ადგილობრივმა მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა უკვე განაცხადეს ფასების ზრდის შესახებადგილობრივმა მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა უკვე განაცხადეს ფასების ზრდის შესახებ
ირაკლი ლომიძე
30.12.2020

2020 წელი ლარის კურსის და პანდემიური ორომტრიალის გათვალისწინებით,  ტოტალური სიძვირის წელი იყო. სამწუხაროდ, ტენდენცია მომავალ 2021 წელსაც გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, გაძვირების მასშტაბით მან მიმდინარე წლის მაჩვენებლებს გადააჭარბოს და მაღალი ფასების ახალი რეკორდი დამყარდეს.  იმპორტიორები პროდუქციის გაძვირებას უკვე აანონსებენ, გაზრდილი გადასახადების გამო ფასის შენარჩუნება ადგილობრივ წარმოებსაც უჭირს. სავაჭრო ობიექტებისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, დავინახოთ, რომ საქართველოში ტოტალური გაძვირების მორიგი ეტაპი იწყება.

სურსათი, რომელზეც ყველაზე მეტი მოთხოვნაა, მკვეთრად გაძვირებულია, ასევე პირველადი მოთხოვნის საქონელი, ჰიგიენური საშუალებები და სხვა.  განსაკუთრებით კი, იმპორტული საქონელი, რომელზეც ფასის ზრდის ტენდენცია გაისადავ გაგრძელდება.

,,რეზონანსთან“  მოსალოდნელ ცვლილებებს ადასტურებს იმპორტიორი დავით გოგიჩაიშვილი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ დღევანდელი ფასის შნარჩუნება, რაც არ უნდა მოინდომო, შეუძლებელია.

 ,,რთული სიტუაციაა, მუდმივად მატულობს ფასი და ეს ტენდენცია დამახასიათებელია როგორც საქართველოს, ასევე განვითარებული ქვეყნების ბაზრებზისთვისაც. მარტო ხორცის სეგმენტი რომ ავიღოთ, ამ ეტაპზე 1 ტონა გაყინული, ბრაზილიურიური ხორცის საშუალო ფასი 2000-2200 დოლარის ფარგლებშია და ამაზე ძვირიც ღირს. საქართველოში 1 კგ გაყინული ხორცი 12 ლარამდეა და მომდევნო წლიდან ფასი მოიმატებს. სხვა არჩევანი, ფაქტობრივად, არ არის. ლარი უფასურდება, პანდემიაა, საერთაშორისო კავშირები შესუსტებულია და ეს ყველაფერი ერთად ფასებზე ნეგატიურად მოქმედებს. 

ბევრი პრობლემა გაგვიჩნდა, ბანკის ვალებიდან ვერ გამოვდივართ, არანაირი შეღავათი ბიზნესს არ უწესდება, მხოლოდ დაპირებები ისმის. ძალიან დავზარალდით, ფაქტობრივად, ყველაფერი დაკეტილია. მოხმარება გაგვინახევრდა, ჩვენი ძირითადი მომხმარებელი მაინც სარესტორნო ბიზნესი და კვების ობიექტები იყვნენ. რა ხანია ტურისტებიც არ შემოდიან,  შესაბამისად, გაყიდვებზე ესეც ნეგატიურად მოქმედებს“, -აღნიშნა გოგიჩაიშვილმა და დასძინა, რომ როგორც კი გლობალურ ბაზრებზე ფასები აიწევს, საფასო პოლიტიკა ადგილობრივ ბაზარზეც გადაიხედება.

,,ქვეყნებს შორის ურთიერთობები შეზღუდულია, მოხმარება და ეკონომიკაც ჩიხში შედის. მიუხედავად მომსახურების კლებისა, ფასი მაინც მატულობს, ბაზარი წესებს არ ემორჩილება. ყველგან ანალოგიური მდგომარეობაა.  რეგულაციების დაცვა, რასაც მთავრობები პანდემიურ პერიოდში ითხოვენ, მეწარმისთვის დამატებითი ხარჯია, რაც საბოლოოდ წარმოებული პროდუქტის ფასზე მოქმედებს და ფაქტობრივად, ყველაფერი ძვირდება.  ჩვენც ამ მოცემულობაში გვიწევს საქმიანობა. ვერ გეტყვით ზუსტად რა მაჩვენებლით, მაგრამ ცხადია, რომ მომავალი წლიდან ფასის შეცვლა მოგვიწევს“, - აღნიშნა "რეზონანსთან" გოგიჩაიშვილმა.

როგორც ცნობილია, გაძვირებულია პურიც,  რომლის სუბსიდირებასაც მტავრობა ახორციელებს და სხვაობას მომხმარებელი ვერ გრძნობს, თუმცა, როგორც კი სუბსიდიის ვადა ამოიწურება,  სხვა პროდუქტებთან ერთად, ხალხს  პურიც გაუძვირდება, რაც სოციალური ფონის გაუარესების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

როგორი იქნება პერსპექტივა სუბსიდიის მოხსნის შემდეგ, მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს. იგი არ მალავს, რომ პროგნოზისგან მაქსიმალურად იკავებს თავს, რადგან სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შიძლება შეიცვალოს.

,,რთულია წინასწარი პროგნოზი, ველოდებით, რომ მომდევნო 2 თვე ხორბლის იმპორტში დაძაბული იქნება, გაიაფებას ისედაც არ ველით, გამორიცხულია, მთავარია ფასი შენარჩუნდეს. ეს არ იქნება მარტივი, რადგან წლის ბოლოა და  რუსეთიდან ემბარგოს ველით,  ლარის კურსიც არასაიმედოა. 4-თვიანია პურის სუბსიდიის პროგრამა, 1-ელ აპრილს დასრულდება და მერე როგორი იქნება ფასი, პროგნოზი გამიჭირდება. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ამ ეტაპზე სამთავრობო პროგრამა სტაბილურობის საფუძველს იძლევა.  

ლოგისტიკას პანდემია დიდ ზიანს აყენებს, მარაგსაც ზრდიან ქვეყნები, ხოლო მწარმოებლები ნაკლებს ყიდიან, მთელი რიგი პრობლემებია, არავინ იცის რა მოხდება, ამიტომ წინასწარ ვერაფერს გეტყვით. მარტში გამოიკვეთება მომავალი მოსავლის პროგნოზი და პერსპექტივა.  ფასიც სამომავლოდ ამაზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ლევან სილაგავამ. 

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები ლარის გაუფასურების მორიგ ტალღას თებერვლიდან ელოდებიან. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო დამძიმდება სამომხმარებლო ბაზარზე ვითარება. სხვათა შორის, ადგილობრივი მწარმოებლები უკვე აცხადებენ მოსალოდნელი გაძვირების შესახებ. კომპანია "ტკბილმა ქვეყანამ" პროდუქციაზე ფასის ზრდა საახალწლო დღეებშივე მოახდინა, ხოლო "წყალი მარგებელი" ასეთივე ნაბიჯის გადაგმას საახალწლო დღეების დასრულებისთანავე გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )