აკაკი ზოიძე: "კიდევ რამდენიმე თვე მოგვიწევს შემსუბუქება-გამკაცრების რეჟიმში ცხოვრება"
ირაკლი ლომიძე
21.01.2021

ეკონომიკაში შეზღუდვების მოხსნის პროცესი, შესაძლოა, ზაფხულამდეც გაგრძელდეს.  სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ სხვადასხვა ტიპის აკრძალვები ეკონომიკაში განხორციელდება პერიოდულობით, სანამ კორონავირუსი საბოოლოოდ არ დამარცხდება. თუკი ეპიდემიის პირველი ტალღის დროს სრულად დაკეტილი ეკონომიკის გასხნას 2,5 თვე დასჭირდა, ნაწილობრივი ლოკდაუნიდან გამოსვლას მთავრობა გაცილებით მეტ დროს მოანდომებს.

ჯერჯერობით მთავრობას ეკონომიკის ამოქმედების გეგმა არ წარმოუდგენია,  თუმცა ამ ეტაპზე ისიც კი რჩება გამოცანად, წერტილოვანი შეზღუდვის გეგმაში რა ცვლილებებია და როგორ წარმოუდგენიათ კანონმდებლებს საშიშ ვირუსთან საზოგადოების თანაცხოვრება.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ვირუსი სრულად არ დაიძლევა. ყველა შეზღუდვა, მათ შორის 1-ელ თებერვალს გათვალისწინებული,  მოიხსნება ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად.

„კარგად გვესმის, რომ ბიზნესის ინტერესი არის შეზღუდვების სრული მოხსნა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბალანსზე, რომელიც უნდა დავიცვათ შეზღუდვების მოხსნასა და ეპიდვითარებას შორის. ამიტომ ბიზნესთან ერთად მოქალაქეთა ინტერესებიც უნდა დავიცვათ, რომელთა საფიქრალი არა მხოლოდ მაღაზიებში სიარულია, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებაც“, - განაცხადა ცქიტიშცვილმა.

ჯანდაცვის ექსპერტი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე,  აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ უნდა დაკონკრეტდეს, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რა რაოდენობა იქნება შეზღუდვების მოხსნის თუ დაწესების პირობა.

,,სასურველია იყოს გეგმა, როდის რა იქნება, როგორ გავრცელდება სექტორულად რეგულაციები -  რა შემთხვევაში  განიხილება გამკაცრება ან შესუსტება. ყველაფერი უნდა იყოს მკაფიოდ აღწერილი, პროგნოზირებადი ყველა დაინტერესებადი მხარისთვის, ბიზნესის ჩათვლით. რეალურად გაცხადებული იყო, რომ თებერვლამდე გაგრძელდებოდა შეზღუდვები, როგორ გაიხსნება და რა იქნება, უნდა გაირკვეს. არ შეიძლება, ეკონომიკა მუდმივად შეზღუდვის რეჟიმში ამყოფო. უნდა ამუშავდეს ტრანსპორტიც შესაბამისი კონტროლით და ვაჭრობაც. 

ჩემი ინფორმაციით, ეკონომიკის სრულად გახნის პროცესი, ალბათ, ზაფხულამდე გაგრძელდება, თამნაც ლოკალური აკრძალვები პერიოდულად ისევ გახდება საჭირო. მით უმეტეს, ახალი შტამი შემოვიდა და ესეც დამატებით შეზღუდვას მოითხოვს. ძალიან რთულია კონტროლი, რასაც გვაჩვენებს ინგლისის მაგალითი, სადაც შტამი სწრაფად გავრცელდა. 

ყველაფერი უნდა გვქონდეს მხედველობაში და გონივრულად ვმართოთ პროცესი. ცხადია, თუ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა, მაშინ კვლავ გამკაცრდება მიდგომა. როგორც იცით, საზღვრები არ იჭერს  ვირუსს, ადრე თუ გვიან, სამხრეთაფრიკული  თუ ბრიტანული სახეშეცვლილი ვირუსი ჩვენამდეც მოაღწევს და ამას, როგორც აღვნიშნე,  შეიძლება დამატებითი შეზღუდვა დასჭირდეს“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ აკაკი ზოიძემ და დასძინა, რომ მომხრეა, ეკონომიკა გაიხსნას ფრთხილად, შესაბამისი წესების დაცვით და კონტროლის გაძლიერებით.

,,დღევანდელი მოცემულობით, ვირუსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, 3 თვის წინ ასეთი სტატისტიკა რომ გვქონოდა, საზოგადოებაში სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევდა, მაგრამ ამასაც მივეჩვიეთ. ყველაფერი შედარებითია. ვფიქრობ, პროცესი ზაფხულამდე გასტანს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ შეზღუდვებში ვიქნებით მუდმივად სანამ ჩვენი მოქალაქეების აცრის მაჩვენებელი 70%-ს არ მიაღწევს. დღეს სხვა გამოსავალი არ გვაქვს. 

ახალი შტამი რომ შემოვიდეს, მერე უკვე შეზღუდვებიც ვერ გვიშველის და ასეთი დონის აკრძალვამაც კი შეიძლება არ იმუშაოს. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ვაქცინაა გადამრჩენი. აქედან გამომდინარე, ბიზნესის გახსნის შემუშავებული გეგმა უნდა იყოს მკაფიო, კიდევ რამდენიმე თვე მოგვიწევს შემსუბუქება-გამკაცრების რეჟიმში ცხოვრება. მაგრამ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ შაბათ-კვირას, როგორც ახლა გეგმავს მთავრობა", - განაცხადა ზოიძემ.

ეტაპობრივი გახსნის მომხრეა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი, ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე, რომლის აზრითაც, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პროცესი დროში არ გაიწელოს. ასეთ შემთხვევაში, კომპანიები კიდევ უფრო გაკოტრდებიან, სრულად გაღატაკდება მოსახლეობა და მერე ამ პროცესს სასიკეთოდ ვერაფერი შემოაბრუნებს.

,,სულ მცირე,  2 თვეში ეკონომიკა სრულად უნდა გაიხსნას ეპიდემოლოგიური სიტუიაცია თუ შენარჩუნდა ან თუნდაც ცოტათი გაუარესდა. ეკონომიკა აღარ უნდა ჩაიკეტოს, ნებისმიერ სეგმენტს ვგულისხმობ, რომელსაც შეზღუდვა შეეხო.  განსაკუთრებით ბიზნესი, რომელიც საქმიანობას ვერ აგრძელებს. მონდომება უნდა, თორემ 1 თვეშიც შესაძლებელია ეკონომიკის გახსნის პროცესი დასრულდეს. 

ეტაპობრიბ გახსნაში პრობლემას ვერ ვხედავ, უბრალოდ, დროში არ უნდა გაიწელოს ეს პროცესი. სექტორებს უნდა მიეცეთ საქმიანობის შესაძლებლობა, რომ აღდგენა დროულად მოახერხონ. არ ვიცით, როგორი იქნება მესამე ტალღა, ინფიცირების რა მაჩვენებელი გვექნება, მაგრამ ჩაკეტვისგან უკვე თავი უნდა შევიკავოთ, თუ საგანგაშო მდგომარეობამდე არ მივა საქმე. 

ვხედავთ, რომ ეკონომიკა მუდმივად გახსნა-დაკეტვის რეჟიმშია და ასე მუდმივად თუ გაგრძელდება,  შეიძლება, სოციალური აფეთქება მივიღოთ და კომპანიების უმეტესობისთვის ეს პროცესი სრული გაკოტრებით დასრულდეს“, - აღნიშნა,,რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსმა.

სხვათა შორის, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგებიც ეკონომიკის ნელ-ნელა გახსნას უჭერენ მხარს, რადგან ქვეყანამ იქნებ მესამე ტალღის თავიდან არიდება მოახერხოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
(((   (23.01.2021)
სადაა მერე ვაქცინა, რატომ აგვიანებთ შემოტანას? მოგწონთ ხომ ჩვენი წამება? ნაძირლები ხართ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )