"გაძვირების კი არა გაიაფების შესაძლებლობასაც ნამდვილად დაინახავენ იმის მიუხედავადაც, რომ ლარი გაუფასურებულია"
ირაკლი ლომიძე
14.12.2020

წლის ბოლოა, არჩევნებიც ჩავლილია და უკვე ხელს არაფერი უშლის, რომ დენის  გაძვირების საკითხი გააქტიურდეს. როგორც ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი  აცხადებს, ტარიფის ზრდა გარდაუვალია, რაც განსაკუთრებით აღშფოთებას იწვევს იმ კუთხით,  რომ  განხორციელებული ინვესტიციების  მოცულობა ტარიფებთან შეუსაბამოდ მიიჩნევა. დარგში ჩადებული ფინანსური რესურსი არათუ გადასახადის შენარჩუნების, არამედ, გაიაფების შესაძლებლობასაც იძლევა,  თუმცა ხდება პირიქით და გაუმართლებლად აპირებენ გადასახადის ზრდას, რაც ინვესტიციებთან სრულ შეუსაბამობაშია.

რამდენიმე დღეში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უნდა დაადგინოს  ელექტროენერგიის 3-წლიანი ტარიფი როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული მომხმარებლებისთვის, ანუ მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის.

როგორც მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, სემეკმა უკვე დაადგინა ქსელში დანაკარგების ნორმა, დამტკიცებულია საინვესტიციო გეგმა, ჩატარებულია მათი ხარჯების აუდიტი, რომლებსაც კომპანიებთან ერთად განიხილავენ და კომისია ამ მხრივ ელის გარკვეული თანხის დაწურვას, გამოთავისუფლებას.  ასე რომ, სემეკში მიაჩნიათ, რომ დენის ახალ ტარიფზე საუბარი ჯერ ნაადრევია. 

გადაწყვეტილებას დავით ნარმანიას უწყება თვის ბოლომდე, საჯარო განხილვების შედეგად მიიღებს. მანამდე კი ცნობილია მომავლ 5 წელიწადში განსახორციელების ინვესტიციების რაოდენობა, რომელიც "თელასის" შემთხვევაში 87 მილიონი დოლარია, ხოლო "ენერგო პრო ჯორჯიას" შემთხვევაში - 424 მილიონი დოლარი. 

ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძის აზრით, განხორციელებული ინვესტიციები ვერანაირად ვერ გამოიწვევს გადასახადის ზრდას, პირიქით, ობიექტური განხილვის პირობებში, შესაძლებელია სამართლიანად შემცირებული ტარიფის დადგენას.

,,ჩვენ არ ვიცით, რა მოცულობის ინვესტიციებია სინამდვილეში განხორციელებული გამანაწილებელი კომპანიებისგან, რადგან ეს ინფორმაცია დაფარულია. თუკი გაწეული სამუშაოების მიხედვით ვიმსჯელებთ, ცხადია, რომ მათი ნაწილი შესრულებული არ არის.  ასეთ სიტუაციაში  საერთოდ ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ტარიფი გაიზარდოს, პირიქით, გადასახედია შემცირების კუთხით. ობიექტურად თუ ჩაიხედავენ, გაიაფების შესაძლებლობას ნამდვილად დაინახავენ იმის მიუხედავადაც, რომ ლარი გაუფასურებულია.  

ფაქტია, რომ ქვეყანაში არასწორი და უსამართლოდ დადგენილი სატარიფო პოლიტიკაა. მეთოდოლოგია არ არის იმგვარი, რომ რეალობასთან ახლოს იყოს. ელექტროენერგიის გადასახადი რეგიონში ყველაზე მაღალი საქართველოშია და ეს თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. ამ დროს საქართველო ჰიდრორესურსებით ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. ენერგოკომპანიებს წარმოუდგენლად დიდი უფლებები აქვთ მინიჭებული. ამ დროს ჰესები არც მათი აშენებულია და ჯერჯერობით, არც მნიშვნელოვანი ინვესტიცია აქვთ ჩადებული“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთნა" თემურ ჭიჭინაძემ და ხაზი გაუსვა, რომ გადასახადის გაზრდა, მთავრობამ სუბსიდირება რომც მოახდინოს მძიმე ასატანია მოსახლეობისთვისაც და წარმოებისთვისაც. 

,,მოსახლეობა გაჭირვებულია და არ მესმის, ამ დროს როგორ შეიძლება ტარიფის გაზრდაზე ვინმემ იფიქროს. ძალიან მძიმე შედეგამდე მიგვიყვანს, თუკი ახლა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ.  შეიძლება, სუბსიდირება მოახდინონ და გარკვეული ფენისთვის საგადასახადო ტვირთი არ დამძიმდეს, მაგრამ მაინც ზარალდება ყველა, რადგან უძვირდებათ პროდუქტი და საერთოდ, გაუძვირდებათ ცხოვრება. 

ამიტომ ვამბობ ასე დაჟინ ებით, რომ დენის გადასახადი უნდა შემცირდეს, ამას უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება. სემეკმა რომ მოინდომოს და კარგად ჩაიხედოს, ამის საშუალება არის. იმდენად მიშვებულია ჩვენი  ენერგოკომპანიები, რასაც  უნდათ,  იმას გააკეთებენ. მთავრობას პირდაპირი ზემოქმედება სემეკზე არ აქვს, მაგრამ ის  მიერ დადებული ხელშეკრულებები უნდა გასაჯაროვდეს, გრიფი "საიდუმლო" რომ დაადეს. არ ვიცით რა წერია შიგნით და ესაა დიდი  უბედურება, რითაც  კომპანიები ბოროტად სარგებლობენ“, - დასძინა თემურ  ჭიჭინაძემ.

განსხვავებული პოზიციისაა სპეციალისტების მეორე ნაწილი, რომელიც  ელექტროენერგიის გაძვირებას პროგნოზირებს. მათ შორის, ენერგეტიკოსი გია არაბიძე, რომლის ვარაუდითაც, მომავალი წლიდან კომუნალური გადასახადების განაკვეთი მოიმატებს. ცვლილება პირველ რიგში, დენის ტარიფს შეეხება, რომლის ზრდა გარდაუვალია, რადგან არსებული გადასახადი სექტორის მდგრადობას საფრთხეს უქმნის. ასეთი დაბალი ტარიფი ვერც ინვესტიციებს იზიდავს და დამატებით ესეც ქმნის პრობლემას, რის გამოც სემეკს, სავარაუდოდ, გადასახადის გაძვირება მოუწევს. ენერგეტიკოსი ამავე დროს საუბრობს სამომავლო ინვესტიციებზეც.

,,შეიძლება ვინმემ თქვას, რომ არჩევნების გამო იკავებდა მთავრობა თავს გადასახადების გაძვირებისგან, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. როგორიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ დენის ტარიფის საკითხი დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტარიფი არ არის სამართლიანი და ხელს ვერ უწყობს წარმოების განვითარებას, რაც ენერგეტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

დღევანდელი განაკვეთი, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური სიტუაცია მძიმეა, ბევრ დაბრკოლებას ქმნის, თუნდაც ინვესტიციებთან მიმართებით. ამიტომ სემეკმა უნდა განიხილოს, რა არის შესაძლებელი და რა - აღარ! სისტემის მდგრადობა სხვანაირად შეუძლებელია. ჯამურად 1,2-მილიარდიანი ინვესტიცია არის დაგეგმილი მომდევნო 5 წლის განმავლობაში კომპანიების მიერ, რომ ჩვენი სისტემა უსაფრთხო გახდეს. ცხადია, ეს ტარიფის ზრდის გარეშე ვერ მოხდება, ამიტომ ვფიქრობ, გადასახადის ზრდა სავსებით ლოგიკურია“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ენერგეტიკოსმა.

მარეგულირებელმა ჯერ კიდევ ოქტომბრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ არც ერთ კომპანიას სემეკისთვის ტარიფების მატების მიზნით არ მოუმართავთ.  

სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს - სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, ასევე წყალმომარაგების კომპანიებს - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „რუსთავის წყალს“ და შპს „მცხეთის წყალს“ ტარიფები დადგენილი აქვთ 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის გამანაწილებელმა და წყალმომარაგების კომპანიებმა, 2021-2023 წლებისათვის გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით სემეკს მომართეს მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, რომლის საფუძველზეც კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები. გადაწყვეტილება დაახლოებით 10 დღეში იქნება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )