ეკონომისტები ერთხმად ამბობენ, რომ მსგავსი სიძლიერის დოკუმენტი საქართველოში არც მანამდე და არც მერე არ შემუშავებულა
ირაკლი ლომიძე
22.02.2021

მთავრობის მეთაურად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენამ ეკონომისტებს წლების განმავლობაში განზე გადადებული, ეკონომიკური განვითარების გეგმა შეახსენა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მთავრობა ამ დოკუმენტს აუცილებლად მიუბრუნდეება, თუმცა გარკვეული კორექტირების შეტანა მოუწევს.  ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან პანდემიამ ქცევის წესები შეცვალა და ეს გარკვეული დონით ეკონომიკური განვითარების გეგმაზეც აისახება. ეჭვიც არავის ეპარება, რომ ღარიბაშვილი საკუთარი მმართველობის პერიოდში შემუშავებულ ეკონომიკურ გეგმას დაუბრუნდება და ახალ სიცოცხლეს შესძენს. 

ღარიბაშვილისეული გეგმის მიმართ დიდ იმედს ამყარებენ სპეციალისტები. როგორც აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“ განუცხადა, ამ დოკუმენტზე უკეთესი გეგმა, ბოლო წლების განმავლობაში არ შემუშავებულა.   როგორც ,,სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020“-ზე მომუშავე მეცნიერი, აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს,  ამ დოკუმენტს  დიდი გარღვევის მოხდენა შეუძლია ეკონომიკისთვის და სასიცოცხლოდ აუცილებელია, მთავრობა მას დაუბრუნდეს.

,,ბოლო წლების განმავლობაში, თუნდაც ახალი ხელისუფლების მოსვლის პირობებში, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც შემუშავდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020, მეცნიერებთან ერთად.  გეგმა  შემუშავდა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. სამწუხაროდ, ეს პროგრამა იგნორირებული იქნა შემდეგში, არადა უაღრესად საინტერესო, კონკრეტულ პერიოდებზე გათვლილი პროგრამა იყო, თუ როგორ შეიძლება ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდეთ. 

ახლა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ სწორედ ღარიბაშვილის პერიოდში აღდგება და განახლდება ის პროგრამა, რომელიც  ქვეყანას ჰაერივით სჭირდება.  მთავარია, რომ  განახლების ძირითადი გეგმა არსებობს, რაც ორიენტირი იქნება ახლად დაკომპლექტებული მთავრობისთვის.  სამწუხაროდ, არც ერთი ხელისუფლების და  მთავრობის პერიოდში ეს პროგრამა არ გაუთვალსიწინებიათ. იმედია, ამ ეტაპზე განახლდება ეს დოკუმენტი და უფრო მეტად ვიქნების განვითარებაზე ფოკუსირებული. ეს გეგმა გულისხმობდა  რეალური სექტორის განვითარებას და დასაქმების ზრდას. 

ფაქტია, ეკონომიკური განვითარების ყველაზე კარგი გეგმა სწორედ ღარიბაშვილის დროს შემუშავდა. დღემდე მიგვაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე საინტერესო დოკუმენტი. მართალია, ყველა პრემიერი საკუთარი პროგრამით ხელმძღვანელობდა, მაგრამ მისი ტოლფასი რეალურად არც ერთი არ იყო“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ავთო სილაგაძემ და დასძინა, რომ ეკონომიკური განვითარების გეგმა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში გაანალიზებული და სიღრმისეულად გაშლილია ეკონომიკის ყველა მიმართულება, განსაკუთრებით რეალური სექტორის განვითარების პერსპექტივა, რაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს.

"საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მასში 2020 წლამდე ეკონომიკის ყველა ძირითადი მიმართულება იყო გათვლილი, როგორ უნდა განვითარებულიყო და ამას მოჰყვებოდა ანალიზი, როგორ განვითარდებოდა ქვეყანა. შეიძლება გარკვეული ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ ასეთი კარგი პროგრამა სხვა არც ერთი ყოფილა. ახლა, როდესაც ღარიბაშვილი ისევ ქვეყნის პრემიერია, შეიძლება  ეკონომიკური გეგმა გაცოცხლდეს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან მისი გამოყენება  ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ცხადია, შეიცვლება, მაგრამ რა ფორმით დაკორექტირდება იგი, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით“, - განაცხადა სილაგაძემ.

ეკონომიკური გეგმის გაცოცხლების მოლოდინი აქვს ეკონომისტ სანდრო თვალჭრელიძესაც, რომელიც ასევე ღარიბაშვილისეულ გეგმაზე მუშაობდა თავის კოლეგებთან ერთად და მიაჩნია, რომ დოკუმენტი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რომელსაც მთავრობის ხელში გაუვლია.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს საქართველო. ჩვენ გვაქვს ეს ვალდებულება, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი, ძალიან კარგი პროგრამა, რაც განზე არ უნდა გადადონ. აუცილებლად უნდა მიუბრუნდეს ამ გეგმას მთავრობა. იმედი მაქცვს, რომ ღარიბაშვილი ასეც მოიქცევა. ცხადია, კორექტირება სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით იქნება საჭირო, მათ შორის ევროკავშირმაც კი შეცვალა ეკონომიკური პარამეტრები, არათუ ჩვენ! ყოველ შემთხვევაში,  ევროპაც ვერ გადავიდა მწვანე ეკონომიკაზე, ყველაზე კარგი შედეგი, 14%-იანი მწვანე ეკონომიკა აქვს გერმანიას, სტანდარტით კი, რაც ევროკავშირს ჰქონდა თავისი პარამეტრებით დადგენილი, 20% უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ შესრულდა“, - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ თვალჭრელიძემ.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოტენციალზე მსჯელობისას სწორედ მივიწყებული სტრატეგია ახსენდება ეკონომიკის პროფესორ თემურ ხომერიკს, რომლის განცხადებითაც,  ეკონომიკის განვითარების ძველი პროგრამა, რომელიც 2012 წლის არჩევნებისას წარმოადგინა ,,ქართულმა ოცნებამ", შეიძლება, დაკორექტირდეს. 

"პირველ რიგში, დასაკორექტირებელია წინა მთავრობის სამოქმედო პროგრამა კოვიდრეალობის პერსპექტივების გათვალისწინებით და უკვე შეცვლილი პარამეტრების ადეკვატურად, შესაბამისად, 2021 წლის ბიუჯეტიც დასაბალანსებელია და 3-წლიანი სტრატეგიაც მოსარგებია გარემოზე, სათანადო სცენარიების შემუშავებით. რეალური კომპლექსური პროგრამა წარმოდგენილი იყო 2012 წლის არჩევნებისას, რომლის განხორციელებაც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და წასვლის წინ მისი იმპლემენტაციის ფუნდამენტი ჩაბეტონებული დატოვა, ხოლო ადმინისტრირება ღარიბაშვილს დაავალა. 

მოხდა ისე, რომ ღარიბაშვილი სკანდალურად გაუშვეს კლანების ლობირებისა და ნეპოტიზმის ფაქტების ფონზე, თუმცა მან წასვლის წინ მოახდინა საკმაოდ დამაჯერებელი დოკუმენტის პრეზენტაცია გრძელვადიანი ხედვით. კვირიკაშვილი მოვიდა 4-პუნქტიანი პროგრამით და ბიზნესის მხარდაჭერის ნოტაზე - რეალურად წასვლის საბამად იქცა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ქვეყანაში სიღარიბეზე აქცენტირება და მოსახლეობის ინტერესების დაუცველობა, მისი გუნდის წამყვანი მინისტრების კორუფცია. პრემიერმა ბახტაძემ კი ინკლუზიური ზრდის და ყველა მოქალაქის კეთილდღეობის პროგრამა დააანონსა და მცირე მთავრობითა და ,,ქამრების შემოჭერით" შეეცადა მის განხორციელებას, თუმცა  წააწყდა სისტემურ წინააღმდეგობას, მაგრამ ვერ მიიღო მმართველი გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერა, შეიძლება ითქვას, რომ  საკუთარ მოკრძალებულობას შეეწირა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ხომერიკმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას საქმიანობას, როგორც ეკონომიკის ექსპერტი ამბობს, ბიზნესომბუდსმენობიდის იგი კარგად იცნობდა ბიზნესწრეებს, შინაგან საქმეთა მინისტრობიდან - მოქალაქეთა რეალურ პრობლემებს, თუმცა გარემოებათა გამოისობით, კოვიდპანდემიის პრობლემატიკაში ჩაიკარგა.

ამ ეტაპზე კი, როგორც ხომერიკმა აღნიშნა, ეკონომიკური განვითარების პროგრამა აღდგება, მაგრამ ყველა წინა ხედვები, პროგრამები და გეგმები, რაც გათვალისწინებული იყო, ახალმა გამოწვევებმა მინიმუმ დასაკორექტირებელი გახადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )