ბიზნესი მთავარი შეზღუდვის შემსუბუქებას პირდაპირ ითხოვს, მთავრობაში უკვე მსჯელობენ
გვანცა წულაია
20.01.2021

ბოლო რამდენიმე დღეა, კომენდანტის საათის შესაძლო გადაწევაზე საუბარი მიმდინარეობს. როგორც აღმოჩნდა, საკითხი პრობლემურია, როგორც ბიზნესისთვის, ისე მოქალაქეებისთვის. მაგალითად, სავაჭრო ცენტრებმა კომენდანტის საათის გადაწევის საკითხი უკვე დააყენეს. მათი მოთხოვნაა, რომ შეზღუდვა ერთი საათით გვიან, 22:00 საათზე დაიწყოს. ამაზე მსჯელობა, როგორც ჩანს, მტავრობაშიც მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

კომენდანტის საათის გადაწევაზე საუბარი, ჯერ კიდევ წინა წლის მიწურულს იყო. მაშინ, საქართველოს მთავრობა გადაადგილების აკრძალვის დაწყების დროს ღამის 11:00 და 12:00 საათს განიხილავდა, თუმცა მაშინ ცვლილება არ მომხდარა.

„21:00 საათზე ქალაქში გადაადგილება იზღუდება, 24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ საკომენდანტო საათი გადაიწიოს მაგალითად, ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ 2020 წლის მიწურულს. 

მართალია, გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსად შეცვლილა, მაგრამ ფაქტია, რომ ამაზე მსჯელობა ახლა უფრო მიმდინარეობს. ბიზნესი ამას უკვე პირდაპირ ითხოვს, რასაც ეთანხმება მოსახლეობაც. გასარკვევია, რამდენად დააკმაყოფილებს საქართველოს მთავრობა სავაჭრო ცენტრებისა და ხალხის მოთხოვნას და გადაწევს თუ არა შეზღუდვის ამოქმედებას ერთი საათით.  

ინფორმაცია არ აქვს „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ, ექსპერტ აკაკი ზოიძეს.  ჯერ უნდა გაირკვეს, რა ცვლილებას გამოიწვევს „კომენდანტის“ ერთი საათით გადაწევა, როგორც ბიზნესისთვის, ისე ჯანდაცვის კუთხით. 

„ამ ერთი საათის გადაწევის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. გასარკვევია, რას ნიშნავს სავაჭრო ცენტრებისთვის შეზღუდვის ერთი საათით გადაწევა შემოსავლის კუთხით და მეორე მხრივ, მობილობის თვალსაზრისით რა შეიძლება ამ ნაბიჯს მოჰყვეს. ერთი მხრივ არის ხალხის შემოსავალი, ეკონომიკური აქტივობის აუცილებლობა და მეორე მხრივ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, თუ რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს. 

თუ კომენდანტის საათი შედარებით გვიან ამოქმედდება, ეს ალბათ გაზრდის მობილობას და კონტაქტებს გვიან საათებში, რაც არასასურველია იმ თვალსაზრისით, რომ მოიმატებს ინფექციის გავრცელების რისკი. დადებითი ტენდენცია გვაქვს და ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ დამშვიდების საშუალება არ გვეძლევა და აუცილებელია, საზოგადოებამ გააგრძელოს იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელიც თვეების განმავლობაში მოქმედებს. ჯერ სამშვიდობოს გასული არ ვართ. 

თუ ამ საკითხის განხილვა მოხდება და სპეციალისტებს დაგვიძახებენ, სიამოვნებით მივიღებ შემოთავაზებას“, - განუცხადა აკაკი ზოიძემ „რეზონანსს“. 

კომენდანტის საათის გადაწევა მომგებიანი იქნება ბიზნესისთვის. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექორი ლევან ვეფხვაძე შეზღუდვის გადაწევის მომხრეა და ამბობს, რომ ამით, როგორც ბიზნესი, ისე მოსახლეობაც ისარგებლებს.  

„კომენდანტის 21:00 საათიდან 22:00 საათამდე გადაწევა დაეხმარება მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებს, რომლებიც გაახანგრძლივებენ თავიანთ საქმინობას ერთ საათით. ეს ბიზნესისითვისაც ხელსაყრელი იქნება და იმ ადამიანებისთვის. ვიცით, რომ პირველი თებერვლიდან ვაჭრობის სფერო გაიხსნება და აასეთი შემთხვევაში შეზღუდვის შემსუბუქების  საჭიროება, ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტად გაჩნდება. 

ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ბიზნესის გახსნის საკითხი გადახედვას აღარ უნდა ექვემდებარებოდეს, იმ ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. გასაგებია, რომ უნდა დავიცვათ პირობები და ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ ეკონომიკა უნდა ამოქმედდეს. კომენდანტის საათის გადაწევაც ალბათ, უნდა მოხდეს“, - განუცხადა ლევან ვეფხვაძემ „რეზონანსს“. 

დიდი პაუზის შემდეგ, სავაჭრო სექტორი სულ რაღაც 10 დღეში ამუშავდება, მაგრამ თუკი კომენდანტის საათი ძალაში დარჩება, პრობლემები ამ სექტორში ისევ იქნება. საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან ყარალაშვილის ინფორმაციით. სავაჭრო ცენტრების გახსნის თარიღი უკვე გადაწყვეტილია და არ შეიცვლება, თუმცა რიგი საორგანიზაციო საკითხები მოუგვარებელია.

„აუცილებელია, რომ იმ 250 000 ადამიანს, რომელიც პირველი თებერვლიდან სამსახურში უნდა გავიდეს, ჰქონდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება. პარალელურად,  ჩვენი მოთხოვნა კომენდანტის საათის დაწყების გადავადება იყო, რომ 21:00-ის ნაცვლად 22:00 საათზე დაიწყოს. საბოლოო ჯამში, ყველა ჩვენი ბიზნესი ერთმანეთთან ჯაჭვურად არის გადაბმული და იმედი გვაქვს, ეტაპობრივად ყველას გახსნის საშუალება მიეცემა. სამუშაო ადგილებს უნდა დაუბრუნდეს ის 250 000 ადამიანი, რომელიც სხვადასხვა სექტორებშია დასაქმებული“, - განაცხადა "ბიზნეს მედიასტან" საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან ყარალაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )