"ავიაკომპანიები ამჯერად უფრო სიფრთხილით მოეკდებიან მთავრობის გზავნილს"
თამარ ვეფხვაძე
14.12.2020

თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება. ეკონომიკის მინისტრმა ამის შესახებ პირდაპირ ისაუბრა, რითიც მოულოდნელი ინფორმაცია მიაწოდა ავიაკომპანიებს. სპეციალისტები მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ გადაჭარბებული მოლოდინი შექმნა მაინც არ ღირს.

ნათია თურნავას განცხადებით, მინისტრმა იქვე ხაზი გაუსვა, რომ პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხებულა, მათ შორის არც აეროპორტების გაფართოების პროექტები.

„დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროექტი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან, პრაქტიკულად, გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო რეისებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

პანდემიამდელ ნიშნულებზე დასაბრუნებლად, ავიაციის სექტორს დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება, თუმცა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეტაპობრივად და ფრთხილად შეძლებს ოპერირების ჩვეულ პროცესზე გადასვლას. იგივე მოლოდინი აქვს ბიზნესსაც

"ვიმსჯელეთ რეგულარული ავიარეისების შეზღუდვის მიზანშეწონილობისა და საჰაერო სივრცის გახსნის პერსპექტივებზე. მათ შორის, საავიაციო კომიტეტის 2021 წლის გეგმებსა და სამომავლო ინიციატივებზე. ავიაცია თანდათან უნდა დაუბრუნდეს პანდემიამდელ ნიშნულს, თუმცა ამას ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება", - განაცხადა სავაჭრო პალატის ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი მოლოდინაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილება მისაღებია სპეციალისტებისთვისაც. ავიაციის დარგის ექსპერტი თამარ თანდაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ეს კარგი ინფორმაციაა, მაგრამ ზედმეტი მოლოდინის შექმნა მაინც არ ღირს. ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა ზუსტად რა სიტუაცია იქნება თებერვალში.

"ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ რა ზარალი მიადგა მსოფლიო ავიაციას ყოველთვიური შეზღუდვებისგან. საჯარო სექტორი მიზეზად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ასახელებდა. როგორც ჩანს, ისინი ფლობენ გარკვეული სახის ინფორმაციას, რაც აძლევთ იმის ფიქრის საშუალებას, რომ თებერვალში ეპიდსიტუაცია იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე ახლაა და საფრთხე აღარ დაემუქრება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. 

მე პირადად, ზედმეტი მოლოდინის შექმნისგან თავს შევიკავებდი, რადგან ბიზნესმა თავის თავზე არაერთხელ გამოსცადა არასწორი ინფორმაციის შედეგი, რომელიც არ მართლდებოდა და ორგანიზაციები ფინანსური რისკის ქვეშ დადგნენ. ამიტომ, ვფიქრობ, ტურიზმში ჩართული კომპანიები 2021 წელს უფრო სიფრთხილით მოეკდებიან ამ დაანონსებულ სიახლეს, რადგან დღესდღეობით ხანგრძლივ ვადაში რაიმე პერსპექტივაზე საუბარი ძალიან ძნელია. 

ქვეყანა სრულიად დაკეტილია და ახლა, იმაზე საუბარი, რომ გაიხსნება ავიამიმოსვლა და ყველაფერი იქნება კარგად შესაძლოა, უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდეს, ვიდრე იმის განცდა, რომ ფრენის აღდგენა ეტაპობრივად მოხდება და არა ერთიანად. ბუნებრივია, რეისების დაშვება იქნება პოზიტიური მომენტი, თუკი ჩვენ ახლავე დავიწყებთ ამაზე მუშაობას და ბოლო მომენტში არ გვეცოდინება, რომ ავიაკომპანიები იწყებენ მიმოსვლას. 

გასათვალისწინებელია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რადგან მომავალი ორ თვე უკიდურესი გაჭირვების მოლოდინია. რამდენად იქნებიან ადამიანები, რომ იმოგზაურონ და მათ რამდენად ექნებათ ამის ფინანსური შესაძლებლობა, ეს კიდევ ცალკე საკითხია", - აღნიშნა თანდაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )