აზერბაიჯანულმა ბუნებრივმა აირმა ევროპაში ჩააღწია და მისგან მიღებული სატრანზიტო სარგებელი საქართველოსთვის საგრძნობი იქნება
გვანცა წულაია
13.10.2020

საქართველოს გავლით მორიგი გაზსადენი სრულად ამუშავდა. 4-წლიანი მშენებლობის შემდეგ, ტრანსადრიატიკული გაზსადენი, რომელიც საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, მთლიანად შევიდა ექსპლუატაციაში. ახალი გაზსადენის ამუშავებით საქართველო მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს. 

ამ დროისთვის მილსადენი მთლიანად აივსო საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან სამხრეთ იტალიამდე, სადაც გაზსადენის საბოლოო დანიშნულების პუნქტია  - მიმღები ტერმინალი, საიდანაც ბუნებრივი აირი უშუალოდ მომხმარებლებს მიეწოდებათ. უკვე ნოემბერში დაიწყება გაზის კომერციული ტრანსპორტირება და გაყიდვა.

ეს იქნება აზერბაიჯანული გაზის პირველი გამოჩენა ევროპაში - მანამდე ის მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში მიდიოდა და მისი უმსხვილესი მომხმარებელი თურქეთი იყო.

ტრანსადრიატიკული გაზსადენი (ტაპ), რომლის ღირებულებაც 4,5 მლრდ დოლარია, სამხრეთ საგაზო დერეფნის ნაწილია და აზერბაიჯანიდან,  საქართველოს გავლით, თურქეთამდე მიმავალ მილს ევროპასთან აერთიანებს. ამ ეტაპისთვის აზერბაიჯანის გაზის მომხმარებლები იქნებიან იტალია, საბერძნეთი, ალბანეთი და ბულგარეთი.

რაც შეეხება საქართველოს სარგებელს, რომელიც მაგისტრალური დერეფნის ნაწილია. აზერბაიჯანული გაზის ევროპაში გასვლით, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაში დაბალი და შეღავათიანფასიანი გაზის წილი გაიზრდება. ამან მომავალში შესაძლოა, ფასზე იქონიოს გავლენა და, ამავდროულად, ქვეყანამ სატრანზიტო გზით მიღებული გაზი თბოენერგეტიკას მოახმაროს. 

როგორც ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხების ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, ევროპის მიმართულებით გაზის სატრანზიტო ქვეყნად დომინირება ნამდვილად კარგია, რადგან საქართველო ამ გარემოებით სარგებელს ნამდვილად მიიღებს. 

„არსებული ხელშეკრულების თანახმად, ჩვენს ტერიორიტიაზე გამავალი მილსადენიდან საქართველომ მასში გატერებული გაზის 5% შეიძლება, შეიძინოს შეღავათიან ფასში. რადგანაც გატარებული გაზის მოცულობა, დაახლოებით, 3-ჯერ იზრდება, შესაბამისად, შეღავათიან ფასად შეძენილი გაზის მოცულობა გაიზრდება 800 მლნ კუბური მეტრით. ეს არის ჩვენი ეკონომიკური სარგებელი. 

რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანია.  აქამდე ჩვენ მხოლოდ რეგიონული მასშტაბის სატრანზიტო ქვეყანა ვიყავით - აზერბაიჯანულ გაზს ვატარებდით თურქეთსა და სომხეთში, ახლა კი ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი გაზი უკვე მიეწოდება ევროპის რამდენიმე ქვეყანას –გერმანიას, შვეიცარიას, ჰოლანდიას, საბერძნეთს, იტალიას. ამის შედეგად ვხდებით უკვე არა რეგიონული, არამედ საერთაშორისო ბაზრის სატრანზიტო ქვეყანა. ამ გზით საქართველო უკვე ევროპული მასშტაბის მოთამაშეა. 

შეღავათიანი გაზი, ძირითადად, მოსახლეობასა და თბოენერგეტიკას ხმარდება. თუ აქამდე გარკვეულ მოცულობას ვიღებდით, ახლა 800 მლნ-ით უფრო მეტს მივიღებთ ხელსაყრელ ფასად. სამომხმარებლო ტარიფი შემცირდება თუ არა, ეს მეორე საკითხია. პირადად ჩემი აზრით, არ შემცირდება, რადგან ახლა მოსახლეობისთვის დოტაციური ფასი მოქმედებს. ამას სემეკი საზღვრავს და ადგენს. მომავალში ეს დაბალანსდება და შეღავათს მოუტანს მთავრობასაც და ხალხსაც”, - განუცხადა „რეზონანსს” თემურ გოჩიტაშვილმა. 

ევროპის მიმართულებით, აზერბაიჯანული გაზის სატრანზიტო ფუნქციის შესრულებით, საქართველოში შეღავათიანფასიანი გაზის წილი საგრძნობლად მოიმატებს, რომელიც მთავრობამ შესაძლოა, სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენოს. 

აქამდე, აზერბაიჯანი გაზით მხოლოდ მეზობელ ქვეყნებს ამარაგებდა, ახლა კი მეზობელი ქვეყნის ბუნებრივი აირი ევროპის სხვადასხვა წერტილში მოხვდება და სატრანზიტო ფუნქციას საქართველო შეასრულებს. ბუნებრივია, რომ ეს გარემოება საქართველოზე დადებითად იმოქმედებს და ქვეყანა გარკვეულ სარგებელს მიიღებს. 

როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შესრულებით საშუალება მიეცემა, რომ ბუნებრივი აირის გადასახადი არეგულიროს. 

„ჩვენი გაზი მთლიანად შეწონილი ფასით დგინდება. შესაბამისად, როგორც შეღავათიან ფასში, ასევე ტრანზიტის მიღებული გაზი, საერთო ყულაბაში მიდის. ამიტომ კონკრეტულად რაში შეიძლება გამოიყენოს საქართველომ შეღავთიან ფასად მიღებული აირი, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. 

რაც შეეხება ტრანზიტის ფუნქციით მიღებულ სარგებელს, რაც უფრო მეტი ასეთი გაზი გვექნება, პირველ რიგში, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს უსაფრთხოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკა საბაზისო ელემენტია. და მეორე, ეს გარემოება საშუალებას მოგვცემს, რომ ვარეგულიროთ კომუნალური გადასახადები და ტარიფი შევინარჩუნოთ დაბალ ნიშნულზე”, - აღნიშნა „რეზონანსთან” საუბრისას გია ხუხაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×