მშენებლები პროექტს იწონებენ, უძრავი ქონების დარგიც სპეციალისტები ეფექტს ვერ ამჩნევენ
ირაკლი ლომიძე
19.11.2020

იპოთეკური სესხების სუბსიდიის ვადის დასრულებამდე სულ ცოტა დრო დარჩა.  როგორც ცნობილია, პროექტმა ფინანსური თითქმის რესურსი ამოწურა, თუმცა ,,რეზონანსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ პროგრამას დადგენილ ვადამდე ადრე არ შეწყვეტენ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ამ პროგრამას დარგის გადარჩენის ფუნქცია დააკისრა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მისი ეფექტი უმნიშვნელოა, რადგან მან სექტორს კრიზისი ვერ დააძლევინა. 

მართალია, სამშენებლო კომპანიებში აცხადებენ, რომ რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა ბენეფიციართა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. 4000-საც ვერ აღწევს იმ სუბიექტების რიცხვი, რომლებმაც იპოთეკური სესხის სუბსიდიის ფარგლებში შეიძინეს უძრავი ქონება. 

შესაბამისად, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, პროგრამის დასრულება ბაზარს დიდად ვერ დაეტყობა, რადგან ეპიდემიის, ასევე ლარის გაუფასურების გამო ისედაც დიდი პრობლემაა და ამ ყველაფერთან გასამკლავებლად ერთი კონკრეტული პროგრამის ეფექტი უმნიშვნელოა.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, მთავრობამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა 28 მაისს წარადგინა. იპოთეკურ სესხებში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 33.6%-ია.  

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2021 წელს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ამ სახით გაგრძელების საჭიროება არ იქნება.

,,საკმაოდ დიდი ნაწილია ათვისებული. გაგრძელება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ამით საკმაოდ დიდი სტიმული მივეცით ამ სექტორს. თქვენ იცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური დაღმასვლა გვაქვს, ამ სექტორში ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. ლომის წილი ამ პროგრამასაც ეუთვნის. 

მგონია, რომ იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც წელს გვქონდა, სწორად მოვიქეცით იმიტომ, რომ ეს სექტორი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანია. საჭიროა სამშენებლო დარგი უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს, შესაბამისად, ეს იყო სწორი ნაბიჯი. ვიმედოვნებთ, რომ პროგრამის ამ სახით გაგრძელების საჭიროება არ იქნება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ რესურსი უკვე ამოწურულია, როგორც აღვნიშნეთ,  ბენეფიციარები პროგრამით წლის ბოლომდე ისარგებლებენ და ამ მხრივ დაბრკოლება არავის ექნება. ამის შესახებ ,,რეზონანსს“ ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ აცნობა.

,,თავდაპირველად პრესაში იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით მინისტრის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა, თუმცა ხარვეზი შეასწორეს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ რესურსი არ ამოწურულა. წინანსწარ წარმოდგენილი გეგმის  მიხედვით, იმაზე მეტი აქტიურობაა, ვიდრე მოლოდინი არსებობდა. შესაბამისად, წლის ბოლომდე გაგრძელდება. მომავალი წლიდან კი, სავარაუდოდ, პროგრამას ვერ გაგრძელდება. საბოლოოდ მთავრობის გადასაწყვეტია. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, თანხა რომც ამოიწუროს, პროექტი რა ვადაზეც არის გათვლილი, ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება“, - განაცხადა ძნელაძემ.

იპოთეკური სესხების სუბსიდიის პროგრამით კმაყოფილი არიან სამშენებლო კომპანიებშიც. როგორც ,,ივერონის“ დამფუძნებელმა არჩილ ჯაყელმა აღნიშნა, სუბსიდირების პროგრამის გარეშე სექტორი კრიზისს თავს ვერ დააღწევდა. 

,,მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი პროგრამაა, ფაქტობრივად, სახელმწიფოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა იყო მათთვის, ვისაც უნდოდა ბინის შეძენა. ეს მრავალმხრივი დადებითი შედეგია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ეკონომიკისა და, ცხადია, მომხმარებლებისთვისაც, ვინც პროექტით სარგებლობს. ჩემი აზრით, სუბსიდია რომ არა, ბანკები ალბათ უფრო შეიკავებდნენ თავს და სესხის კუთხით პრობლემა იქნებოდა ბინების რეალიზაცია. სახელმწიფოს იღებს გარვეულ გარანტიას და ბანკსაც მეტი სტაბილურობის განცდა აქვს. ვფიქრობ, მცირე არ არის ბენეფიციართა რაოდენობა. უფრო ნაკლებიც რომ იყოს, პროგრამამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა“, - აღნიშნა "რეზონანსთან" ჯაყელმა. 

მისი ინფორმაციით, არ  არის გამორიცხული, სხვა პროექტიც წამოიწყონ, რის საჭიროებაც ბაზარზე მომავალი წლიდან გამოჩნდება.

,,იმ დროს, როცა თვეობით გაჩერებული იყო ბაზარი და თავიდან გამოცოცხლება დასჭირდა, სესხების სუბსიდიის როლი პოზიტიურია, პასიურობა ნამდვილად არ არის. მთავრობა მოგვყვება ლოგიკურად და რაც შეუძლია, აკეთებს. სხვა საკითხია, ბანკმა როგორი ურთიერთობა გააგრძელა შემდეგში მომხმარებელთან, მაგრამ შეღავათი ნამდვილად იყო. რაც შეეძლოთ, გააკეთეს.  მეტი სირთულე თუ შეიქმნება, ალბათ, სხვა სახით დაგვეხმარებიან. 

ბიზნესი ცდილობს, სიტუაცია შეინარუნოს, ახალ პროექტებს ვერ დაიწყებენ, მაგრამ  გამოწვევას უძლებენ. ვნახოთ, სანამდე გვეყოფა რესურსი, ინერციით მივყვებით, მთელ მსოფლიოშია პრობლემა, რაც უფრო აქტიურად ვიქნებით, უფრო გავართმევთ თავს, ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს და გამოსავალი გამოჩნდება და  მდგომარეობიდან უფრო მალე გამოვალთ“, - აღნიშნა  ჯაყელმა.

საწინააღმდეგო მოსაზრების არიან სპეციალისტები, რადგან მიაჩნიათ, რომ პროგრამამ ეფექტი ვერ მოგვცა და რეალიზაციის ზრდა არ მოუხდენია. ამის მიზეზად ბიზნესის სამართლის ექსპერტ უჩა ზაქაშვილი ლარის გაუფასურებას და ეპიდვითარების დამძიმებას მიიჩნევს, რის გამოც დეველოპერულმა ბიზნესმა შეღავათი რეალურად ვერ იგრძნო.

,,იპოთეკური სესხების სუბსიდირებამ განსაკუთრებული ეფექტი ვერ მოახდინა. ბაზარზე ბევრი თანმდევი პრობლემაა,  მათ შორის, ეპიდემიური სიტუაციის დამძიმება, ლარის გაფასურება და ა.შ. ამიტომ ვერ წაახალისა დარგი. ვხედავთ, რომ ძალიან ცოტა ბენეფიციარია, რაც ნიშნავს, რომ  რეალიზაციაზეც დიდი გავლენა ვერ იქონია. ბაზარზე რადიკალური ცვლილება არ მომხდარა. 

არ მესმის, რაში გამოიხატება ეფექტი, როცა ძალიან ბევრი მშენებლობა, რომელიც უნდა დაწყებულიყო, საერთოდ გაჩერდა. ამ პროგრამით, უბრალოდ, ის მოხერხდა, რომ ვარდნა არ მომხდარიყო, მაგრამ სტიმული ვერ მისცა ბაზარს. სხვა ეფექტი ამას არ აქვს, გარდა იმისა, რომ დაბალბიუჯეტიან მშენებლობებში გაყიდვა შენარჩუნდა. 

არ არის პრობლემა სუბსიდირების დასრულებაც, თუნდაც ვადაზე ადრე შეწყდეს.  იმდენად ღრმა პრობლემაა ამ სექტორში, რომ უძრავ ქონებას ამ სიტუაციაში სესხის სუბსიდია ნამდვილად ვერ უშველის“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ ზაქაშვილმა. 

მთავრობის მონაცემებით, იპოთეკური სესხების სუსბსიდირების პროგრამის ფარგლებში სექტემბრის ჩათვლით 364 მილიონი ლარის სესხია გაცემული. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, პროგრამით სულ 3823 მსესხებელმა ისარგებლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×