რეზონანსი
29.12.2020

2020 წელი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის, ისევე როგორც ყველა ბიზნეს-ინდუსტრიისათვის, ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი გამოწვევებით. უმთავრესი, რა თქმა უნდა, არის პანდემია COVID-19. წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის მიერ, ქვვეყანაში დაწესებულმა სხვადასხვა სახის შეზღუდვებმა ბუნებრივად გამოიწვია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა, რამაც მოახდინა საწვავის მოხმარების შემცირება და შესაბამისად, საწვავის გაყიდვების მაჩვენებლის კლება. 

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის გაუფასურება უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში. 

შესაბამისად, მთელი წლის განმავლობაში ნავთობის ფასი ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებებით. კერძოდ, წლის დასაწყისში არსებული ნავთობზე მაღალი ფასები (68,27 დოლარი/ბარელზე)  შემდგომ პანდემიიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად მცირდება და ფიქსირდება ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასი. მსოფლიოში კარანტინისა და შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნის  და "ოპეკი  პლუსის" მიერ მიღწეული ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების შემდგომ  ზაფხულის დასაწყისიდან ნავთობის ფასი კვლავ მატებას იწყებს. აღსანიშნავია ასევე ბოლო პერიოდში  დამაიმედებელი ინფორმაციები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ნავთობის ფასის ზრდის კიდევ ერთი ახალი ტალღა. კერძოდ, დღეისათვის ნავთობის ფასი ლონდონის  Inter  Continental  Exchange  Futures Europe  სანავთობო  ბირჟაზე  შეადგენს 50.86  დოლარს/ბარელზე, ყოველივე ამის ფონზე  ჩვენთანაც ხდებოდა საწვავის ფასის ცვლილება,  რომელიც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ფასების მატებით ხასიათდება.

პანდემია COVID-19-სა და მისგან გამომდინარე შეზღუდვების მიუხედავად, რომელმაც გამოიწვია ქვეყანაში საწვავის მოხმარების შემცირება, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი მაინც გაზრდილია, რაც ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის მატებით. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1004,8 ათასი ტონა, რაც 12,3 ათასი ტონით, ანუ 1,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,5 ათასი ტონა) შედარებით.

რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტის ზრდას, ის თავის მხრივ უკავშირდება შემდეგს: სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამა; საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატება (მ/წლის პირველი 11 თვის განმავლობაში გაზრდილია 16,2%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით); ასევე მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა შეზღუდული შესაბამისი სტრუქტურების მიერ აღურიცხავი და კონტრაბანდული დიზელის საწვავის რეალიზება; დაბალი საერთაშორისო ფასის პირობებში რიგი კომპანიების მიერ მარაგების შექმნა.  

პანდემიიდან გამომდინარე ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში დაზარალდა საავიაციო ნავთის სეგმენტი, კერძოდ მოხდა მისი იმპორტის მნიშვნელოვანი  შემცირება, რაც დაკავშირებულია საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან. კერძოდ, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 51,2 ათასი ტონა, რაც 41,0 ათასი ტონით, ანუ 44,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,2 ათასი ტონა) შედარებით.

COVID-19 პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა ასევე სხვა სახის ნავთობპროდუქტების მოხმარებაზე და შესაბამისად, მათ იმპორტზე. კერძოდ:

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის  თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 119,6 ათასი ტონა, რაც 44 ათასი ტონით, ანუ 26,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (163,6 ათასი ტონა) შედარებით;

2020 წლის 11 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12  ათასი ტონა, რაც 1,22 ათასი ტონით, ანუ 6,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,34 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 36,7 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით, ანუ 3,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (35,6 ათასი ტონა).

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს განხორციელებულია მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიღებაც მოხდა უშუალოდ ბიზნესის ინიციატივით და მონაწილეობით:

- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №92 (2020 წლის 6 აპრილი) „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველო ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“. აღნიშნული ბრძანების თანახმად მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მიერ  საწვავის ავზებით საწვავის შემოტანაზე შეზღუდვების დაწესება.  ამ დადგენილებამ მნიშვნელოვნად იმუშავა აღურიცხავი დიზელის საწვავის პრობლემასთან მიმართებაში.

- მოხდა  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანა, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად გამკაცრდა საჯარიმო სანქციები, რომელიც ეხება საქართველოში უხარისხო საწვავის იმპორტს, რეალიზაციას და წარმოებას. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, წარმოება ან/და მიწოდება, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, 

- თხევად აირზე (LPG) ერთიანი აქციზის დაწესება. კერძოდ, განხორციელდა ცვლილებები  საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმადაც ნაცვლად ორეტაპიანი აქციზის გადასახადისა: პირველი ეტაპი 120 ლარი უშუალოდ იმპორტის დროს, შემდგომ თუ აღნიშნული პროდუქტის მიწოდება ხდებოდა, როგორც საავტომობილო საწვავი დამატებით ხდებოდა 180  ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ცვლილების თანახმად მოხდა 300 ლარის ოდენობის აქციზის გადასახადის გადახდა უშუალოდ პროდუქტის იმპორტის დროს. ასევე პროდუქტები სასაქონლო კოდით (290110000000, 290123), რომელზეც არ ვრცელდებოდა აქციზის გადასახადი, დაიბეგრა 300 ლარიანი გადასახადით.

ამან განაპირობა ის, რომ თხევადი აირის ბაზარზე შეიქმნა კონკურენტული გარემო, ყველა მეწარმე ჩადგა თანაბარ პირობებში და სახელმწიფო ღებულობს თავის კუთვნილ შემოსავალს სრულად.

- საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №751 "საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის № 124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხდა დაგენილებაში დამატებითი კომპონენტების შეტანა, რითაც განხორციელდა ბენზინის ხარისხის ევროპულ გარემოსდაცვით ნორმებთან ჰარმონიზაცია.

- საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც მოხდა ახალი დიზელის სტანდარტის მიღების ერთი წლით  გადავადება. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში კვლავინდებურად იყოს წარმოდგენილი შედარებით დაბალი ფასის აზერბაიჯანული დიზელის  საწვავი.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა, ნავთობპროდუქტების ინდუსტრიაში მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა და განვითარება. მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება, როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული კომპანიების მიერ. დღეისათვის საქართველოში ფუნქციონირებს 1200- ზე მეტი ავტოგასამართი სადგური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )