"პრობლემების წყარო არის სრულიად გაუმართავი გაყვანილობა და უსაფრთხოების მონიტორინგის არ არსებობა"
ნინა გარდაფხაძე
14.12.2020

ყოველ ზამთარს დედაქალაქი მომეტებული საფრთხის წინაშე დგება. გაზის აფეთქებებისა და გაჟონვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობით ბოლო წლები ძალიან დამძიმებულია. ,,თბილისი ენერჯი“ უკვე მეორე ზამთარია, რაც დედაქალაქის მთავარი გაზგამანწილებელი კომპანიაა. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, რა შეიცვალა ,,ყაზტრანსგაზის“ ჩანაცვლებით და რამდენად უსაფრთხო ზამთარი ელის პანდემიის დროს თბილისელებს, მთ უფრო, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სახლშია გამოკეტილი. 

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, მუდმივად აქტიურდება გაზის სისტემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. რადგან თბილისის მიწისქვეშა გაზგაყვანილობის ნაწილის ექსპლუატაციის ვადის გასვლიდან, სულ უფრო დიდი დრო გადის. მისი განახლება კი ვერ ხერხდება. სახლებსა თუ საწარმოებში ძალიან გახშირდა აფეთქება და უმრავლესობა სამწუხარო შედეგითაც სრულდება. მიუხედავად ამისა, არც ერთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, არადა მოკვლევა თითქმის ყველა საქმეზე დაიწყო. დამნაშავე, როგორც წესი, არც სახელმწიფო და არც კომპანია არ არიან და პასუხისმგებლობის საკითხი ყოველთვის რიგით თანამშრომლებამდე დადის. სამართლებრივად კი არ არსებობს ფატალური შედეგით დასრულებული შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ ან გამანაწილებელმა რამე სახის პასუხისმგებლობა იკისრა.

მეტიც, დედაქალაქში იცვლებიან გაზგამანაწილებელი კომპანიები, იცვლება ზოგადი რეგულაციები, ემატება უსაფრთხოების კომპონენტები, დეტექტორების მონტაჟი ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სახლებში ვიზიტი, თუმცა არ სწორდება მთავარი - გაზგაყვანილობა, რის გამოც სპეციალისტები, თბილისს მოიხსენიებდნენ, როგორც ,,ქალაქი ბომბზე“.

მიუხედავად იმისა, რომ ძირეული პრობლემები კვლავ რჩება, აფეთქების შემთხვევებმა 2020 წლის განმავლობაში იკლო. როგორც ჩანს, მცირედი აღსრულებაც კი მნიშვნელოვანი პრევენციაა, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს.

ენერგეტიკის უსაფრთხოების ექსპერტი ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის" დირექტორის ყოფილი მოადგილე  სოსო სიმონიშვილი ამბობს, რომ დედაქალაქში მხოლოდ გაზგამანაწილებელი კომპანია შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა მიდგომები და სტანდარტი გაზის უსაფრთხოების საკითხში.

,,მმართველი კომპანიის  შეცვლამ არაფერი მოიტანა, რადგან ამ კუთხით არასწორი ვექტორი აქვს ეკონომიკის სამინისტროსაც. ისინი მიიჩნევენ, რომ გაზის მეურნეობაში პრობლემების წყარო არის არა  სრულიად გაუმართავი გაყვანილობა და მისი მონიტორინგის არ არსებობა, არა შეუსაბამო მასალები, არამედ ამ ქსელში დამონტაჟებული მოძველებული  კონსტრუქციის გაზის გამათბობლები და წყლის გამაცხელებელები. ეს არის სისტემურად არასწორი და ზედაპირული მიდგომა. ქსელში ასეთი გამათბობლები იყო სულ და არის დღესაც, მაგრამ როცა გაზგამანაწილებელი  საბჭოთა კავშირის დროს მონიტორინგს ახორციელებდა  არ ხდებოდა აფეთქებები. ,,თბილგაზი“ მაშინ ისევე იცავდა უსაფრთხოების წესებს, როგორც დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიო. შესაბამისად, არ იყო ასეთი შემთხვევები, იშვიათი გამონაკლისის გარდა.

ის, რომ გაზგამანაწლებელმა იმ ძველ ,,კალონკებს“ დაარქვა მკვლელი, ეს ბელეტრისტიკაა. კონკრეტულად არაფერი იცვლება არც დეტექტორებით, თუმცა მაინც კარგია. საბოლოოდ, ისევ არაკომპეტენტურობასთან, ან გულგრილობასთან მივდივართ. აფეთქებების და ინტოქსიკაციის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მშენებლობა თანამედროვე საქართველოში, გაზის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფით ხდება და ამას სხვა ფაქტორები ვერაფრით გადაფარავს“, - განუცხადა სიმონიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

როგორი ზამთარი იქნება წელს ბუნებრივი აირის უსაფრთხოების მხრივ, ძნელი სავარაუდოა, თუმცა 2020 წელმა ამ მხრივ შედარებით უკეთესად ჩაიარა. დადებით ტენდენციაზე საუბრობს აკადემიკოსი, სიმონ ბარამიძე და იქვე დასძენს, რომ ძირეული პრობლემის გადასაჭრელად გაზისთვის ოდორანტის დამატების გარეშე, უსაფრთხოება ვერ მიიღწევა.  

,,წელს ტენდენცია მკვეთრად შეცვლილია და საბედნიეროდ, დღემდე არ გვქონია ამ სეზონზე გაზის აფეთქების შემთხვევა. გარდა ადამიანური დიდი ტრაგედიისა, პანდემიის გამო ძალიან მძიმე ფონს, კიდევ უფრო დაამძიმებდა ასეთი შემთხვევა. ძალიან ნელა, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაცები მაინც იცვლება ქსელის მოწესრიგების კუთხით.

მთავარი მიზეზი, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობ, არის ოდორანტის არარსებობა. მოსახლეობის გაზმომარაგების ქსელი და ქალაქში დამონტაჟებული გაზგასამართი სადგურები ერთი სისტემიტ მარაგდება. წარმოიდგინეთ, როგორი სუნი იქნება მთელ თბილისში იმ შემთხვევაში, ოდორანტი მთელ სისტემას რომ დაემატოს. ადრე გაზგასამართი და ავტოგასამართი სადგურები სხვადასხვა ქსელზე ,,იდგა" და ეს ნორმად მიიჩნეოდა. მოისპო ამ ქვეყანაში სტანდარტი, ამიტომ ოჯახებში გაზის აფეთქება და გაჟონვა ლამის ყოველდღიურობად იქცა. კარგია, რომ ამ ურთულეს პერიოდში მაინც არ ყოფილა რამე დიდი ავარია და აფეთქება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" სიმონ ბარამიძემ.

2016-2019 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქებისა და ინტოქსიკაციის შედეგად 101 ადამიანი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )