სხვის ბოსტანს ერთგულად უვლიან, თავისი მ ი ა ტ ო ვ ე ს, დააკლეს ხელი, არ მ ო უ ა რ ე ს!

მედეა   (13.10.2020)
დაუბრუნდეს სოფელს, დახნას, დათესოს, იყოლიოს ქათამი და ღორი გააშენოს ვენახი, ხილის ბაღი---რას დაწოწიალობს სხვის მიერ აშენებულ ქვეყნებში--თავისი ააშენოს! არ მეცოდებიან ეგენი! მეცოდება საქართველო, რომელსაც გამრჯე ხელი ა კ ლ ი ა, სხვაგან გარბიან და სხვის ბოსტანს ერთგულად უვლიან, თავისი მ ი ა ტ ო ვ ე ს, დააკლეს ხელი, არ მ ო უ ა რ ე ს!

ანა   (12.10.2020)
რაც ჩვენია იმას არ გვიბრუნებენ,ცენტრ პოინტის დაზარალებული ემიგრანტი რამდენი ვართ,ბეტონში გაყინეს ჩვენი ნაშრომი,იმ გარეწრებს კი მილიონები აქვთ თავის ანგარიშზე.ეს ფული რომ ამოძრავდეს ამას არ აკეთებენ და რაზე უნდა ილაპარაკო,რა უნდა ელაპარაკო ქოც ნახირს,რითი სჯობია ნაც ნახირს.ორივე პირუტყვები არიან.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×