მეტი რესურსი და შესაძლებლობა ქვეყნის ბიუჯეტს არ გააჩნია
რეზონანსი
15.12.2020

საქართველოს მთავრობამ პანდემიის პირობებში არაერთი სახის დახმარება გასცა. ხელისუფლება დაეხმარა როგორც ბიზნესს, ისე - მოქალაქეებს, რათა მათთვის კორონავირუსის პანდემიური შოკი რთულად გადასატანი არ ყოფილიყო, მაგრამ გაცემული დახმარებები საკმარისი არ აღმოჩნდა. მისი ოდენობა იმაზე ბევრად მცირეა, ვიდრე პანდემიისგან მიღებული დანაკარგია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, საქართველო პირველ ადგილზეა იმ პანდემიური დახმარებების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, რომელსაც ქვეყანა დონორი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იღებს. საქართველო იყო პირველი სახელმწიფო, რომლის ანტიკრიზისული პროგრამა დაამტკიცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. უკვე ხელმოწერილია შეთანხმებები, რომელთა ჯამური მოცულობა 1.9 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზუსული გეგმა დღესაც მოქმედებს, რომელიც მოსახლეობის დახმარებას ითვალისწინებს და რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს მიმართა. 

„თუ ყველაზე მეტ დახმარებას ვიღებთ, ესე იგი, ყველაზე მეტად გვჭირდება ასეთი სახის დახმარებები და მდგომარეობა არც ისეთი სახარბიელოა, როგორც ჩანს. შესაბამისად, მოსახლეობის მდგომარეობა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ რთულია, თუმცა ხელისუფლებას არ უნდა დავუკარგოთ ის დამსახურება, რომ მან, მრავალ სხვა ქვეყანასთან შედარებით, პირველმა მიმართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და სხვებზე ადრე მოახერხა დახმარებების მიმღებთა რიგში ჩადგომა. ასეთი ქვეყნების რაოდენობა ძალიან ბევრია, ხოლო მათი მოთხოვნის პაკეტი თითქმის 4-ჯერ აღემატებოდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პოტენციურ შესაძლებლობას. ამ მხრივ, ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა სხვებზე ადრე და სხვებზე მეტი დახმარების მიღება და ეს არ უნდა დავუკარგოთ”, - განცხადა „რეზონანსთან“ სოსო არჩვაძემ. 

მთავრობის მიერ გაცემული დახმარებები არასაკმაირია და იმ დანაკარგის აღდენა ვერაფრით ვერ ხდება, რომელიც ამ დროის განმავლობაში მიიღო საქართველომ და მისმა მოსახლეობამ, რადგან ეკონომიკური კრიზისი და მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჯერ ისევ გამოწვევაა ქვეყნისთვის.  სოსო არჩვაძე ადასტურებს, რომ კომპენსაციის მოცულობა არასაკმარისია, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ასეთი მდგომარეობაა სხვაგანაც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი. „გაცემული დახმარებები საკმარისი ჩვენთან კი არა, ამერიკაშიც არ ყოფილა. აშშ-ში დღევანდელი კოვიდ-19-ით საშუალო სადღეღამისო დაღუპულთა რაოდენობა 4-ჯერ აღებატება ამერიკის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს საშუალო სადღეღამისო სამხედრო დანაკარგებს. ასეთ მასშტაბებს აქვს ადგილი ყველაზე ძლიერ და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში. სხვა ქვეყნებზე რაღა უნდა ვთქვათ. ეს არის სერიოზული გამოწვევა, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი, რომელსაც სჭირდება რესურსებისა და საზოგადოების არნახული მობილიზება, რადგან მხოლოდ ფინანსური დახმარება და ხელისუფლება ვერაფერს შეძლებს, თუ ხალხში არ იქნა კონსენსუსი იმ ძირითად ქცევის ნორმებსა და წესებზე, რომლებზეც გადის პანდემიის შემცირების მაგისტრალური გზა”, - დასძინა „რეზონანსთან” სტატისტიკოსმა. 

კორონავირუსის პანდემიის პირობებში უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. მეათე თვეა, რაც საქართველოს მთავრობა დახმარებებს გასცემს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყოველმხრივ მაინც მძიმე მდგომარეობაა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ასეთ კრიზისულ ვითარებაში მეტი კომპენსაციაა საჭირო, მაგრამ რამდენად აქვს საქართველოს ეკონომიკას ამის შესაძლებლობა და რესურსი? ეკონომისტი გიორგი პაპავა დარწმუნებულია, რომ ჩვენს ეკონომიკასა და ბიუჯეტს უფრო მნიშვნელოვანი დახმარებების გაცემის შესაძლებლობა არ გააჩნია. 

„ის ვალდებულებები, რომლებიც საქართველომ კორონავირუსის პერიოდში აიღო, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია შესადარებელ ქვეყნებთან მიმართებაში. ვგულისხმობ იმას, რომ საკმაოდ დიდი თანხა ვისესხეთ. ერთი მხრივ, ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ თანხა, რომელიც დახმარებების სახით გავეცით, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნასესხები თანხა საკმაოდ დიდია, რომელიც მომავალ წლებში ჩვენს ეკონომიკას დააწვება. რაიმე მნიშვნელოვანი არაეფექტურობა თანხის მოცულობის განსაზღვრაში არ ყოფილა. ამის კრიტიკა დიდწილად არარელევანტურია. 

სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკა და ბიუჯეტი არ არის იმ მოცულობისა და შესაძლებლობების, რომ უფრო მნიშვნელოვანი დახმარებები გაიცეს. თანაც, პანდემია და მძიმე კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება”, - განუცხადა „რეზონანსს” გიორგი პაპავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )