„სიტუაციის გამოსწორებას შეიძლება ველოდოთ მაშინ, როცა აღდგება ის ეკონომიკური ბალანსი, რაც იყო პანდემიამდე“
თიკა სიბოშვილი
15.12.2020

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და ქვეყანაში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა პროდუქტების მასობრივი გაძვირება გამოიწვია. არასტაბილური ლარის გამო მოსახლეობა პანიკურად იმარაგებს სურსათს იმის შიშით, რომ ისედაც გაძვირებულ პროდუქტებს ფასი კიდევ უფრო არ მოემატოს. ინფლაციური პროცესების შეჩერება თითქმის შეუძლებელია და, დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის ბოლოც და 2021 წლის დასაწყისიც ძალიან რთული იქნება. 

პანდემიის ფონზე თითქმის ყველაფერი გაძვირდა, თუმცა ეს პროცესი აქამდეც მიმდინარეობდა და კიდევ გრძელდება. გაძვირებული სურსათის დიდი ნაწილი დახლებზე უკვე გამოჩნდა, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ 2021 წლის დასაწყისი მძიმე იქნება. 

როგორც ცნობილია, იანვრიდან კომერციული მომხმარებლებისათვის გაზის გადასახადიც იზრდება, ქვეყანაში მომუშავე საცხობების უმრავლესობა კი სწორედ ბუნებრივ აირს მოიხმარს. შესაბამისად, მათი პროდუქციის ღირებულება აუცილებლად მოიმატებს. 

პანდემიის პირობებში მკვეთრად გაიაფებულმა საწვავმა გაძვირება დაიწყო და გუშინ კიდევ ერთი ნახტომი გააკეთა. მისმა ღირებულებამ 5 თეთრით მოიმატა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი _ 10-12 თეთრით. საწვავის ფასის ფორმირებაზე მოქმედებს დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებაც, რადგან ნავთობიმპორტიორები შესყიდვებს ძირითადად დოლარში ახდენენ. 

გარდა ამისა, მკვეთრად გაძვირებულია ფქვილის ფასიც. ბოლო 3 კვირის განმავლობაში ერთი ტომრის ღირებულებამ 6-7 ლარით მოიმატა. ახლა უმაღლესი ხარისხის ფქვილი 69 ლარი ღირს და ასეთი ძვირი არასდროს ყოფილა.

სტატისტიკოსი გივი მომცელიძე მიიჩნევს, რომ ფასების ზრდა მომავალშიც მოსალოდნელია. ამ ეტაპისთვის სავაჭრო ქსელები ჯერაც ძველ ფასს ინარჩუნებენ, თუმცა მომავალში ასე გაგრძელება შეუძლებელი იქნება.

„საცხობების უმრავლესობა ბუნებრივ აირზე მუშაობს და  წლებია, არ გადასულა ელექტროენერგიაზე, რის გამოც მათი გადასახადი ძალიან მოიმატებს. პროდუქციის ფასზე ეს ნამდვილად აისახება.

ლარის გაუფასურება ფქვილის ღირებულებას უკვე დაეტყო. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში იმ უმაღლესი ხარისხის ფქვილის ფასი 15-20%-ით არის გაზრდილი, რომელსაც იყენებს თითქმის ყველა საცხობი. ამასთანავე, გაძვირებულია ზეთიც. ამ ეტაპისთვის რაღაცნაირად ნარჩუნდება ფასი, მაგრამ ასე, სამწუხაროდ, დიდხანს ვერ გაგრძელდება, რაც შემდეგ აისახება ინფლაციაზე, ეს ყველაფერი კი ისევ და ისევ ხალხის ზურგზე გადაივლის“, - განუცხადა „რეზონანსს“ მომცელიძემ.

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა და ფაქტობრივად ჩაძირა. ფასები საგრძნობლად იზრდება, რაც მოსახლეობას ისედაც მძიმე ვითარებაში უფრო მეტად აზარალებს. 

კიდევ უფრო რთულ ვითარებაში არიან კომერციული ფართების მფლობელები, მათი მთავარი იმედი სიტუაციის გამოსწორება და ფასების დასტაბილურებაა. როგორც ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე აღნიშნავს, გაზის გადასახადის გაძვირება ნებისმიერი პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს, მდგომარეობის დასტაბილურებას კი ჯერ არ უნდა ველოდოთ, რადგან ის სექტორები, რომლებზეც ეკონომიკა იდგა, ფაქტობრივად მკვდარია.

„თავისთავად ენერგომატარებლებზე ფასის გაძვირება გამოიწვევს საშუალოვადიან პერიოდში ნებისმიერი პროდუქციის გაძვირებას. მაგალითად, თუ პურის მწარმოებლის ხარჯი გაიზრდება გაზის გადასახადის გაზრდით, ბუნებრივია,  გაიზრდება ნაწარმის ფასებიც.

პანდემიამ და მისმა გავლენამ, ერთი მხრივ, შეამცირა პროდუქტების მოხმარება, რადგან სოციალური თვალსაზრისით სიდუხჭირეა, მაგრამ, მეორე მხრივ, გაართულა ვაჭრობა, რასაც ფასების ზრდის კუთხითაც აქვს გავლენა. მაინც ვფიქრობ, რომ ფასების ზრდა პანდემიას არ გამოუწვევია.

სიტუაციის გამოსწორებას შეიძლება ველოდოთ მაშინ, როცა აღდგება ის ეკონომიკური ბალანსი, რაც იყო  პანდემიამდე. ვგულისხმობ ქვეყანაში ფულადი ნაკადების შემოდინებასა და გადინებას, რაც დამოკიდებული იყო სამ წყაროზე: ტურიზმზე, უცხოურ გზავნილებსა და ინვესტიციებზე.

ტურიზმი ფაქტობრივად მოკვდა, ხოლო უცხოური გზავნილები და საინვესტიციო აქტივები შემცირდა. აქედან გამომდინარე, დადებით პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, სანამ არ აღდგება ტურიზმი, არ დაბრუნდება უცხოური გზავნილები იმავე მაჩვენებელზე და არ შეიცვლება პანდემიის გამო გაუარესებული საინვესტიციო გარემო“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ზურაბ კუკულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )