სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ამ შეღავათით დაახლოებით 350 ათასი ადამიანი ისარგებლებს და ბიუჯეტს დაახლოებით 126 მილიონი ლარის უკან დაუბრუნება მოუწევს
    მაკა ხარაზიშვილი
    (13.11.2012)

    ერთი წლის შემდეგ დაახლოებით 300-350 ათას დასაქმებულს მაქსიმუმ 360 ლარი, საშემოსავლო გადასახადის სახით, უკან დაუბრუნდება. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება გაჩნდა. ექსპერტები, ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, თუმცა მეორეს მხრივ ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ჯობდა საშემოსავლო გადასახადი, წინა მთავრობის მიერ დაპირებულ 15%-მდე შემცირებულიყო.

    ასე რომ, დაუბეგრავი მინიმუმის რეჟიმში მოექცევიან ის ადამიანები, რომელთა წლიური ხელფასი 6 ათას ლარს არ აჭარბებს. თუმცა მათ საშემოსავლო გადასახადი არა 6 ათასი ლარიდან, არამედ 1800 ლარიდან დაუანგარიშდებათ. ანუ ყველა ვისაც თვეში 500 ლარამდე აქვს ხელფასი, 2014 წლის დასაწყისში 1800 ლარის 20%-ს (360 ლარს) მიიღებს.

    აღსანიშნავია ისიც, რომ საშემოსავლო გადასახადი დაუბრუნდება არა ორგანიზაციას, არამედ თვითონ დასაქმებულს, რომელიც 2013 წლის ბოლოს შემოსავლების სამსახურში დეკლარაციას გააგზავნის.

    "აღნიშნული თანხა უბრუნდება არა ორგანიზაციას, რომელიც თანამშრომლების საშემოსავლოს თავად იხდის, არამედ დასაქმებულს, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ.

    მისი თქმით, ხელისუფლებამ, საშემოსავლო განაკვეთის შემცირების ნაცვლად, უპირატესობა სწორედ ამ პრინციპს მიანიჭა, რადგან ის სოციალურად დაუცველ ფენაზეა ორიენტირებული. "საშემოსავლოს შემცირების შემთხვევაში მაღალი ხელფასის მქონე ადამიანები მეტ შეღავათს მიიღებდნენ, ვიდრე დაბალანაზღაურებადი დასაქმებულნი", - ამბობს ებრალიძე.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები სოფლის მეურნეობასა და განათლების სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წელს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი 350 ლარია, განათლების სექტორში დასაქმებულებისა კი - 340 ლარი. ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ - 1369 ლარი.

    ექსპერტ სოსო არჩვაძის თქმით, სტატისტიკის სამსახურმა სასწრაფოდ უნდა ჩაატაროს კვლევა ხელფასის განაწილებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით მხოლოდ 2006 წლის ინფორმაცია არსებობს, შესაბამისად, ძნელია კონკრეტული გათვლების გაკეთება თუ რამდენი დასაქმებული მოექცევა დაუბეგრავი მინიმუმის რეჟიმში და რა რაოდენობის თანხის დაბრუნება მოუწევს ბიუჯეტს.

    გარდა ამისა, სოსო არჩვაძე თვლის, რომ დაუბეგრავი მინიმუმის ცნება ყველა დასაქმებულისთვის უნდა არსებობდეს. ამ შემთხვევაში ბიუჯეტს 280 მილიონი ლარის საშემოსავლო გადასახადის დაბრუნება მოუწევდა. თუმცა, როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტეს, ეს გადაწყვეტილება დაბალშემოსავლიანების დასახმარებლად მიიღეს.

    "ველოდები უფრო დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რატომ უნდა დაუბრუნდეთ საშემოსავლო გადასახადის ნაწილი მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც 500 ლარი აქვთ, სხვებმა რა დააშავეს? გარდა ამისა, ხელფასის განაწილებასთან დაკავშირებით, სპეციალური გამოკვლევაა სასწრაფოდ ჩასატარებელია. ევროკავშირის დაფინანსებით ასეთი კვლევა 2006 წელს ჩატარდა. დანარჩენი წლების ინფორმაცია არ არსებობს", - ამბობს სოსო არჩვაძე.

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საშუალო ხელფასი 750 ლარია. სოსო არჩვაძის ინფორმაციით, 652 ათასი დაქირავებით დასაქმებულიდან საშუალოზე დაბალი ხელფასი, დაახლოებით, 400-450 ათას ადამიანს აქვს, აქედან მაქსიმუმ 500 ლარს, სავარაუდოდ, 300-350 ათასი ადამიანი იღებს. შესაბამისად, მთავრობის მიერ მინიჭებული შეღავათით ამ რაოდენობის ადამიანი ისარგებლებს. ბიუჯეტს კი ეს შეღავათი მაქსიმუმ 126 მილიონი დაუჯდება.

    ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს შეღავათი უარყოფით გავლენას არ მოახდენს 2013 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან წლის განმავლობაში 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით ყველა დაქირავებული დაიბეგრება, ხოლო მინიჭებული შეღავათის ანაზღაურება 2014 წლის ბიუჯეტს მოუწევს. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ბიუჯტმა საშემოსავლო გადასახადიდან 1,8 მილიარდი ლარი უნდა მიიღოს.

    ეკონომისტების განცხადებით, დაუბეგრავი მინიმუმის საკითხი განვითარებულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკაა და ძირითადად უტოლდება საარსებო მინიმუმს. ეს არის თანხა, რომლის გამოქვითვაც ხდება ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავლიდან.

    ექსპერტი ანზორ საკანდელიძე დაუბეგრავი მინიმუმის ცნების შემოღებას დადებითად აფასებს, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იყო საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 15%-მდე შემცირებულიყო.

    "რა თქმა უნდა, კარგი გადაწყვეტილებაა, დაბალშემოსავლიანი ადამიანები გარკვეულ შეღავათს მიიღებენ, მაგრამ უკეთესი იყო, საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირებულიყო. ჩემი აზრით, ასევე უმჯობესია საშემოსავლო გადასახადი ისევ დაიყოს საშემოსავლო და სოციალურ გადასახადებად, ანუ 10% - საშემოსავლო, ხოლო 10% - სოციალური გადასახადი.

    უნდა შეიქმნას საპენსიო ფონდი, სადაც სოციალური გადასახადის მობილიზება მოხდება და ყველა მიიღებს იმ მოცულობის პენსიას რამდენიც ეკუთვნის. გარდა ამისა, აუცილებელია დაუბეგრავი მინიმუმის გარდა სხვა ცვლილებების შევიდეს საგადასახადო კოდექსში. თუ ისევ ეს კოდექსი დარჩა, ეკონომიკა ვერ განვითარდება", - ამბობს ანზორ საკანდელიძე.

    სხვათა შორის, 2009 წელს, წინა მთავრობამ, საგადასახადო კოდექსში მორიგი ცვლილებებისას დასაქმებულებს ახარა, რომ საშემოსავლო გადასახადი 2011 წელს - 18%, ხოლო 2012 წელს 15%-მდე შემცირდებოდა.

    მაშინ, ექსპერტებმა ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს, თუმცა მათ ჰქონდათ შენინიშვნა - საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი უფრო მოკლე ხანში შემცირებულიყო. მთავრობა ექსპერტებს დაპირდა, რომ ამ საკითხს შეისწავლიდა. საკითხის შესწავლის შემდეგ კი გადასახადის შემცირების ვადები უფრო გაიზარდა.

    2011 წელს კანონი ისევ ჩასწორდა, ახალი ვარიანტით 2013 წლამდე საშემოსავლო გადასახადი 20%-იან განაკვეთზე დარჩებოდა. 2013 წლის 1-ლი იანვრიდან 2014 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში შემცირდებოდა, ხოლო 15%-იანი საშემოსავლო გადასახადი 2014 წლის შემდეგ ამოქმედდებოდა, ანუ ზუსტი ვადები არც მაშინ დაკონკრეტდა.

    უფრო მეტიც, ახალი კოდექსის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი გრანტიდან და საჯარო ქირიდან მიღებულ შემოსავლებზე, პირიქით, 12%-დან 20%-მდე გაზარდა. მთავრობამ შეღავათი მხოლოდ მიკრობიზნესისთვის განსაზღვრა და ამ კატეგორიის ბიზნესი საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლა. ორივე მთავრობისთვის საშემოსავლო გადასახადის თუნდაც ერთ პროცენტთან შელევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მიზეზი არის ის, რომ ბიუჯეტის დაახლოებით 15%-ს სწორედ ამ გადასახადიდან მიღებული შემოსავალი ავსებს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    tamari   (19.03.2014)
    სად უნდა შევავსოთ ეს განაცხადები, გვეუბნებიან დაიდებაო, ზოგს უკვე შევსებული აქვს, ვამოწმებ შემოსავლების სამსახურის გვერდს, იქ არაფერი არ იდება. თუ შეიძლება მიპასუხოტ

    ნინო   (04.03.2014)
    არასწორი მიდგომაა!!! არ უნდა ჩაითვალოს წახალისების სახით ჩარიცხული თანხა,მაშინ აღარ გამოდის სახელფასო მინიმუმი!!!!!!!!!!!

    chxikva13   (26.02.2014)
    rodis unda avigot es tanxa,rodis daarigeben


    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter