„ბოლო დღეებში არაოფიციალური გადაზიდვის სერვისი ჩამოყალიბდა. ეს უარესია, ამას რეგულირებადი ტრანსპორტი ჯობდა"
თიკა სიბოშვილი
29.12.2020

24 დეკემბრიდან, როგორც საზოგადოებრივ, ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა უნდა მოხსნილიყო, მაგრამ, მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალვა ძალაში დარჩა. ხალხს ჰქონდა იმედი, რომ საახალწლოდ დიდი ქალაქებიდან რეგიონებში დაბრუნდებოდნენ, თუმცა ამ ეტაპისთვის ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. კერძო ტრანსპორტი, რომელიც მგზავრებს მაინც ემსახურება, საკმაოდ ძვირი ჯდება. გამოდის, რომ სადღესასწაულოდ ადამიანებს მშობლიურ ადგილებში ჩასვლა აუკრძალეს.

დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებას ყველა ელოდებოდა, განსაუთრებით კი, ის ადამიანები, რომლებიც რეგიონებში წასასვლელად ემზადებოდნენ. მართალია, დაწესებული შეზღუდვა არ შეეხო კერძო ტიპის ავტომობილებს, მაგრამ ეს პრობლემას ვერ აგვარებს. გზები პარალიზებულია, კერძო ტაქსებითა და მინივენებით რეგიონებში გამგზავრების საფასური კი - გაზრდილი. რა უნდა ქნას იმ ხალხმა, ვისაც ფული არ აქვს, მაგრამ სოფელში ჩასვლა სჭირდება?

როგორც ორგანიზაციის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა ამბობს, ტრანსპორტის შეზღუდვა დაუშვებელია. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისედაც ის ადამიანები სარგებლობდნენ, ვისაც საკუთარი ავტომობილები არ ჰყავთ.

„რა თქმა უნდა, ტრანსპორტის აკრძლვა სწორად არ მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ უნდა იყოს გარკვეული დოზით ნებადართული გადაადგილება. ძალიან გაძვირდა ტაქსების მომსახურება. ბევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქმედებაში დატოვეს, რადგან მსგავსი ტიპის ტრანსპორტით სარგებლობს ძალიან დიდი  რაოდენობა ადამიანებისა, ვისაც აუცილებლად სჭირდებათ გადაადგილება. ესენი არიან საშუალოზე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები.

სადღესასწაულო პერიოდში აუცილებლად უნდა იყოს ტრანსპორტი, გარკვეული რეგულაციების დაცვით. შესაძლოა, მგზავრებს არ ემსახურებოდეს მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ რაღაც გარკვეული საათები რომ იმოძრაოს და შეძლონ მგზავრებმა გადაადგილება, ესეც შეღავათი იქნება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას კვაშილავამ.

ხელისუფლების აზრით, ტრანსპორტზე დაწესებული რეგულაციით ხალხის ნაკადი დაიკლებდა, რაც ინფიცირებულთა კლებაზე აისახებოდა, თუმცა ქალაქში იმაზე მეტი კერძო ავტომობილი გამოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მთავრობის ლოგიკით, გამოდის, რომ ვირუსს ავრცელებენ ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი მანქანა არ ჰყავთ ან არ აქვთ გადაადგილების საშუალება. 

ბოლო დროს კერძო ტრანსპორტი მგზავრებს სთავაზობს რეგიონების მიმართულებით გადაადგილებას, რაც ბევრად მეტი ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივ პერიოდში. აქედან გამომდინარე, დაწესებული შეზღუდვით მოსახლეობის ხარჯმა მოიმატა, ხოლო ვისაც იმის საშუალებაც არ აქვს, რომ კერძო ტაქსების დაწესებულ ტარიფს გასწვდეს, დედაქალაქში იძულებით დარჩენა მოუწევს.

როგორც საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მიიჩნევს, ტრანსპორტის აკრძალვა უაზრობაა, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს გადაადგილება მაინც შეუძლია, რაც არ ამცირებს კონტაქტსა და მობილობას, ხელმოკლე ფენა კი იჩაგრება.

„ვფიქრობ,შესაძლებელი იყო  შეზღუდვების ისე დაწესება, რომ ტრანსპორტს ემუშავა. ახლა იგი თითქოს აკრძალულია, მაგრამ ხალხი ავტმობილებით მაინც გადაადგილდება და ეს მიდი-მოდი ისევ აქტიურ ფაზაშია. მეტიც, ერთ მანქანაში იმდენად მჭიდროდ სხედან მგზავრები, რომ უფრო მეტად საფრთხის შემცველია.

შესაძლოა, დაწესებულიყო რეგულაციები და განსაზღვრულიყო ადამიანების რაოდენობა, რამდენს შეეძლო მგზავრობა ერთ კონკრეტულ ავტობუსში ან მიკროავტობუსში, მკაცრად გაკონტროლებულიყო დისტანცია, პირბადის აუცილებლობა და ა.შ. 

ახლა ისეთი პერიოდია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას გადაადგილების გადაუდებელი საჭიროება აქვს. ჩვენ ვართ დედაქალაქი, რომელსაც 70%-ით მაინც რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი ავსებს. მათ რეგიონებში, მინიმუმ, ვიღაც მაინც ჰყავთ: დედა, მამა, ბებია, ბაბუა. ამასთანავე, ვართ ძლიან ტრადიციულები, შესაბამისად, წასვლა-მოსვლა ახალ წელს ყოველთვის ხდება, რასაც ვერ გავექცევით“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ მელაძემ.

როგორც ის მიიჩნევს, მგზავრები, ასე თუ ისე, გადაადგილებას მაინც ახერხებენ, ამიტომ ჯობდა რამე კონკრეტული რეგულაციის შემუშავება ან ახალი წლის დღეებში შეზღუდვების გარკვეულწილად შემსუბუქება.

„შეზღუდვების მიუხედავად, ხალხი, ვისაც გადაადგილება არ შეუძლია, მიმართავს სხვა გზას. ისინი მოძრაობენ უფრო მცირე ზომის ავტომობილებით, სადაც მჭიდროდ სხედან, რაც შესაძლოა, გაცილებით საშიში აღმოჩნდეს, ვიდრე _ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა.

ხშირ შემთხვევაში, საწვავის ფულს აგროვებს რამდენიმე კაცი ერთად და ერთი მსუბუქი ავტომობილით მიემგზავრებიან ან ვინც ტაქსაობს, აგროვებს მგზავრებს და  მიჰყავს მსუბუქი მანქანით. ბოლო დღეებში არაოფიციალური გადაზიდვის სერვისი ჩამოყალიბდა. ასე რომ, განსხვავებას მე ვერ ვხედავ. პირიქით, მგონია, რომ რეგულირებადი ტრანსპორტი ჯობდა.

მიმაჩნია, რომ გადაადგილება ნებადართული  უნდა იყოს, ოღონდ _ მკაცრად გაკონტროლებული. ასეთი სქემა შესაძლებელია გადმოვიღოთ რომელიმე ქვეყნიდან, სადაც მსგავსი გზა უკვე გაიარეს, მაგალითად, ესპანეთიდან ან იტალიიდან. მათ მიიღეს პირველი დარტყმა და, ფაქტობრივად, ეს ყველაფერი უკვე გამოსცადეს“, - დასძინა „რეზონანსთან" მევლუდ მელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )