ლევან ვეფხვაძე: კომპანიების რაოდენობა, რომელსაც ე.წ. შავ სიაში ვიხილავთ, საგრძნობლად გაიზრდება
გვანცა წულაია
23.12.2020

საქართველოში ამოქმედებული შეზღუდვების პირობებში უდიდეს პრობლემის წინაშე არაერთი სფერო აღმოჩნდა. მათთვის კორონაირუსის პრევენციის გამო, დაწესებულმა შეზღუდვებმა იმდენად დიდი პრობლემები გამოიწვია, რომ ბევრმა მათგანმა ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუძლო და დაიხურა. ქვეყანაში ამჟამად თითქმის, არ არსებობს სექტორი, რომელიც პრობლემებისა და დახურვის საფრთხის წინაშე არ დგას.  

განსაკუთრებით მძიმეა ვითარებაშია ტურიზმი და მასთან კავშირში მყოფი სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი, რომელსაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ქვეყნის შემოსავლის უდიდესი ნაწილი ეკავა. ახალ დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც ქვეყანაში თითქმის ერთი თვეა მოქმედებს, რესტორნების უმეტესობამ ვერ გაუძლო და მიტანის სერვისზე გადასვლა ვერ მოახერხა. უმეტესობა დაიხურა, ხოლო მათ, ვინც საქმიანობის გაგრძელება მოახერხა, მაინც ცუდ დღეში არიან, რადგან მიტანის სერვისს ცოტა მომხმარებელი ჰყავს. 

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, თუ რესტორნებს გახსნის უფლება მინიმუმ 15 იანვრიდან არ მიეცემათ, შემდეგ მუშაობას ვეღარ შეძლებენ.

„როდესაც გვეტყვიან, რომ გაიხსენითო, მაშინ რესტორანი, უბრალოდ, ვერ გაიხსნება. მათი 80% იჯარითაა, თუ შეზღუდვა დიდხანს გაგრძელდება, მეიჯარეები ვერ შეძლებენ შეღავათის გაკეთებას და რესტორნებს მოუწევთ ფართის დაცლა. პანდემიამდე 11 000-მდე კვების ობიექტი არსებობდა და აქედან მხოლოდ 500 გადარჩება“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

იგივე პრობლემაა სასტუმროებთან დაკავშირებითაც. უმნიშვნელო ნაწილი კოვიდ სასტუმროდ გადაკეთდა და ამ გზით თავს ინახავს, მაგრამ უდიდესი ნაწილი დაიხურა და შესაძლოა, ფუნქციობა ვეღარც მოახერხოს. ყველაფერი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გაირკვევა, თუ რამდენი სასტუმრო შეძლებს კრიზისს გაუძლოს და საქმიანობა განაახლოს და რამდენი - ვერა. სასტუმროების წარმომადგენლების ნაწილი მაინც იმედს იტოვებს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, სიტუაცია გამოსწორდება. 

მესტიაში მდებარე სასტუმროს წარმომადგენელი "რეზონანსთან" იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც შეზღუდვის გამო მიიღეს. 

“ახალმა შეზღუდვებმა დამატებითი პრობლემები შეგვიქმნა. გავათავისუფლეთ თანამშრომლები და შემოსავალი შემცირდა. ვერ ვმასპინძლობთ სტუმრებს და 31 იანვრის ჩათვლით ასე იქნება. როგორც კი დასრულდება შეზღუდვები, სასტუმრო აქტიურად გააგრძელება მუშაობას, მაგრამ ზუსტად როდის იქნება ჯერ არ ვიცით”, - განაცხადეს სასტუმრო “ფოსტაში”. 

მძიმე ვითარებაა ზოგადად ბიზნესის კუთხით. განსაკუთრებით გაუჭირდა მცირე და საშუალო ფირმებს, რომელთა დიდმა ნაწილში შესაძლოა, 28 ნოემბრიდან ამოქმედებულ შეზღუდვებს ვერ გაუძლოს და საბოლოოდ დაიხუროს. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, გაიზრდება იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ვალდებულებების გასტუმრებას ვეღარ მოახერხებენ და დახურვის წინაშე აღმოჩნდებიან. 

“ჩვენ მარტივი სიტუაცია ნამდვილად არ გვაქვს და ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. გაზაფხულზეც ვამბობდით, რომ პრობლემები იქნება. კომპანიას აქვს როგორც შემოსავლები, ისე ხარჯი. მათ შორისაა ფიქსირებული ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება იმას კომპანიას რა გაყიდვა ექნება, მიუხედავად ამისა, მან ეს ვალდებულება უნდა დაფაროს. ასეთია, მაგალითად, ხელფასი. არის კიდევ ე.წ. ცვლადი ხარჯი, რომელიც დამოკიდებულია წარმოებული ანდა გაყიდული პროდუქციის რაოდენობაზე და ა.შ. თუკი კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი გადაუდებელი ვალდებულების მომსახურებას არ ყოფნის, იგი გამოაცხადებს დეფოლტს. 

ფაქტია, ბევრი ბიზნესი იქნება, რომელსაც პრობლემა შეექნება, რადგან შემოსავალი ფინანსურ და ფიქსირებულ ხარჯს აღარ ყოფნის. ელემენტარულად ვეღარ გადაიხის იჯარას და ხელფასს”, - განუცხადა “რეზონანსს” ვეფხვაძემ და იმ სექტორებზე ისაუბრა, რომელთაც პანდემია ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად შეეხებო. 

“კომპანიების რაოდენობა, რომელსაც ე.წ. შავ სიაში ვიხილავთ, გაიზრდება. არის სფეროები, რომელსაც ვარდნა ნაკლებად შეეხება, ზოგს კი გაცილებით მეტად. მაგალითად, ტურისტულ, სარესტორნო ინდუსტრიაში საერთოდ განულებულია შემოსავალი, მაგრამ არსებობს სექტორები, რომლებიც აგრძელებენ საქმიანობას. მაგალითად, სამშენებლო ბიზნესში შერეული ტენდენციაა, არის კომპანიები, რომელთა მდგომარეობა ძალიან არ დამძიმდა და არის ისეთები, რომლებიც გაღარიბდნენ. თუმცა, მთლიანად სამშენებლო დარგი განადგურების პირასა არ არის, ტურისტული და სარესტორნო ბიზნესი კი ნამდვილად ამ მდგომარეობაშია”, - დასძინა ლევან ვეფხვაძემ.

თავდაპირველად, საქართველოში პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე, უძრავი ქონების ბაზარს დიდი პრობლემები შეექნმა. იკლო მშენებლობამ და შემცირდა რეალიზაცია. იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ, რომელიც ზაფხულში ამოქმედდა, სამშენებლო სექტორი ცოტათი გამოაცოცხლა, თუმცა ახლა, მისი დასრულების შემდეგ, შესაძლოა, დამატებითი პრობლემები შეიქმნას. 

მენაშენთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ სუბსიდირებამ სამშენებლო სფეროზე კარგად იმოქმედა და მისი დასრულების შემთხვევაში, რეალიზაცია ერთბაშად დაიკლებს. 

“სუბსდირების პროგრამის ვადა 20-ში ამოიწურა. ბუნებრივია, ეს კარგი პროგრამა იყო და მგონია, რომ ძალიან ცუდი იქნება თუ არ გაგრძელდება. ხალხს, რომელიც ვერ წვდებოდა საბანკო პროცენტს, საშუალება მიეცა დაბალი კრედიტით ესარგებლა - წლიური 7%. ეს ევროპულთან მიახლოვებულია და კარგი პროცენტია. ბევრმა ადამიანმა და ოჯახმა, ვისაც ბინის შეძენა უნდოდა, გადაწყვეტილება მიიღო და სუბსიდირების პროგრამით ისარგებლა.

ვერ შევადარებ 2008 წლის მდგომარეობას, როდესაც სამშენებლო ბიზნესი მძლავრად ვითარდებოდა და უცებად საერთოდ ყველაფერი შეჩერდა. ახლა ასე არ მოხდება, მაგრამ პრობლემებს ვერ გავექცევით. შემცირდება წარმოებული მშენებლობის მოცულობა. მაგალითად, ჩემმა კომპანიამ შესაძლოა, 30-40%-ით შეამციროს ბიზნეს აქტივობა. როგორც მინიმუმ, ახალ ობიექტებს ჯერ ვერ დავიწყებ, რადგან ყველაფერი გაყიდვებზეა დამოკიდებული. თუკი, მშენებლობა 30%-ით შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ ამავე პროცენტული მაჩვენებლით დაიკლებს დასაქმებულთა რაოდენობა”, - აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა “რეზონანსთან”. 

არსებული მძიმე სიტუაცია, რომ მინიმუმ 31 იანვრამდე არ გამოსწორება, ეს ფაქტია. გაცილებით საგანგაშო იქნება ვითარება, თუკი შეზღუდვები კიდევ გაგრძელდება, რისი შესაძლებლობაც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ნამდვილად არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )