„რა გამოდის, მარტო იმ ხალხს ვუკრძალავთ გადაადგილებას, ვისაც საკუთარი მანქანა არ ჰყავს?“
თიკა სიბოშვილი
22.12.2020

24 დეკემბრიდან საზოგადოებრივ ტრანსპოტზე დაანონსებული შეზღუდვა არ მოიხსნება. ეს ეხება როგორც მუნიციპალურ, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ გამოაცხადა და მას საზოგადოებაში უკმაყოფილება უკვე მოჰყვა - მოსახლეობის დიდი ნაწილი სადღესასწაულო დღეებში სწორედ ტრანსპორტის აღდგენის მოლოდინში იყო.

ხელისუფლება თითქოს ბოლო დრომდე შეზღუდვების შემსუბუქებას აპირებდა, თუმცა როგორც გუშინ გაირკვა, ეს საერთოდ არ მოხდება და ამ პერიოდში მუშაობის გაგრძელებას მხოლოდ სავაჭრო ცენტრები შეძლებენ, ყველაზე მთავარი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი კვლავ უმოქმედო მდგომარეობაში რჩება. 

როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა „რეზონანსს“ უთხრა, ეს არასწორია, რადგან უთანაბრობას ქმნის. საერთოდაც, ამგვარი შეზღუდვა უშედეგოა, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას მაინც ახერხებს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა არც ახალი წლის დღეებში, არც მანამდე და არც მერე არ მიმაჩნია სწორად. როგორც თვითონ საბჭოში ამბობენ, ამ აკრძალვით ამცირებენ მობილობას, თუმცა ეს ხდება იმ ხალხის ხარჯზე, ვისაც არ ჰყავს კერძო ავტომობილი. ძირითადად, ესენი არიან სოციალურად დაუცველები და სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახები. აკრძალვა ვრცელდება ზუსტად მათზე.

ვისაც კერძო ავტომობილი ჰყავს, აქვს საწვავის ფული და შეუძლია გადაადგილება, მათთვის ყველაფერი დასაშვებია, თითქოს ვირუსს ის ადამიანები ავრცელებენ, ვისაც გადაადგილება არ შეუძლიათ. მსგავსი ტიპის შეზღუდვა არსად დაწესებულა, მათ შორის, არც იტალიაში, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა არის არაჰუმანური აქტი, მით უმეტეს - ეპიდემიის დროს.

ჩემი ინფორმაციით, დედაქალაქის შემთხვევაში, თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური მზად იყო, რომ ეს მძიმე ტვირთი, რაც ამ ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება ჰქვია, აეღო საკუთარ თავზე, რა თქმა უნდა, შესაბამისი სტანდარტების დაცვით.

სანამ მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდებოდა, მგზავრთა ნაკადმა 40%-ით იკლო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა, ვისაც კერძო ავტომობილები ჰყავდათ, დაიწყეს მათი გამოყენება, ხოლო ტრანსპორტში დარჩნენ ის მგზავრები, რომლებსაც არ ჰყავდათ მანქანები. ახლა რა გამოდის, მარტო ამ ხალხს ვუკრძალავთ გადაადგილებას?" - აღნიშნა „რეზონანსთან" მესხიშვილმა.

მისი აზრით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე მეტად მნიშვნელოვანია მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა, რადგან ხალხს სამსახურში წასვლა უჭირს, ხოლო ეს არა მარტო მომსახურე პერსონალს, არამედ ეკონომიკასაც აზარალებს. უმძიმეს პერიოდში ადამიანებს შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობა ესპობათ.

„გულწრფელად რომ ვთქვა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე მეტად მუნიციპალურის აღდგენა მიმაჩნია სწორად, რადგან ხალხმა შეძლოს სამსახურში მისავლა. თუნდაც ობიექტებს მუშაობის საშუალება მიეცეთ, მაინც ვერ მივა პერსონალი. მაგალითად, საცხობის თანამშრომელი, ვისაც 500-600 ლარი აქვს ხელფასი, როგორ მოახერხებს ტაქსით სიარულს?

ყოველთვის ვამბობდი, რომ ტრანსპორტის გაჩერება არის არაჰუმანური აქტი და მის აკრძალვას მოერიდა ყველა ევროპული სახელმწიფო, რადგან ეს ითვლება დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებად. ვინც ეს შეზღუდვა დააწესა, მან გადაადგილება აუკრძლა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც არ ჰყავთ კერძო ავტომობილები“, - დასძინა მესხიშვილმა.

მართალია, დაწესებული შეზღუდვები კერძო ტრანსპორტს არ შეეხო, თუმცა არანაკლებ პრობლემა იქმნება სხვა კუთხითაც. გაზრდილია გადაადგილების საფასური, ამასთანავე, გადატვირთულია მოძრაობა, რაც საფრთხის შემცველია. „ეკო-ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები უნდა იყოს თანაბარი. თუ ვფიქრობთ, რომ სავაჭრო ცენტრების გახსნა საფრთხის შემცველი არ არის, მაშინ ტრანსპორტსაც უნდა გაეგრძელებინა მუშაობა გარკვეული რეგულაციების დაცვით.

„გადაწყვეტილება, რომ ტრანსპორტმა მუშაობა არ განაახლოს, არის არათანმიმდევრული და არაპროპორციული. ნაწილობრივ დაშვება კომერიული ობიექტების ამუშავებისა და, ამასთანავე, ძალაში დატოვება ტრანსპორტის შეზღუდვისა გამოიწვევს დისბალანსსა და სხვა პრობლემებს.

გადაწყვეტილება, რომ სავაჭრო ცენტრებმა ნაწილობრივ განაახლონ მუშაობა, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არ არის ისეთი მძიმე მდგომარეობა, ანუ ადამიანებს ვეუბნებით, რომ შეუძლიათ, ისარგებლონ სხვადასხვა მომსახურებით, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების საშუალებას არ ვაძლევთ.

ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს გადაჭარბებული რაოდენობით პირადი ავტომობილებით მოძრაობას და  სატაქსო  მომსახურების გაზრდას,  რაც თავისთავად ერთგვარ ქაოსს შექმნის, რასაც  ჩვენ უკვე ვხედავთ, განსაკუთრებით _ საღამოს საათებში. ქალაქში არის საცობები, პარალიზებულია მოძრაობა და ეს კიდევ უფრო გართულდება და კიდევ უფრო გამძაფრდება, როცა გაიხსნება სავაჭრო ცენტრები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 24-31 დეკემბრის ჩათვლით ქალაქში იქნება კატასტროფული მდგომარეობა, სატრანსპორტო ქაოსი, რაც კიდევ სხვა საფრთხეებთანაა დაკავშირებული", - განაცხადა „რეზონანსთან" ვასო ურუშაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანაში, ვირუსის გარდა, არის სხვა პრობლემები, რომლებსაც სჭირდება მოგვარება. ვიდრე რაიმე შეზღუდვა დაწესდება, აუცილებელია, უფრო ზუსტად იქნას საკითხი შესწავლილი, რადგან შესაძლოა, ერთი პრობლემის მოგვარებამ სხვა პრობლემა გამოიწვიოს. კორონავირუსის გარდა, ქვეყანაში სხვა უამრავი პრობლემაც არსებობს, რომლებიც ადამიანის  სიცოცხლესა და  ჯანმრთელობას უკავშირდება. 

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ, დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად დაიკლებს. ამ ეტაპისთვის შეზღუდვების შემსუბუქება არასწორია, მაგრამ საინტერსოა, რა ალტერნატივა აქვთ იმ ხალხისთვის, ვისაც რეგიონებში წასვლა ჰქონდა დაგეგმილი და არ აქვს იმის საშუალება, რომ ისარგებლოს კერძო ტრანსპორტით.

როგორც საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე აღნიშნავს, აუცილებელი იყო გადაადგილების აღდგენა, პარალელურად კი შემუშავებულიყო დამატებითი რეგულაციები.

„დღეს ჩვენ ძალიან რთული საკითხის წინაშე ვართ. ის ხალხი, ვისაც ტრასპორტი სჭირდება, წარმოდგენა არ მაქვს, რას იზამს. ვფიქრობ, რაღაც ნორმატივი უნდა შემუშავებულიყო, რომ მგზავრებს გადაადგილების საშუალება ჰქონოდათ. შეიძლება ეს ყოფილიყო უფრო მკაცრი კონტროლი, დამატებითი დეზინფექცია ან სხვა რამ.

ჩვენ ისეთი ქვეყანა გვაქვს, სადაც დედაქალაქი უმთავარესია. ყველა დღესასწაულზე ადამიანები ჩამოდიან რეგიონებიდან ან მიდიან რეგიონებში და ამას ვერ შევცვლით, შესაბამისად, რაღაც დაშვება უნდა ყოფილიყო და ადამიანებს უნდა ჰქონოდათ გადაადგილების შესაძლებლობა. ახლა ისინი იზოლაციაში დარჩნენ“, - განუცხადა „რეზონანსს“ მელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ida   (23.12.2020)
ეტყობა თქვენ არანაირი შეხება გქონდათ ამ კორონასთან,თორემ ასე არ გამოხატავდით აზრს!აკრძალვასა და შეზღუდვას შორის კი განსხვავებაა და გაითვალისწინეთ!

ხატია   (23.12.2020)
აკრძალვა კი არა შეზღუდვაა. ორი განსხვავებული რამადა მსოფლიოში ყველგან ასეა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )