რა ხდება მაშინ, როცა მინისტრი ერთს ამბობს და კომპანია - მეორეს?
გვანცა წულაია
17.12.2020

კომერციული გაზის ტარიფთან დაკავშირებით დიდი გაუგებრობაა. რამდენიმე დღის წინ გაცხადდა, რომ 2021 წლიდან კომერციული ფართებისთვის გაზის ძვირდებოდა, თუმცა ეკონომიკის მინისტრი გუშინ საპირისპირო რამ თქვა. ნათია თურნავამ ბიზნესმენებს ამცნო, რომ ტარიფი არ შეიცვლებოდა, რაც “თბილისი ენერჯიმ” ჯერ კატეგორიულად უარყო, შემდეგ კი პოზიცია შეცვალა, მაგრამ მისი საბოლოო გადაწყვეტილება მაინც გაუგებარი დარჩა. 

რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 3 იანვრიდან ბიზნესისთვის 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 24 თეთრით გაძვირდებოდა და ძალიან მაღალ ნიშნულს - 1.10 ლარს მიაღწევდა. "თბილისი ენერჯიმ" კომერციული ტარიფის გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ლარის კურსის გაუფასურება დაასახელა. კომპანიის მტკიცებით, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება. 

გუშინ, საპირისპირო განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ "თბილისი ენერჯისთან" კონსულტაციის შედეგად, მომავალი წლიდან კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირი არ გაძვირდება და ისევ 86 თეთრი დარჩება. 

„ჩვენი კონსულტაციები დასრულდა. შეიძლება ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები, მაგრამ ამავე დროს ხედავდეს, რომ გადახდისუნარიანობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. თუკი ნებისმიერი ბიზნესი ჩახედავს შიდა რესურებს, ალბათ შეუძლია ყოველთვის გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე, ასეც მოხდა“, - განაცხადა თურნავამ. 

ეს ინფორმაცია მალევე უარყვეს გაზგამანაწილებელ კომპანიაში, სადაც "ბიზნეს მედიას" განუცხადეს, რომ არავითარი შეთანხმება არ შემდგარა და ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გაზრდა ისევ ძალაშია.

“თბილისი ენერჯის” მიერ გაზის გაძვირების დაანონსებამ, რის უფლებასაც კომპანიას კანონი აძლევს, კერძო სექტორის შეშფოთება და პროტესტი მოჰყვა. წინა კვირას ბიზნეს ასოციაციებმა „თბილისი ენერჯისთან" შეხვედრაც მოითხოვეს, რადგან მათთვის გაუგებარია აღმოჩნდა ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტრომაც პირობა დადო, რომ "თბილისი ენერჯისთან" კონსულტაციებს გამართავდნენ. 

საბოლოოდ "თბილისი ენერჯიმ" თავისი მკვეთრი პოზიცია გუშინ გვიან საღამოს შეარბილა და დაადასტურა სამინისტროსთან მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფი უნდა დარეგულირდეს. ამის მეტი კომენტარი კომპანიაში აღარ გაუკეთებიათ და ჯერჯერობით დეტალების გამხელისგან თავი შეიკავეს. დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას თავი აარიდეს კონომიკის სამინისტროშიც. “რეზონანსი” მთელი დღის განმავლობაში ცდილობა, აღნიშნული უწყებისგან კომენტარის მოპოვებას, თუმცა სამინისტროში დამატებით განცხადების გაკეთების სურვილი აღარ გასჩენიათ. 

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია კი აცხადებს, რომ კომპანია „თბილისი ენერჯი“ გაზრდის თუ არა კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფს, ეს მათ კომპეტენციაში არ შედის. 

„საყოფაცხოვრებო სექტორის, ანუ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფები ერთი წლის წინ დავადგინეთ და სახელმწიფოს მონაწილეობით და შეხიდებით დარჩა უცვლელი. შემდგომი ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფები არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციული გაზის ფასის ზრდას, მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებას ეს არ განეკუთვნება. კომერციული გაზი განაკვეთი არის დერეგულირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილება ტარიფის დადგენაზე არ ვრცელდება. ჩვენ ვადგენთ მხოლოდ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო სექტორის, ანუ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მართალია, ჯერ კიდევ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა კომერციული სექტორისთვის გადასახადის ძველ ნიშნულზე დატოვების გადაწყვეტილებას შვიდი ბიზნეს ასოციაცია უკვე გამოეხმაურა. მათი აზრით, პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს, ეს არის სოლიდარობის გამოვლენა იმ დარგებისადმი, რომელთა პროდუქციაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაზის ტარიფი.

`მივესალმებით ეკონომიკის სამინისტროს, ქალბატონ ნათია თურნავას აქტიურ და ეფექტურ კომუნიკაციას და მოდერაციას „თბილისი ენერჯისთან“, ასევე ბიზნეს ასოციაციებთან, რათა მიღებული ყოფილიყო ამ ეტაპზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ, საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციები კვლავ მზად ვართ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, ჩვენს კოლეგებთან და კომპანიებთან, ამ კრიზისულ პერიოდში აქტიურ რეჟიმში ვიმუშაოთ ქვეყნის წინაშე მდგარი ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად“, – ნათქვამია საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ინფორმაციაში, რომელსაც ხელს აწერენ: „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“, „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“, „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია“, „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“, „საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია“, „რესტორატორთა ასოციაცია“. 

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი პიდაპირ ამბობს, რომ “თბილისი ენერჯის” კანონით აქვს უფლება, რომ გაზის გადასახადი თავად არეგულიროს. სხვა საკითხია, რომ ქვეყნის ეკონომიკას ბიზნესს არ შეუძლია ამ ტვირთის ზიდვა.

“კომერციული გაზის ფასს სემეკი არ არეგულირებს და “თბილისი ენერჯის” კანონიერი უფლება აქვს, რომ გადასახადი გაზრდოს. ასევე უფლება აქვს, სხვადასხვა კომპანიებს დიფერენცირებულად მიაწოდოს ბუნებრივი აირი. არც სახელმწიფო უწყებას და არც რომელიმე ჩინოვნიკს არ აქვს უფლება, ამ გადაწყვეტილების მიღებაში კომპანიას ხელი შეუშლოს. მაშინ არ უნდა დაეშვათ ის, რომ კომერციული ტარიფი რეგულაციის მიღმა დარჩენილიყო. 

ორგანიზაციებს, რომლებიც გაზს მოიხმარენ მაღალი ფასის გადახდა გაუჭირდებათ, მაგრამ რა უნდა გაკეთდეს, როცა გაზი ძვირდება, ხოლო ლარი უფასურდება? პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ეკონომიკა ვერაფრით მივიყვანეთ ისეთ დონეზე, რომ ფეხი აუწყოს ფასების ცვლილებებს. სახელმწიფოს ეკონომიკა ვის ხელშიცაა და ვინც მის განვითარებას გეგმავს, იქნება ეს მმართველი პარტია, მთავრობა თუ პარლამენტი, არ აქვს შესაბამისი კვალფიკაცია. მათ ქვეყანა სრულიად მცდარი მიმართულებით მიჰყავთ. ჩვენი ეკონომიკა სხვა ქვეყნების ფინანსურ ინტერესებს ემსახურება. გაზიც და ზოგადად ენერგეტიკაც ამ ჭრილში შეიძლება დავინახოთ. დენიც, გაზიც და წყალიც მუდმივად გაძვირდება და ხალხს უფრო მეტად გაუჭირდება”, - განუცხადა “რეზონანსს” სოსო სიმონიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლუკა   (18.12.2020)
შენ მოგიტყან დედის მუტელი


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )