„კოვიდ-19 აუცილებლად დამარცხდება და ტურიზმი გაიმარჯვებს, მაგრამ ჩვენთან ეს მოხდება ყველაზე გვიან“
გვანცა წულაია
07.04.2021

საქართველო ტურისტების დიდ ნაკლებობას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობამ რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა თებერვალში გააუქმა, ქვეყანას ვიზიტორი პრაქტიკულად აღარ ჰყავს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ტურიზმის გამოცოცხლების ნიშანწყალი თითქმის გამქრალია და სასიკეთო ცვლილება შესაძლოა, ზაფხულის სეზონისთვისაც ვეღარ მოხდეს, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში მორიგი „ლოქდაუნი“ გამოცხადდება. 

საქართველო, რომელიც პანდემიამდე ტურიზმის სფეროთი არსებობდა და მისი წარმატებული მუშაობით ამაყობდა, დღეს მძიმე ვითარებაშია, რადგან ქვეყანას ვიზიტორები არ ჰყავს და ამ გზით შემოსავლის წყარო გაუქრა. 

2021 წლის მარტში საქართველოში 55 907 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 73.4 პროცენტით ნაკლებია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 40 759 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 14 181, საზღვაო გზით – 770 და სარკინიგზო გზით – 197.

დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახლა მზადება ზაფხულის სეზონისთვის უნდა დაიწყოს, მაგრამ ბოლო პერიოდში აქტიური საუბარი მიდის კორონავირუსის მესამე ტალღაზე და კიდევ ერთ „ლოქდაუნზე“. ასეთ შემთხვევაში, როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე აცხადებს, ზაფხულის სეზონის ბედი გაურკვეველი იქნება. 

„დღესდღეობით ერთადერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო საზღვრების გახსნა და ავიარეისების აღდგენა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა იყოს წინაპირობა იმისა, რომ დიდი ვარდნა შევავსოთ. როდესაც პარალელურ რეჟიმში საუბარია კორონავირუსის მესამე ტალღასა და კიდევ ერთ ჩაკეტვაზე, გაურკვეველი ხდება ზაფხულის სეზონის ბედიც. 

იმ პირობებშიც კი, როდესაც საზღვრები გახსნილია და ავიამიმოსვლა _ აღდგენილი, ძალიან ბევრი მაინც თავს იკავებს საქართველოში ჩამოსვლისგან, რადგან მოქმედებს კომენდანტის საათი და სხვა ბევრი რეგულაცია. თუ „ლოქდაუნი“ ისევ განმეორდება, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ ზაფხულის სრულფასოვან სეზონზე. 

მესმის, რომ ეპიდსიტუაციის კონტროლი მარტივი არ არის, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა სამოქმედო გეგმა, რის მიხედვითაც ეტაპობრივად მოხდებოდა ინდუსტრიის აღდგენა და სტუმრების მიღება. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესიც ერთ-ერთი წინაპირობაა ტურისტულ სეზონზე, რაც დაგვიანებულია, რადგან არც კამპანია იყო ჩატარებული და არც ვაქცინების შესაბამისი რაოდენობა გვაქვს. 

თუ მესამე ტალღას ავცდით, გარკვეულწილად, მარკეტინგული აქტივობების მეშვეობით უნდა გავავრცელოთ, რომ საქართველო მზად არის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის. იმავეს აკეთებს თურქეთი, ოღონდ იქ მართლა მზად არიან. კარგი იქნება სხვა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინება, რომლებიც შეიძლება, ჩვენ გამოგვადგეს, რომ არ ჩაიშალოს სეზონი, როგორც ეს მოხდა ზამთარში“, - განუცხადა მაია სიდამონიძემ „რეზონანსს“. 

საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული სფერო დღეს საკმაოდ მძიმე ვითარებაშია. მდგომარეობის გამოსწორებას სხვადასხვა მიმართულებით დადებითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. იგივე ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, რომელიც ძალიან ნელი ტამპით მიმდინარეობს. ტურისტები გაურბიან იმ ქვეყნებში მოგზაურობას, სადაც შეზღუდვები მოქმედებს. პრობლემაა კომენდანტის საათიც, მესამე „ლოქდაუნის“ შესაძლო გამოცხადება. ასეთ შემთხვევაში ვითარების გამოსწორების იმედი საბოლოოდ გაქრება. 

როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია აღნიშნავს, თუკი „ლოქდაუნი“ ისევ გამოცხადდება, ტურიზმის გამოცოცხლება გამორიცხულია.

„მთელ მსოფლიოში განწყობა უკეთესია, ვიდრე შარშან ამ დროს იყო, ვაქცინის გამოჩენა უკვე არის იმის საფუძველი, რომ ტურიზმი ნელ-ნელა გამოვიდეს მდგომარეობიდან. ზაფხულის სეზონს ჩვენ უნდა შევხვდეთ კარგად შეიარაღებული სახელმწიფო პროგრამით, თუ როგორ მოვიზიდოთ ტურისტები. ერთადერთი, რაც ჩვენთვის ხელის შემშლელია, ესაა ვაქცინაციის დაბალი დონე, ძალიან ცოტაა აცრილი ადამიანი, უცხოელები კი ამას აკვირდებიან. 

ჩვენი ტურიზმი არის სამეზობლო. საქართველოში ტურისტების 70% 4 ქვეყანაზე მოდის. ისინი კვებავენ ქართულ ტურიზმს, დანარჩენი 30% სხვა სახელმწიფოებიდან შემოდიოდა.  

მე მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ ზაფხულის სეზონი იქნება შეადარებით კარგი, განსაკუთრებით _ ზღვის კურორტებისთვის, თუ ისინი მომზადებული შეხვდებიან, მაგრამ, მესამე „ლოქდაუნის“ შემთხვევაში, ტურიზმი წელსაც არ გვექნება. 

ასეთ პირობებში ჩვენ ვერაფრით დავიბრუნებთ იმ 8 მილიონ ვიზიტორს, რომლებიც 2018-19 წლებში გვყავდა. წელს ტურიზმი თუ იმის 30%-ს მიაღწევს, რაც იყო, ესეც ძალიან ბევრი იქნება. კოვიდ-19 აუცილებლად დამარცხდება და ტურიზმი გაიმარჯვებს, მაგრამ ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს მოხდება ყველაზე გვიან“, - განაცხადა ნიკა კვარაცხელიამ „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ტიკ-ტოკ   (08.04.2021)
ტურისტი არა ელარჯი!!!

irakli   (07.04.2021)
გამყრელიძეს და ცერცვაძეს გადაუხადეთ მადლობა თურმე კორონა მხოლოდ ღამით გამოდის მზის შუქის ეშინია და კომენდანტის საათის


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )