
ბუნებრივი აირის გაძვირებით ქვეყანაში დიდი პრობლემებია მოსალოდნელი, რადგან კომერციული სექტორისთვისტარიფის მკვეთრი მატება მთელ მოსახლეობას დააწვება ტვირთად. მართალია, პურის ფასს მთავრობა დაასუბსიდირებს, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა პროდუქტის ღირებულებას ვერაფერი შეაჩერებს. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა კომპანიასთან გაარკვევს, რის გამო მოხდა ტარიფის გაზრდა.
,,როგორ გაყიდის კომერციულ სექტორზე თბილისი ენერჯი გაზს, არ არის რეგულირებადი და ეს მათი ბიზნესის ნაწილია, თუმცა, ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით. მართლაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, ეს არის თბილისის უწყვეტი მომარაგება უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირით.
აუცილებლად შევხდებით, დაველაპარაკებით, გავერკვევით რამდენად დასაბუთებულია მათი გეგმები და რამდენად ეყრდნობა ეს რეალურ გარემოებებს და რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა ის შიდა რესურსი და რამდენად აუცილებელი არის ახლა, საკმაოდ რთულ ვითარებაში კომერციული გაზის ფასების გადახედვა. ჩვენ ამაზე მათთან გვექნება კომუნიკაცია,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
თუმცა, სანამ მთავრობა რამეს გაარკვევდეს, სპეციალისტები ღიად საუბრობენ, რომ გაზის გაძვირება ლარის გაუფასურებას უკავშირდება, რის გამოც ბიზნესს ფასის შენარჩუნება გაუჭირდა.
,,ლარი გაუფასურდა და კომპანიას შესაბამისად, მეტი რესურსი სჭირდება. კურსი ეცემა, ქვეყანა ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაშია და მთავრობა სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს. კომერციული სექტორისთვის გაზის გაძვირება მრავალმხრივ შეგვიქმნის პრობლემას. ხალხს და ქვეყანასაც დიდი განსაცდელი ელის.
ბევრჯერ გვითქვამს, რომ გაზის ტარიფი უნდა იყოს საბაზრო და ამისთვის ალტერნატივაა საჭირო. აზერბაიჯანი გაზის ძირითადი მომწოდებელია და ის რა ფასიც უნდა, იმას დაადებს. ირანული არ შემოდის, რუსული გაზი მცირე ოდენობითაა, რადგან ოპოზიციას სურს ასე. მრავალი პრობლემაა და საბოლოოდ ფასზეც აისახება.
მთავარი მაინც ლარის კურსია. მაგალითისთვის, 1880 წელს ოქროზე გადაანგარიშებით, 1 ტონა ნავთობი ღირდა 12 გრამი ოქრო, ახლაც ისევ 12 გრამი ოქროს ეკვივალენტის ფარგლებშია. ეს ნიშნავს, რომ ფასი კი არ იზრდება, ფული უფასურდება. გაუჭირდება ბიზნესს, სხვა გზა არ არსებობს“, - განუცხადა "რეზონანსს" სოსო სიმონიშვილმა.
მართალია, პურის საცხობები ძველ ფასს ინარჩუნებენ, მაგრამ ზარალს ვეღარ აუდიან. როგორც ისინი ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, პროდუქციის თვითღირებულება 10%-ით გაიზარდა და უკვე იმ მდგომარეობაში არიან, როცა დასაქმებულებისთვის ხელფასების გაცემა უჭირთ. ამის შესახებ საუბრობს მეწარმე ზაზა ჩახვაშვილიც:
,,გაზის ტარიფის ზრდა არ შეგვეხო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა შეღავათი, რადგან სხვა ყველაფერი გაგვიძვირდა. გუშინ 62 ლარში ავიღე ერთი ტომარა ფქვილი. კატასტროფულად არის გაძვირებული, ხარისხი კი აშკარად გაუარესებულია. ველოდებით ცვლილებას, მთავრობა მხარში უნდა დაგვიდგეს, სხვანაირად ამ სიტუაციას ვერ გავუძლებთ.
10%-ით გაგვეზარდა ხარჯი და პურის ფასს მაინც ვინარჩუნებთ, რადგან გაჭირვებაა. მარტო შესაფუთი მასალის ღირებულება 7-8 თეთრია. გაგვიძვირდა ზეთი და საფუარი. ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხელფასს ძლივს გავცემთ, ესეც კი პრობლემად გვექცა“, - აღნიშნა მეწარმემ ,,რეზონანსთან“.
2021 წლის 3 იანვრიდან თბილისის არასაყოფაცხოვრებო აბონენტებს, პურის საცხობების გარდა, ბუნებრივი აირის ღირებულება გაეზრდებათ. ფასის მატება 1 კუბურ მეტრზე 24 თეთრს მიაღწევს, რის შედეგადაც ახალი ტარიფი 1.1 ლარი იქნება.