ეს უმძიმესი დარტყმა იქნება მოსახლეობისთცის, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს სუბსიდირება
ირაკლი ლომიძე
21.12.2020

დენის გადასახადის შენარჩუნება შეუძლებელი ხდება. ბოლო პერიოდში ენერგეტიკოსები მუდმივად საუბრობენ, რომ გადასახადის გაძვირება მოსალოდნელია. "სოკარსა" და მთავრობას შორის შეღავათიანი ხელშეკრულების გაფორმება ამ მხრივ გავლენას ვერ მოახდენს. მართალია, თბოსადგურებს გაზი არ გაუძვირდება, სამაგიეროდ, მოსახლეობას დენის გადასახადი გაეზრდება. როგორც ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები საუბრობენ, სხვაობა არ იქნება მცირე. ენერგეტიკოსების გათვლით, შესაძლოა ტარიფი 3-3,5 თეთრით გაძვირდეს, რაც მოსახლეობისთვის ძალიან დიდი ტვირთი იქნება და მთავრობას მოწყვლადი ჯგუფის დახმარება სუბსიდირების ელემენტის ჩართვა მოუწევს.

რაც შეხება სოციალურ გაზთან დაკავშირებით მიღებულ შეღავათს, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იგი თბოელექროსადგურებს მოხმარდება, ნაწილის ვარაუდით კი, გაზის დამატებითი მოცულობა მოსახლეობას დასჭირდება.

მართალია, ზუსტ დეტალებს არ იცნობს, მაგრამ საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით ენერგეტიკოსმა დავით მირცხულავამ განაცხადა, რომ დენის ტარიფი, მინიმუმ 3 თეთრით ან მეტი ოდენობით გაძვირდება, შეიძლება, 3,5 თეთრითაც, რა მოცულობითაც 2012 წელს შემცირდა საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის გადასახადი.

,,ბუნებრივ აირთან მიმართებით, სოციალური გაზის შეღავათი, ტარიფს ნამდვილად შეინარჩუნებს, მაგრამ დენის გადასახადთან დაკავშირებით, დადებით ეფექტი ნაკლებად მოსალოდნელია. მეტიც, ველოდები, რომ ელექტროენერგიის გადასახადი გაიზრდება დაახლოებით იმ დონემდე,  რა მაჩვენებლითაც 2012 წელს შემცირდა, დაახლოებით 3-3,5 თეთრის ფარგლებში. ეს საკმაოდ დიდი ნახტომია, ამიტომ მოწყვლადი მოსახლეობისთვის გადასახადის სუბსიდირება მოხდება და ამ მიმართულებით მთავრობამ უნდა იმუშაოს. 

ჩემი გათვლა ემყარება იმ მონაცემების დათვლას, რომელიც უკავშირდება ლარის კურსს. ამ მხრივ ტარიფი ისედაც დასაკორექტირებელი იყო. 2,54-ზე იყო დაანგარიშებული და ბოლო წლებში ელექტროენერგიის იმპორტი მუდმივად იზრდებოდა, რაც აისახა კიდეც ხარჯებში. 

ჩემთვის ცნობილია ასევე ის ხარჯი, რასაც ,,ენერგო პრო“ ეწევა. მნიშვნელოვანი ვალები დაგროვდა და ასეთ სიტუაციაში დენის გამანაწილებელმა კომპანიებმა მიმდინარე და დაგროვილი ვალდებულებები რომ შეასრულონ, გადასახადის ზრდა გახდება საჭირო. ცუდია, რომ  ეს ეპიდემიურ სიტუაციას დაემთხვა. ამიტომ აუცილებელი იქნება სუბსიდია, გაჭირვებულ ფენას მთავრობა დაეხმარება და ალბათ, მასაც, ვინც დახმარებას საჭიროებს, რომ ასეთი სოციალური ჯგუფებისთვის გადასახადის ზრდის კომპენსირება მოხდეს“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" დავით მირცხულავამ. 

რაც შეეხება სოციალურ გაზთან დაკავშირებით მიღწეული შთანხმების ეფექტს, მისი აზრით, ბუნებრივი აირის დამატებითი ოდენობით, სავარაუდოდ, მოსახლეობას მოამარაგებენ.

ამ პოზიციას ენერგეტიკოსი გია არაბიძე არ ეთანხმება. იგი ფიქრობს, რომ ამიერიდან სახელმწიფოს შეეძლება თამამად დატვირთოს თბოელექტროსადგურები, რომ არც ელექტრომომარაგებაში გაჩნდეს პრობლემა და მაქსიმალურად შემცირდეს იმპორტი.

,,ცხადია, სწორედ ქართულ-აზერბაიჯანული შეთანხმების შედეგად მოხერხდა, რომ სოციალური გაზის წილი გაიზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს უნდა შემოეტანა გაცილებით მეტი რაოდენობით ელექტროენერგია. ამ შესაძლებლობით კი ენერგომომარაგების სტაბილურობამ სიმყარე შეიძინა და ამ მხრივ ქვეყანას პრობლემა არ ექნება.  

როგორც წესი, სოციალური გაზი, შეღავათიანი შესყიდვების შესაბამისად, საკმაოდ დაბალ ფასში მიეწოდება მომხმარებელს. შედარებისთვის, თუ კომერციული გაზის ფასი 255 დოლარია 1000 კუბ/მ-ზე, სოციალური გაზი სახელმწიფომ შეიძლება შეისყიდოს 165 დოლარად. ცხადია, ამით შესაძლებელია, რომ გაზის არსებული ტარიფი შევინარჩუნოთ და თბოელექტროსადგურებსაც მივაწოდოთ იმ ფასად, რომ მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულება ჩვენთვის მისაღები იყოს. სახელმწიფო ამის საშუალებით მომარაგების სტაბილურობის მყარ გარანტიას იძლევა და ამავე დროს შესაძლებელია ტარიფის შენარჩუნება", -განაცხადა გია არაბიძემ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, მისი თქმით დარგის უსაფრთხო მუშაობისა და დარგის შემდგომი განვითარებისთვის ამ ეტაპზე ფასის ზრდა გარდაუვალია. ეს მოსახლეობისთვის ეს მძიმე იქნება, თუმცა საჭიროა ენერგოსისტემის გამართული და უსაფრთხო მუშობისთვის.

არაბიძის აზრით, არსებული ტარიფი ვერც ინვესტიციებს იზიდავს და დამატებით ესეც ქმნის პრობლემას, რის გამოც სემეკს, სავარაუდოდ, გადასახადის გაძვირება მოუწევს. პარალელურად კი მოსალოდნელია გადასახადის გაძვირება წყალთან დაკავშირებითაც, რადგან წყლის გამანაწილებელ კომპანიებს ხარჯი გაეზრდებათ და ეს კომპონენტიც ტარიფით იქნება დაბალანსებული.

„ეს რომ უმძიმესი იქნება ჩვენი მოსახლეობისათვის, ჩემთვის გასაგებია, მაგრამ პრაგმატულად ვსაუბრობ, როგორც ენერგეტიკოსი. ვაითუ ხვალ და ზეგ რაღაც ისეთი გამოუსწორებელი მოხდეს, რომ ჩვენ სერიოზული პრობლემები შეგვექმნას დარგში. მინდა, ამიტომ მივდივარ ლოგიკურ დასკვნამდე, თუ რატომ უნდა გაიზრდოს ტარიფი.

პირველი – გენერაციის ტარიფი ასე თუ ისე გაიზარდა. მეორე – სემეკ-მა შეითანხმა ინვესტიციები ხუთი წლის განმავლობაში, რასაც ჭირდება დაფარვა ტარიფიდან. თუ არ იქნება ეს ინვესტიციები, მაშინ ვერ იქნება გამართული ჩვენი სისტემა. ასევე ნებისმიერ სადგურს ეზრდება საოპერაციო დანახარჯები მარტო ინფლაციის ხარჯზე რომ ვილაპარაკოთ. ნელ-ნელა უკვე სერიოზულად იკლებს იაფი ელექტროენერგიის ხარჯი ჩვენს ბალანსში, „ენგური“ მაქვს მხედველობაში, იზრდება თბოელექტროსადგურებისა და იმპორტის წილი და ესეც გასათვალისწინებელია, რომ ბალანსი შენარჩუნდეს.

,შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ არჩევნების გამო იკავებდა მთავრობა თავს გადასახადების გაძვირებისგან, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. რა შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო არჩევნები, გადასახადების გადახედვა მაინც გახდება საჭირო. ეს აუცილებელია, რადგან დენის ტარიფის საკითხი დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. დღევანდელი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ვითარება მძიმეა, ბევრ დაბრკოლებას ქმნის, თუნდაც ინვესტიციებთან მიმართებით. ამიტომ სემეკმა უნდა განიხილოს, რა არის შესაძლებელი და რა - ვეღარ! 

ჩემი აზრით, უნდა მოხდეს ტარიფების კორექცია ზრდისკენ, ეს არის ლოგიკაზე დამყარებული ვარაუდი. საშუალოდ 17-18 თეთრი უნდა ავიღოთ გასაყიდი ფასი მოსახლეობაზე. ალბათ, იგივე მექანიზმი იქნება გამოყენებული, რაც გაზთან დაკავშირებით, რეგულირება არსებობს და სახელმწიფომაც უნდა აამოქმედოს სუბსიდირების მექანიზმი", -  განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" ენერგეტიკოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
პატრიოტი   (21.12.2020)
ბიძო დადე ძვალი- 7 მლრდ რად გინდა- უშველე ქვეყანაა და დაგარე ვალები და ტარიფები შენი შნირებით სემეკში

მამუკა   (21.12.2020)
ეს დენისა და ენერგეტიკის მაფიოზი მირცხულავა კიდევ არ გვეშვება, თუმცა დაბრუნდა შევარდნაძის დრო და ისევ წმოყვეს ამ ღორებმა თავებუ. არადა, რომ დაიჭირეს გორგ ტიროდა და ვითომ ცუდად გახდა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )