ლევან დავითაშვილი: "ჩვენ უმოკლეს ვადებში ავამოქმედეთ შესაბამისი პროგრამები"
ირაკლი ლომიძე
16.12.2020

პანდემიამ სოფლის მეურნეობის სექტორი, ფაქტობრივად, ახალი მოთხოვნების შესაბამისად გადააწყო. გაჩნდაგამოწვევები, რომელსაც საქართველოს მთავრობამ შემხვედრი ნაბიჯებით უპასუხა. აგრარულ სექტორს ქვეყნის ერთ-ერთი გადამრჩენის ფუნქცია დაეკისრა. როგორ გაართვა გამოწვევებს თავი, რა შედეგი მივიღეთ წლის ბოლოსთვის, როგორ გადაწყდა სასურსათო უზრუნველყოფის საკითხი და რა შესაძლებლობები გაუჩნდა სექტორს გლობალურ ბაზრებზე, როგორ ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო პროგრამები და რა შესთავაზა მთავრობამ პანდემიისას ფერმერებს, რომ სოფელი უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი გახდეს - ეს ის საკითხებია, რომელზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა, „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის მიმოხილვისას ისაუბრა.

პრეზენტაციის დასაწყისშივე ლევან დავითაშვილმა პანდემიით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება. პანდემიამ რეალურად გააჩინა მრავალი უარყოფითი ფაქტორი, რომელიც ქვეყანაში აგრარული წარმოების შეფერხების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. სწორედ ამიტომ სამინისტრომ კომპლექსური ღონისძიებების გატარება დაიწყო. ფერმერებისთვის შემუშავდა დახმარების რამდენიმე პაკეტი, რომლის მნიშვნელობა მინისტრმა განმარტა:

,,პირველი - ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით უკვე ისარგებლა 172 000-ზე მეტმა ფერმერმა. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 30 მლნ ლარს აჭარბებს, სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში განაღდებულია 24,3 მლნ ლარზე მეტი. აგროქულების დარიცხვა დღესაც გრძელდება.

მეორე - აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში 123 700-ზე მეტმა ბენეფიციარმა 32 000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 5.2 მლნ ლარზე მეტი თანხა დაზოგეს.

მესამე - წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება. ის ფერმერები კი, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგანაც თავისუფლდებიან. 2 ოქტომბრის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა 32 122 აბონენტმა. ბენეფიციართა დანაზოგმა 3 599 982 ლარი შეადგინა“, - აღნიშნა მინისტრმა. 

პანდემიით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ განხორციელებულ აქტივობებს შორის, ერთ-ერთი პირველი სასურსათო უსაფრთხოება და უზრუნველყოფის საკითხია. ამ ამოცანის გადაჭრას ემსახურება წარმოების ზრდა, განხორციელებული პროექტების ეფექტურობა, მოსავლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი გაუმჯობესება და ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერა, რა მიმართულებითაც მუშაობა მთავრობამ პანდემიის პირველივე ტალღისას დაიწყო და არც შედეგმა დააყოვნა. კერძოდ, შესაძლებელი გახდა  სურსათით მომარაგების უწყვეტობის შენარჩუნება და  ურთულესი გამოწვევის დროს, ქვეყნის არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა.

,,საჭიროების გათვალისწინებით, ჩვენ უმოკლეს ვადებში ავამოქმედეთ სუბსიდირების პროგრამები. საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, მცირე და მსხვილ მარკეტებს, რეგულარულად მიეწოდებოდათ პანდემიის პირობებში საქმიანობის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები. გადამოწმდა 8703 ობიექტი. აგრარული ბაზრების ფუნქციონირების დასაშვებად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები. სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესში ჩაერთო ჩვენი სპეციალიზებული 80 ერთეული ტექნიკა, რომელიც მუშაობდა საზღვრებზეც. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებით და ზედამხედველობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა 90-მდე აგრარული ბაზარში. ჩვენი გარემოსდაცვითი ზედამხედველის დეპარტამენტის (გზდ) თანამშრომლები, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფას ახდენდნენ. უსაფრთხოების ახალი წესების დაცვაზე კონტროლს გზდ 500-ზე მეტ ობიექტზე ახორციელებდა. 

ჩვენ შევძელით რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობა. დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო სამუშაოების თანმიმდევრულად განხორციელება, რათა მოსავლის მიღება რისკის ქვეშ არ დამდგარიყო“, - აღნიშნა  ლევან დავითაშვილმა.

 ამდენად, პანდემიურ პერიოდში სოფლის მეურნეობაში რესურსების სწორი განაწილებით, უკვე დაწყებული პროექტების განხრციელებით და ახალი პროგრამებით,  ფაქტობრივად, ახლებლურად გადაეწყო მთელი სისტემა. ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იაფ და გრძელვადიან ფულად რესურსებზე წვდომის სიმარტივე, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.

,,პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დაწყებიდან დღემდე გაცემულია 2 695 338 563 ლარის ღირებულების 46 391 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 379 236 390 ლარი. შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელი, მიმდინარე წლის განმავლობაში გაცემულია 372 086 077 ლარის ღირებულების 6 144 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 64 241 572 ლარი.

გარდა ამისა, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 31%-ითაა გაზრდილი აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ფართობი, რაც 18,000 ჰა-ს აჭარბებს. პროგრამის ფარგლებში გაცემულია 17 532 პოლისი. სააგენტოს სუბსიდიის თანხა 8 მლნ ლარს აჭარბებს. აგროდაზღვევის პროგრამა განიცდის განახლებებს და ფერმერთა ინტერესებზე მეტად მორგებული ხდება, 2020 წელს განხორციელებული ცვლილებით, მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, აგროდაზღვევა სამწლიანი გახდა. 2014 წლიდან დღემდე, 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვი სანაზღაურებული ზარალი 44 მლნ ლარს აღემატება. 

სოფლის მეურნეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობაა. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერები მოსავალს მოსალოდნელი სტიქიისგან (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ციტრუსისთვის საშემოდგომო ყინვა) აზღვევენ," - განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა შემაჯამებელ ანგარიშში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა. პირველადი პროდუქციის მოსავლის ზრდის პარალელურად მზარდია შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებზე მოთხოვნა. 

,,სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია წარმოების განვითარებისათვის. 2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების მიმართულებით 56 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ ლარს აჭარბებს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 28 მლნ ლარზე მეტია. შემნახველი საწარმოების მიმართულებით დაფინანსდა 43 პროექტი - ჯამური საინვესტიციო ღირებულება 53 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 23 მლნ ლარზე მეტს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გრანტის მიღების პარალელურად, ბენეფიციარებს შეეძლოთ საინვესტიციოდ ესარგებლათ შეღავათიანი აგროკრედიტითაც," - აღნიშნა დავითაშვილმა.

გრძელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის ერთიან ღირებულებათა ჯაჭვში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების აქტიურ ჩართვას, როგორც პირველადი პროდუქციის წარმოების, ასევე გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. 2020 წლიდან ამოქმედდა ახალი კანონმდებლობა, რომლითაც კიდევ უფრო მოწესრიგდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხები.

რაც შეეხება მიმდინარე წელს გადამამუშავებელ და შემნახველი საწარმოებს, თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 6 გადამმუშავებელი და 10 შემნახველი საწარმო, ჯამური საინვესტიციო ღირებულება 19 მლნ ლარს აჭარბებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა, მევენახეობის სფეროა, რამაც დიდი წარმატება მოუტანა ქვეყანას ეპიდემიურ პერიოდშიც კი. სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბოლო 30 წლის რეკორდული, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავება. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს. სახელმწიფო საწარმოებმა მევენახეებისგან ჭარბი ყურძენიც შეისყიდა, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იყო - ჯამში, 83 მლნ ლარის ღირებულების.  რომ არა ეს მხარდაჭერა, 10 ათასამდე მევენახე ვერ შეძლებდა 94 ათასამდე ტონა ყურძნის რეალიზაციას.

ლევან დავითაშვილის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა  გარემოსდაცვითი საკითხები. დღესდღეობით  სამინისტრო თანმიმდევრულად მუშაობს გარემოსდაცვითი მიმართულებებით პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც განსაზღვრული აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის და პოლიტიკის სრულად დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან. ლევან დავითაშვილმა ცალ-ცალკე შეაჯამა ყველა საკანონმდებლო აქტი, რომელიც ქვეყანამ გარემოსდაცვითი მიმართულებით შეიმუშავა.

ამდენად, პანდემიით გამოწვეულ მძიმე პირობებში აგრარული სექტორი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ დარგში გამოწვევები რჩება, როგორც ლევან დავითაშვილის მიერ წარდგენილი ანგარიშიდანაც ჩანს, მოსავლიანობის მხრივ, ასევე ექსპორტისა და მოზიდული ინვესტიციების თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობა აშკარად გამორჩეულია.  გარდა იმისა, რომ  გაუმჯობესდა ტექნოლოგიები, მეტი  მიწა დამუშავდა და აქცენტი წარმოების ზრდაზე გაკეთდა, რამაც შინამეურნეობებს, ასევე მეწარმეებსაც და ქვეყნის ეკონომიკასაც, საკმაოდ დიდი სარგებელი მოუტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )