ევრობონდების გასტუმრების ბოლო ვადა არის 12 აპრილი და ახლა ხელისუფლება ჩიხიდან გამოსავალს ეძებს
გვანცა წულაია
07.04.2021

საქართველოს მთავრობა ახალი გამოწვევის წინაში დგას _ მძიმე ეკონომიკური კრიზისისა და უზამაზარი საერთაშორისო ვალის ფონზე, 4 დღეში წლების წინ აღებული 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების გადახდის დრო იწურება. საინტერესოა, რა რესურსით მოახდენს ღარიბაშვილის მთავრობა სესხის გადაფარვას - ეროვნული ბანკის რეზერვებით თუ ახალი ევრობონდებით?

2021 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობას 500 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიანი ევროობლიგაციების დაფარვის დრო უწევს. ეს ფასიანი ქაღალდები საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე 2011 წელს განათავსა და მათი მეშვეობით 2008 წელს გამოშვებული 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა. 

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია აღნიშნავს, რომ წლების წინ აღებული ევროობლიგაციების გასტუმრება ეროვნული ბანკის რეზერვების საშუალებით მოხდება. 

„ბოლო ვადა არის 12 აპრილი და ვფიქრობ, ვალის დაფარვა საერთაშორისო რეზერვებიდან მოხდება, რადგან სავალუტო ბაზარზე მის შეძენას ვერ მოახერხებენ, რადგან ლარს მკვეთრად გააუფასურებს. ის, რომ ახალი ევრობონდები გამოეშვა და ძველის გასტუმრება მისი მეშვეობით მოეხდინა, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა აწ გადამდგარმა ფინანსთა მინისტრმა. ალბათ, ეს გარემოებაც იყო მისი გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი. ზუსტად ვერ გეტყვით. 

ყველა შემთხვევაში, 12 აპრილს სესხის დაფარვა მოუწევთ და, როგორც უკვე გითხარით, რეზერვებიდან დაიფარება. თუ ევროობლიგაციების გასტუმრება სებ-ის თანხით მოხდება, სავალუტო ბაზარზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ბაზრიდან დოლარს არ ამოიღებენ და ჩვეულებრივ რეზერვებიდან გაიცემა ეს თანხა. ამ მხრივ საგანგაშო არაფერია. ვვარაუდობ, რომ სესხს შემდგომ ისევ აიღებენ და ამით გაგვეზრდება ვალი“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ. 

2021 წლის 26 თებერვლის მთავრობის განკარგულების საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს ევრობონდების გამოშვების პროცესის დაწყებისთვის დაევალა საინვესტიციო ბანკების შერჩევა. სამინისტროს ინფორმაციით, ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, ბანკების შესარჩევად შექმნილმა კომისიამ შეაფასა 10 საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი მათ მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების მიხედვით და შედეგად, შერჩეულ იქნა უმაღლესი ქულის მქონე სამი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC. გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვა, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით შეირჩა „გალტ ენდ თაგარტი" და „თიბისი კაპიტალი".

როგორც ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, ქვეყანის ბიუჯეტს ახლა ევპოობლიგაციების დაფარვის საშუალება არ გააჩნია. 

„მისი გასტუმრება ახლა წარმოუდგენელია. ჯერ ერთი, თუ გადაიხდიან, ბევრი ფულის გაღება მოუწევთ და მეორეც, სიგიჟე იქნება ახლა ამ ევროობლიგაციების დაფარვა, რადგან ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ფული არ არის, ვალებს ვიღებთ, რომ ბიჯეტში თანხა გვქონდეს. ეს ისეთი თანხაა, რომელიც ერთბაშად უნდა გადაიხადო. შესაბამისად, ერთიანად ამის დაფარვის საშუალება ბიუჯეტს არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შარშან, ბიუჯეტში 2.5 მილიარდამდე ნაშთი დარჩა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კარგად ვერ დაგეგმეს და ვერ დახარჯეს. ამის დაფარვა სრული უჭკუობა იქნება და ვერც წარმომიდგენია, ასე თუ მოიქცევიან. 

რაც შეეხება რესტრუქტურიზაციას, რა თქმა უნდა, მოხდება. შეიძლება, უფრო მეტი ფასიანი ქაღალდი გამოუშვან, რომ დარიცხული პროცენტებიც გადაიფაროს, როგორც 2013 წელს.

ეს სავალუტო ბაზარზე არანაირ პრობლემას არ გამოიწვევს. მსგავსი ტიპის ობლიგაციები ბევრ ქვეყანას აქვს გამოშვებული, მაგალითად, ამერიკა ძალიან აქტიურად იყენებს. უბრალოდ, ჩვენ უფრო რისკიანი ქვეყანა ვართ და ჩვენი ობლიგაციები არის ძალიან მაღალ პროცენტში. მაგალითად, სავალუტო ფონდი თუ გვაძლევს 1-1.5 პროცენტში სესხებს, იგივე მსოფლიო ბანკი, თან საშეღავათო პერიოდები გვაქვს, ეს კი კატასტროფული სესხია. ყოველ წელს იხდი მისი მომსახურების საპროცენტო განაკვეთს, რომელიც არის 7-7.5%. 

თავის დროზე დიდი უაზრობა ჩაიდინა ლადო გურგენიძემ, როცა ამხელა ვალი წამოჰკიდა ქვეყანას. ამის გამო არც პასუხი მოვთხოვეთ და ეს ადამიანი დღესაც თავისუფლად დადის, ჩვენ კი 500 მილიონი დოლარი ტვირთად გვაწევს“, - განუცხადა მერაბ ჯანიაშვილმა „რეზონანსს“. 

ევრობონდების გამოშვებისა და მისი მეშვეობით ძველის გადაფარვის საკითხის განხილვა ამ ეტაპზე დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა „თიბისი კაპიტალის" მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე და „გalt ენდ Taggartის" მმართველი დირექტორი ოთარ შარიქაძე აცხადებენ, რომ მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ბევრი დეტალი კონფიდენციალურია, თუმცა მთავრობა უახლოეს 10 დღეში ამ საკითხზე განცხადებას გააკეთებს.

„ამ ეტაპზე განხილვაშია 500 მლნ დოლარის ევრობონდის რეფინანსირება, რაც შეეხება ვადიანობას, ისევ 10-წლიანზეა საუბარი, თუმცა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება უშუალოდ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე, შესაძლოა, უფრო ნაკლები ვადა იყოს. პროცენტიც მნიშვნელოვნად დაბალი იქნება, ვიდრე არსებული ევრობონდია. ფინანსთა სამინისტროს არსებული ტრანზაქციებიდან გამომდინარე, ალბათ, საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ფარგლებში იქნება, თუმცა ეს ბოლო ეტაპზე განისაზღვრება“, - განაცხადა მერი ჩაჩანიძემ „კომერსანტთან“. 

ევროობლიგაციების ისტორია 2008 წლის აპრილში იწყება. ინიციატივა იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს ეკუთვნოდა. მაშინ, ლონდონის ბირჟაზე განთავსებულ ობლიგაციებში მთავრობა ძალიან მაღალ, 7.5%-იან სარგებელს რიცხავდა. ობლიგაციები 5-წლიანი იყო, რომელიც 2013 წლის აპრილში უნდა დაფარულიყო, მაგრამ ემისიას რამდენიმე თვეში ომი და ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა. 2011 წელს პირველი რეფინანსირების შედეგად საპროცენტო განაკვეთი 6.9%-მდე შემცირდა. 10 წლის შემდეგ, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში სახელმწიფოს მორიგ რეფინანსირებაზე უწევს ფიქრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )