სოსო არჩვაძე: დამწვარზე მდუღარე დაასხესო, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა
ირაკლი ლომიძე
28.12.2020

გლობალური ეპიდემიური სიტუაციის, ლარის კურსისა და შემოსავლების მასობრივი შემცირებით 2020 წელი ერთ-ერთი უმძიმესია, რომლის გადატანაც საქართველოს მოსახლეობას მოუხდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ტოტალური სიძვირის წელი, რამაც მოხმარების დონე მნიშვნელოვნად შეამცირა. ხალხი, ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა და ათასობით ოჯახი გაღარიბდა. 

სურსათი, რომელზეც ყველაზე მეტი მოთხოვნაა, კატასტროფულად გაძვირებულია, ასევე პირველადი მოთხოვნის საქონელი, ჰიგიენური საშუალებები და სხვა. ყველას ესმის, რომ პანდემიაა, მაგრამ ეს არ არის შეღავათი, რადგან აშკარად ჩანს, რომ არაფერი გაკეთებულა, რომ ფასების ზრდის დინამიკა შეჩერებულიყო და მოსახლეობისთვის ამ მძიმე სიტუაციაში რეალური შეღავათი გაეწიათ.

როგორც წესი,  ქვეყანას მთავრობა და ეროვნული ბანკი იმისთვის ჰყავს, რომ დაარეგულიროს კრიზისული სიტუაცია და სწორედ ეს ვერ მოხდა 2020 წელს, რეალური ფასების გათვალისწინებით ეს ყველაზე ძვირი წელია, ინფლაციაზე რომ არაფერი ვთქვათ.

სურსათის გაძვირების მთავარ მიზეზად სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აჟიოტაჟურ მოლოდინს ასახელებს. საქართველოს შემთხვევაში, გარდა ამ ფაქტორისა, ფასებზე უარყოფით გავლენას ლარის კურსი ახდენს, რაც განსაკუთრებით იმპორტული პროდუქტის ღირებულებაზე აისახება. 2020 წელი იმითაც არის დასამახსოვრებელი, რომ მთელი ეს პროცესი მიმდინარეობდა შემოსავლების მკვეთრი შემცირების ფონზე, რამაც დიდი პრობლემა შექმნა.

,,სტატისტიკურ მონაცემებს თუ შევხედავთ, 2020 წელი ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით  რეკორდული არ ყოფილა, უფრო მაღალინფლაციური წლებიც გვქონია. თუმცა, მიმიდინარე წელი იმით არის გამორჩეული, რომ ფასების ზრდა, რომ იტყვიან, მოქმედებდა მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლების მკვეთრი შემცირების პირობებში. ,,დამწვარზე მდუღარე დაასხესო“, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა. ხალხი შემცირებულ შემოსავლების გამო, გაძვირებას ვერ უმკლავდებოდა თვეების განმავლობაში, ფაქტობრივად, ორმაგი წნეხის ქვეშ იყო. ეს სენდვიჩის ეფექტის მქონე  პროცესია. 

კორონავირუსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეკონომიკური, სოციალური და ზოგადად, ადამიანური ურთიერთობებიც შეზღუდა და სულ სხვა რელსებზე გადაიყვანა“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ სოსო არჩვაძემ.

რაც შეეხება ფასებს, სტატისტიკოსის ადასტურებს, რომ ფაქტობრივად ყველა ძირითადი პროდუქტი გაძვირდა,  თუმცა განსხვავებული სიტუაციაა ხორცისა და ხორცპროდუქტების შემთხვევაში. ინფლაციის გავლენის გამო, წინა თვეებისგან განსხვავებით,  ხორცპროდუქტებზე ფასის ზრდა ინფლაციის საერთო მაჩვენებელს ჩამორჩება. 

,,საფეიქრო ნაწარმი მნიშვნელოვნად არ გაძვირებულა, გაიაფდა ავტომობილები, ბინებზეც კი ფასმა იკლო. ეს ყველაფერი მასობრივი მოთხოვნის შემცირების ხარჯზეა. ფასების სტაბილურობას სჭირდება მდგომარეობის სტაბილურობის  გარკვეული ილუზიური ეფექტის შექმნა. ხალხი, რომელიც აღმოჩნდა იზოლირებული, სახლში გამოკეტილი კვირეებისა და თვების განმავლობაში, მას, რა თქმა უნდა, შეუმცირდა მოთხოვნა. საწვავის მოხმარებამაც იკლო, რის გამოც ამ მიმართულებით დიდი გაძვირება არ გვაქვს. 

რაც შეეხება სურსათს, ტოტალური გაძვირება მოხდა, მაგრამ პირველი შემთხვევაა, როცა ხორცისა და ხორცპროდუქტების ფასები ინფლაციის დინამიკას ჩამორჩება. ინფლაცია 3,8%-ის ფარგლებშია, ხოლო  ხორცისა და ხორცპროდუქტების გაძვირების დონე 3,7%-ს შეადგენს. ეს შეიძლება, მცირე გვეჩვენება, მაგრამ წინა პერიოდში ამ მიმართულებით ფასების ზრდის ტემპი ინფლაციასთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო და ახლა მეტად ვეღარ გაძვირდა. 

იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება სავალუტო კურსი, პროდუქტის ფასებზეც ადეკვატური გავლენაა. მეორე ფაქტორი, რაც ასევე მოქმედებს ფასებზე, არის გაურკვევლობის მოლოდინი, შიში, რომ მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს. ამიტომ მოსახლეობა იწყებს დამარაგებას, აჟიოტაჟური მოთხოვნის მასშტაბამდეც კი, რაც ასევე მოქმედებს ფასებზე, როგორც იტყვიან, ეს არის ,,ორი შემხვედრი ლოკომოტივი ერთ ლიანდაგზე", რისგანაც ვიღებთ ასეთ უარყოფით ეფექტს", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

2020 წლის სიძნელეებზე გააკეთა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აქცენტი ანალიტიკოსმა შოთა გულბანმა, რომელმაც ერთადერთი პოზიტიური მომენტს გაუსვა ხაზი -  ბოლო პერიოდში ტექნოლოგიურ სფეროში განხორციელებული ინვესტიციები. თუმცა, მრავალი პრობლემაა ეკოპნომიკაში, მათ შორის ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება, რა მხრივაც ქვეყანას 2021 წელს დიდი პრობლემა ელის.

,,2020 წელზე პანდემიის მიღმა საუბარი, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან ყველაფერი ამ პრობლემას მიება. ბიუჯეტიც ისე დაიგეგმა, რომ პანდემიის შედეგად გამოწვეული ზიანი გაუთვალისწინებელი დარჩა. მთლიანად თუ არა, მეტწილად, გლობალურ ეკონომიკაში არსებულ ტენდენციები ანალოგიურია და საქართველოც არ არის გამონაკლისი. 

შეიძლება ითქვას, რომ ტოტალური გაძვირების წელია, რამაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის კლების ფონზე დიდი პრობლემა შექმნა. ამასთან პირდაპირ კავშირშია ლარის კურსიც, მეტი დოლარის მობილიზება უწევთ იმპოირტიორებს, რაც ფასნამატზეც გავლენას ახდენს. 

დადებითია კი ისაა, რომ ტექნოლოგიურ სფეროში მსხვილი ინვესტორები შემოვიდნენ. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ფულის შემოტანას, ტექნოლოგიური განვითარება და კადრების გადამზადების ახალი შესაძლებლობა გაჩნდა, რაც დიდი სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის და მაგალითია სხვებისთვისაც, რომ გადმოდგან ნაბიჯი და ინვესტიციები განახორციელონ. 

გარდა ამისა, ბიუჯეტის დეფიციტის დაბალანსება სერიოზული გამოწვევა იქნება 2021 წელს. ამისთვის ინვესტიციებს დიდი მნიშვნელობა ექნება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ინფლაციის  მაჩვენებლებში მკვეთრი გაუარესება არ გვაქვს, რასაც ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკაც უწყობს ხელს, რადიკალური ცვლილებას ამ თვალსაზრით ვერ ვხედავ“, - განაცხადა გულბანმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ 2020 წლის ტენდენციების შეფასებისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (29.12.2020)
"ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა,ვით ქვითკირსა" როდის ვიყავით დალხენილები? უნდა გავუძლოთ ახლაც!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )