რეზონანსი
16.12.2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

დასრულდა პროექტი „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის" (UNDP-GRF) პროექტის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. 

პროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ მიზნად ისახავდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და  სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მართვის გაუმჯობესების მიზნით. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით მთავრობის მიერ უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა დიდ ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება კვლავ გამოწვევად რჩება და საჭიროებს შემდგომ გაუმჯობესებას, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს და მოსახლეობის კეთილდღეობისათვის შეიქმნას ჯანსაღი პირობები.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კარგად განვითარებული სისტემის დანერგვა და შესაბამისი ჰაერის დაცვის ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს სამინისტროს/სააგენტოს შესაძლებლობების შემდგომ განვითარებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

აღნიშნული პროექტის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით ონლაინ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი მონაწილეობდნენ.

გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სტანდარტები დანერგა. მონიტორინგი ხორციელდება რვა ავტომატური სადგურის მეშვეობით, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აგროვებენ მონაცემებს ჰაერის დამაბინძურებლების შესახებ. მონაცემები ხელმისაწვდომია ონლაინ პორტალზე www.air.gov.ge

მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის სადგურების გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, შეიქმნა მათი მომსახურების ტექნიკური ინსტრუქციები და გადამზადდა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

სააგენტომ  ასევე შეიმუშავა შესაბამისი საკანონმდებლო და სისტემური მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოს პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის  „სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ პროგრამის (CAFE დირექტივა) მოთხოვნებთან. 

აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: მონაცემთა გადამოწმებისა და ვალიდაციის სისტემა, რომლის გამოყენებითაც მოხდება მაღალი ხარისხის სტატისტიკური მონაცემების შედარება დროის ინტერვალებისა და ლოკაციების მიხედვით; ტექნიკური რეგლამენტი მონიტორინგის კრიტერიუმებისა და სიხშირის შესახებ, რომელიც ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მომზადდა და განვითარების გეგმა (გზამკვლევი), რომელშიც აღწერილია სამომავლო ნაბიჯები ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გასაუმჯობესებლად.

ევროკავშირის ჰაერის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად,  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის მიზნით იგეგმება საქართველოს ტერიტორიის  დაყოფა თბილისის აგლომერაციად და 5 ზონად: შავი ზღვის, დასავლეთის, მაღალმთიანი, ცენტრალური და აღმოსავლეთის. 

საერთაშორისო პარტნიორებისა და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია ახალი სადგურების,  მათ შორის ჰაერში მყარი ნაწილაკებისა და მძიმე მეტალების კონცენტრაციის დასადგენად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხელსაწყოების და 3 მობილური სადგურის ეტაპობრივად ამოქმედება. შემუშავებული დოკუმენტის თანახმად დაგეგმილია 24 საათიანი მონიტორინგის განხორციელება 27 ლოკაციაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )